ნიკა გვარამია: ხვალ გადაწყდება არა მარტო “რუსთავი 2” -ის, არამედ ქვეყნის ბედი

“ხვალ გადაწყდება არა მარტი “რუსთავი 2” -ის ბედი, არამედ ქვეყნის ბედი გრძელვადიან პერსპექტივაში. ხვალ უზენაესი სასამართლო, მისი დიდი პალატა გადაწყვეტს საქართველოში იარსებებს თუ არა სიტყვის თავისუფლება”, – ამის შესახებ „ რუსთავი 2“ -ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
“ხვალ უზენაესი სასამართლო მისი დიდი პალატა გადაწყვეტს, საქართველოში იარსებებს თუ არა სიტყვის თავისუფლება, ექნება თუ არა შანსი დემოკრატიას, გახდება თუ არა საქართველო ცივილიზებული ევროატლანტიკური სივრცის ნაწილი, თუ ის დაუბრუნდება მის საბჭოთა წარსულს. ხვალ უზენაესი სასამართლო გადაწყვეტს, ამ ქვეყანას აქვს თუ არა შანსი, რომ ოდესმე მაინც ეღირსოს დამოუკიდებელ მართლმსაჯულებას, ხვალ უზენაესი სასამართლო გადაწყვეტს საკუთარ ბედსაც”, – აცხადებს ნიკა გვარამია.
დღევანდელ ბრიფინგზე ცნობილი გახდა რომ, ”რუსთავი 2”-ის ორგანიზებით ხვალიდან უზენაესი სასამართლოს შენობასთან საპროტესტო აქციები გაიმართება, ვიდრე უზენაესი სასამართლო საქმეზე გადაწყვეტილებას არ გამოიტანს.
”რუსთავი 2” აგრძელებს მაუწყებლობას. ჩვენ ვაანონსებთ ხვალ საპროტესტო აქციას უზენაეს სასამართლოსთან. 12:30 საათიდან გაიხსნება ეთერი ყველა მსურველისთვის და იქნება უწყვეტი მაუწყებლობა საღამომდე. ასე იქნება ყოველ დღე, ვიდრე უზენაესი სასამართლო გადაწყვეტილებას არ მიიღებს”, -აღნიშნა გვარამიამ.
ცნობისთვის, ოპოზიციური პოლიტიკური პარტიებისგან შემდგარი საკოორდინაციო საბჭო ხვალ, 11:00 საათზე უზენაესი სასამართლოს შენობასთან აქციას გამართავს.
საკოორდინაციო საბჭოს წევრების გადაწყვეტილებით, აქციას პერმანენტული სახე ექნება და გაიმართება მანამ, სანამ უზენაესი სასამართლო არ მიიღებს რუსთავი 2-ის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილებას.
უზენაესმა სასამართლომ სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის საქმის განხილვა 2 მარტს დანიშნა. საქმის განხილვა ზეპირი მოსმენის გარეშე გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები