გიორგი გოგაძე ე.წ. ციანიდის საქმეზე: ირაკლი შოთაძეს ბრიფინგზე პატრიარქი არ უხსენებია

მთავარი პროკურორის მოადგილის განცხადებით, ე.წ. ციანიდის საქმეზე საპატრიარქოს მიეწოდა ზოგადი ინფორმაცია გამოძიების შესახებ. როგორც გიორგი გოგაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ირაკლი შოთაძეს ბრიფინგზე ტექსტში პატრიარქი არ უხსენებია. გოგაძის განმარტებით, “ძალიან ბევრი მიმართულებით არასწორი ინტერპრეტაცია ხდება“.
“არც ერთი ნაბიჯი, რაც კანონის ფარგლებში არ ჯდება, პროკურატურის მხრიდან არ გადადგმულა, არც ამ გამოძიებაში და არც ერთ სხვა გამოძიებაში, რასაც პროკურატურა ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ახორციელებს. საპატრიარქოს მიეწოდა ზოგადი ინფორმაცია გამოძიების შესახებ. ხდება არასწორი ინტერპრეტაცია ძალიან ბევრი მიმართულებით, თუნდაც იმ მიმართულებით, რომ არ კითხულობენ და არ ისმენენ პრესრელიზებს, რომელიც პროკურატურის მიერ კეთდება. თქვენ ხომ უყურეთ, რა განაცხადა ირაკლი შოთაძემ?! მოწმე აცხადებდა, რომ იგეგმებოდა მაღალი იერარქიის სასულიერო პირის მკვლელობა. ჩატარდა ოპერატიული საგამოძიებო მოქმედებები. დღევანდელი მტკიცებულებებით, რაც საქმეშია, დგინდება, რომ იგეგმებოდა ერთ-ერთი პირის მკვლელობა. ეს თქვა მთავარმა პროკურორმა. შემდეგ დაისვა კითხვა, არის აქ საუბარი საქართველოს კათოლოკოს- პატრიარქზე? გახსოვთ პასუხი?! არ გახსოვთ?! – მთავარ პროკურორს პატრიარქზე არ უსაუბრია!“, – განუცხადა ჟურნალისტებს გიორგი გოგაძემ.
კითხვაზე, რა ინფორმაცია მიაწოდა მთავარმა პროკურატურამ უმაღლესი იერარქიის საერო პირებს: პრემიერს, ვიცე-პრემიერს, მინისტრებსა და სხვებს, რომელთაც საკუთარ განცხადებებში პირდაპირ პატრიარქზე მიანიშნეს, გოგაძემ განაცხადა, რომ მათაც ზუსტად ის ინფორმაცია მიაწოდეს, რაც მიეწოდა მედიას.
“იყო ძალიან ბევრი განცხადება. პოლიტიკოსებისა თუ სხვა პირების მიერ გაკეთებულ განცხადებაზე მე კომენტარს ვერ გავაკეთებ“, – აღნიშნა გოგაძემ.
ამასთან, მისივე ინფორმაციით, საქმესთან დაკავშირებული მასალები საზოგადოებისთვის მაშინ გასაჯაროვდება, როცა ამას გამოძიება ჩათვლის საჭიროდ და როდესაც ყველა ის რისკი აღმოიფხვრება, რაც გამოძიების დროს შეიძლება არსებობდეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები