სოზარ სუბარი ე.წ. ციანიდის საქმეზე – როგორც ჩანს არის ისეთი რამეები, რის გამჟღავნებამაც შეიძლება ხელი შეუშალოს გამოძიებას

“როგორც ჩანს, არის ისეთი რამეები, რის გამჟღავნებამ ამ წუთში შეიძლება, ხელი შეუშალოს გამოძიებას”, – ამის შესახებ ე.წ. ციანიდის საქმეზე საუბრისას, დევნილთა მინისტრმა, სოზარ სუბარმა განაცხადა.
როგორც სუბარმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, საზოგადოებისთვის საქმის დეტალები გამოძიების დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი.
„როდესაც არსებობს გამოძიება, კითხვები ყოველთვის არსებობს, სანამ საბოლოოდ, სასამართლო განაჩენი არ დადგება და მე დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან მალე ყველაფერი იქნება ნათელი. არის ისეთ საქმეები, სადაც ყველა დეტალი ვერ გამჟღავნდება, ამისთვის არსებობს საპროცესო წესები, რომელიც გაუთქმელობას ან ზოგჯერ საერთოდ საიდუმლოდ ცნობას გულისხმობს. ამ შემთხვევაში, ეს გაუთქმელობის ხელწერილი იმიტომ დაადებინეს ადვოკატებს და იმიტომ არ ასაჯაროებს პროკურატურა ყველა დეტალს, რომ იქ, როგორც ჩანს, არის ისეთი რამეები, რის გამჟღავნებამ ამ წუთში შეიძლება ხელი შეუშალოს გამოძიებას, მაგრამ როდესაც დამთავრდება გამოძიება, ბუნებრივია, საზოგადოებისთვის ყველაფერი იქნება ცნობილი,“ – აცხადებს სოზარ სუბარი.
რაც შეეხება 23 თებერვალს საპატრიარქოში ჩატარებულ ჩხრეკასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას, სოზარ სუბარი ამბობს, რომ აღნიშნულ ფაქტზე ინფორმაციას არ ფლობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები