ადვოკატი დიმიტრი გაბუნია დაკავებული ზურაბ თაბუკაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლას მოითხოვს

ადვოკატები დიმიტრი გაბუნია, გიორგი ტურაზაშვილი და ხათუნა გრიგალაშვილი აცხადებენ, რომ ზურაბ თაბუკაშვილი, რომელიც „თაბუკაშვილი 88“-ის საქმეზე 2016 წელს დააკავეს, არაკანონიერი პატიმარია.

მათი თქმით, ზურაბ თაბუკაშვილს, რომელიც წინასწარ პატიმრობაში იმყოფება, აღკვეთის ღონისძიება უნდა შეეცვალოს.

ადვოკატების ინფორმაციით, საქმე ეხება მენაშენეთა მიერ ჩამოყალიბებულ ამხანაგობას „თაბუკაშვილი 88“, რომლის მიზანიც იყო ადგილზე ბარაკების ნაცვლად, კორპუსთა მშენებლობა. მისივე თქმით, ამხანაგობას 2000 წლამდე ჰყავდა თავმჯდომარეები, რომელთა მიერაც მითვისებულ იქნა მენაშენეთა შეტანილი თანხები და არ დაწყებულა მშენებლობა.

ადვოკატები აცხადებენ, რომ მხოლოდ მას შემდეგ, რაც ამხანაგობის თავმჯდომარედ აირჩიეს ზურაბ თაბუკაშვილი, მის მიერ ინვესტორის მოძიებისა და მშენებლობის ტერიტორიის  შესყიდვის შემდგომ, დაიწყო რეალური მშენებლობა.

„ჯერ კიდევ 1988 წელს მენაშენეთა მიერ ჩამოყალიბებული ამხანაგობა „თაბუკაშვილი 88“-ის მიზანი იყო ბარაკების ნაცვლად, კორპუსთა მშენებლობა და საცხოვრებელი ფართების მიღება. ამხანაგობას 2000 წლამდე ჰყავდა თავმჯდომარეები, რომელთა მიერაც მითვისებული იქნა მენაშენეთა შეტანილი თანხები, არ დაწყებულა მშენებლობაც. მხოლოდ 2000 წელს როდესაც ამხანაგობის თავმჯდომარედ აირჩიეს ზურაბ თაბუკაშვილი, მის მიერ ინვესტორის მოძიებისა და მშენებლობის ტერიტორიის (მიწა) შესყიდვის (პრივატიზების) შემდგომ დაიწყო რეალური მშენებლობა, რა პროცესშიც ხდებოდა მენაშენეთა მიერ თავისი ქონებრივი უფლებების გაცვლა/გაყიდვა“,-აცხადებენ ადვოკატები.

დიმიტრი გაბუნიას, გიორგი ტურაზაშვილის და ხათუნა გრიგალაშვილის განცხადებით, „მენაშენეებს გაემიჯნა უსაფუძვლოდ გამდიდრების განზრახვით  არაკეთილსინდისიერად განწყობილი ჯგუფი, რომელმაც მოახერხა და რამდენჯერმე შეუშალა ხელი მშენებლობისა და ამხანაგობის მუშაობის პროცესს. მისივე თქმით, რამდენიმე ადამიანმა შექმნა პრობლემები თავად მენაშეენბს შორის და ამხანაგობასთანაც გააჩინა უნდობლობა, რამაც გამოიწვია სამოქალაქო დავების წარმოშობა“.

„შესაბამისად, ხელი შეეშალა საცხოვრებელი ფართების დროულად მიღებას და გაიხარჯა დამატებითი თანხებიც. აღნიშნული ჯგუფი შექმნა რამდენიმე ადამიანმა, რომელმაც შეცდომაში შეიყვანა არა მხოლოდ ის მენაშენეები, რომელთაც იურიდიულად არ ეუთვნოდათ საცხოვრებელი ფართები, არამედ ისინიც, რომლებსაც აქამდე უნდა მიეღოთ კუთვნილი საცხოვრებელი ბინები. 3 –მა – 4-მა ადამიანმა ხელვნურად შედგენილი განცხადებებისა და საჩივრების შეტანით, მერიისა და სხვა ზედამხედველობის სამსახურებში მოახერხა და ჩააგდო მშენებლობის პროცესი, შექმნა პრობლემები თავად მენაშენეებს შორის და ამხანაგობასთანაც  გააჩინა უნდობლობა, რამაც გამოიწვია სამოქალაქო დავების წარმოშობა. მიუხედავად მათი ამხანაგობის სასარგებლოდ დასრულებისა, ჯგუფის „სათავეში“ მყოფ პირებს შეცდომაში შეჰყავდათ მენაშენეები, აგულიანებდნენ პირებს, რომლებიც არ იყვნენ ამხანაგობის წევრები, იმ შეპირებით, რომ თუ ისინი აგრესიულ და ხისტ მოქმედებებს მიმართავდნენ ამხანაგობის წინააღმდეგ, მოაწყობდნენ აქციებს და რადგან სასამართლოში წაგებული დავების შემდგომი გზა კერძო სამართლებრივი ხასიათის ურთიერთობებში აღარ არსებობს, მიემართათ არაკეთილსინდისიერი და არაკანონიერი გზებისათვის – გავლენა მოეხდინათ პროკურატურზე, რათა დაწყებულიყო გამოძიება და დაეპატიმრებინათ ზ. თაბუკაშვილი“,- განაცხადეს ადვოკატებმა.

ავდოკატების თქმით, „აღნიშნულმა პირებმა მთავრობის დონეზეც მიაღწიეს აგრესიული და კერძო ურთიერთობების გზით გავლენას, რის შედეგადაც, 2016 წლის 10 აგვისტოს თბილისში, საბურთალოს ქუჩაზე პროკურატურის დავალებით, დააკავეს ზ. თაბუკაშვილი, რომელიც არის მძიმე ავადმყოფი“.

მათივე ცნობით,  „თაბუკაშვილს წარუდგინეს ბრალდება მითვისების კვალიფიკაციით (სსკ-ის 182), სადაც არ არის გაწერილი შესაძლო ქმედება ანუ რა მოიმოქმედა ზ. თაბუკაშვილმა, რაც პროკურატურის მიერ მითვისების ბრალდებად შეფასდა“.

„ზ. თაბუკაშვილი იმავე დღეს დააპატიმრა თბილისის საქალაქო სასამართლომ, სადაც დაშვებული იქნა ფუნდამენტური შეცდომა, რადგან არ იყო არც ერთი იურიდიული (საპროცესო) მიზეზი არც მისი დაკავების და არც დაპატიმრების. პატიმრობა უკანონოა და უსამართლო. ზ. თაბუკაშვილის პატიმრობას მხარს უჭერს არაკეთილსინდისიერი განზრახვით განწყობილი ის ჯგუფი, რომელსაც იურიდიულად არ აქვს საფუძველი, ჰქონდეს უფლება საცხოვრებელ ფართზე და მათი ზეწოლის ქვეშ იმყოფება თბილისის პროკურატურა“,- განაცხადა ადვოკატმა დიმიტრი გაბუნიამ.

ადვოკატების თქმით, ზ. თაბუკაშვილის მიმართ წარდგენილი დადგენილება ბრალდების შესახებ არ იკითხება იურიდიულად, მასში არ არის ფაქტები და გაწერილი ქმედება.  არ არის კანონის შესაბამისად შედგენილი და არის შემდგენის პირად აზრზე დაფუძნებული“.

„ზ. თაბუკაშვილის მიმართ შექმნილ სისხლის სამართლის დოკუმენტებში მოიპოვება გამოძიების მიერ დაზარალებულად ცნობილი ათობით პირიც, რომელსაც სამოქალაქო წესით, სასამართლომ უთხრა უარი საცხოვრებელ ფართზე და წევრობაზე. მეტიც, ეს სუბიექტები არ არიან ზ. თაბუკაშვილის ბრალდების ობიექტად მასში გაწერილი და წარმოადგენენ თბილისის პროკურატურის არაიურიდიულ, არაკომპეტენტურ ფანტაზიას, რათა ფსიქოლოგიური თვითკმაყოფილება მაინც მიაღებინონ ამით ზ. თაბუკაშვილზე განაწყენებულ პირებს“,- აცხადებენ ადვოკატები.

ადვოკატების ინფორმაციით, „ზურაბ თაბუკაშვილი, ჩატარებული სამედიცინო გამოკვლევისა და ექსპერტიზის დასკვნით, წარმოადგენს  გულით მძიმე ავადმყოფს, განუკურნებელი ალბათობით და სამედიცინო 4 პროფილის აუცილებლობით, რაც არ გააჩნია მისი პატიმრობის სამედიცინო დაწესებულებას.

„ზ. თაბუკაშვილის პატიმრობის უკანონობა და არასამართლიანობა ევროპული კონვენციის 5 მუხლის (თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება) დარღვევით მიმართულია სტრასბურგის სასამართლოსადმი. დაუშვებელია სისხლის სამართლწარმოების ანუ ბრალდების წაყენება კერძო ხასიათის ურთიერთობებისას, მითვისებით სპეკულაციით“,- აცხადებს ადვოკატი დიმიტრი გაბუნია.

ადვოკატების ინფორმაციით, საქმეზე სასამართლო განხილვა საქალაქო სასამართლოში პირველს მარტს გაიმართება.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები