ვინ არიან სასულიერო პირები, რომელთა საქმიანობითაც პროკურატურა დაინტერესდა?!

ე.წ. ციანიდის საქმეზე ბრალდებული დეკანოზი გიორგი მამალაძე ერთადერთი სასულიერო პირი არ არის, ვისი საქმიანობითაც პროკურატურა დაინტერესდა.
მანამდე, საგამოძიებო ორგანოებისა და მართლმსაჯულების წინაშე, სხვადასხვა ბრალდებით, არაერთი მოძღვარი წარდგა, თუმცა არიან ისეთებიც, რომელთა მიმართ, არსებული საჩივრებისა და მტკიცებულებების მიუხედავად, გამოძიებას კითხვები არ გასჩენია.
„პრაიმტაიმმი“ მკითხველს სხვადასხვა დროს სასულიერო პირების მიერ ჩადენილ დანაშაულთა შესახებ ფაქტებს ახსენებს:
ნარკოდანაშაული
გასული წლის 26 ოქტომბერს, აღმაშენებლის ხეივანზე სამართალდამცავებმა სპეცოპერაცია ჩაატარეს, რა დროსაც სასულიერო პირი დააკავეს. ის მარტყოფის მთავარანგელოზის ტაძრის მოძღვარი, მამა გიორგი მეგრელიშვილი აღმოჩნდა. სასამართლო სხდომის ოქმით ირკვევა, რომ მას დაკავებისას განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერება „ბუპრემორფინი“ აღმოაჩნდა, მისი თანმხლები პირისგან კი, „ბუპრემორფინთან“ ერთად, „ჰეროინიც“ ამოიღეს. მეორე დაკავებული 36 წლის ოთარ სანოძეა, რომელიც წარსულშიცაა ნასამართლევი. იგი არაერთხელ გაეხვია ქუჩის სკანდალში… მათ შორის ერთ-ერთი ბოლო შემთხვევა 2013 წლის 6 მაისს მოხდა. ინციდენტი უცხოელმა ტურისტებმა სამოყვარულო კამერით გადაიღეს და მალე ამ ვიდეომ ინტერნეტში დიდი პოპულარობაც მოიპოვა. შემთხვევა ზესტაფონში, გიორგობის დღესასწაულზეა გადაღებული, როდესაც ნასვამ მდგომარეობაში მყოფი სასულიერო პირი, თანმხლებთან ერთად, პატრულს ეჩხუბა. ვიდეოში ჩანს მამა გიორგი მეგრელიშვილი, რომელიც იმ დროს ზესტაფონის საყავრიის უბნის წმ. ნიკოლოზის ტაძრის მღვდელმსახური გახლდათ.
მაშინ პატრულმა ჩხუბის მონაწილეები დააკავა, თუმცა მამა გიორგი მეგრელიშვილის წინააღმდეგ საქმე არ აღძრულა. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა-შენახვა-გადაზიდვის ფაქტზე დაკავებულ სასულიერო პირს სასამართლომ წინასწარი აღკვეთის ღონისძიების სახით 4000-ლარიანი გირაო შეუფარდა და დარბაზიდან გაათავისუფლა, განსხვავებით მისი თანმხლებისგან. ოთარ სანოძეს წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს.
ერთ-ერთი ბოლო შემთხვევა, როდესაც სასულიერო პირები ნარკორეალიზაციის ფაქტზე დააკავეს, 2014 წელს მოხდა, თუმცა იმ შემთხვევაშიც მათ არასაპატიმრო სასჯელი აკმარეს.
მაშინ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქის მდივანმა, მიქაელ ბოტკოველმა დაადასტურა, რომ სასულიერო პირებს – ნიკოლოზ კალანდაძესა და ვარსანოფ მაზმიშვილს, „შეუფერებელი საქციელისთვის“ მღვდელმოქმედება შეუჩერდათ.
ასევე, ნარკოტიკები და იარაღი ამოიღეს ანჩისხატის ეკლესიის დეკანოზის, მამა ნოდარ ქათამაძის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას. მას სასამართლომ აღმკვეთ ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა, თუმცა, როგორც დაკავებული დეკანოზის სიმამრი, დავით მაისურაძე ამბობდა,¬ ეს ნივთები მას ეკუთვნის და მის ნაცვლად უდანაშაულო ადამიანი დაისაჯა…
პედოფილია
არასრულწლოვანთან გარყვნილი ქმედების ბრალდებით გაასამართლეს ბერი ექვთიმე (მაჩაბელ-ხუციშვილი). სასამართლომ პედოფილიაში მხილებულ სასულიერო პირს 6-წლიანი პატიმრობა შეუფარდა, თუმცა სასულიერო პირის ადვოკატები ამტკიცებდნენ, რომ ბერი ექვთიმე უდანაშაულოა და ის არასრულწლოვნის მიმართ სპეციალურ ლოცვებს კითხულობდა.
სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის მტკიცებულებები და არასრულწლოვნის მიმართ გარყვნილი ქმედების ბრალდებით, ბერი ექვთიმეს მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი დაადგინა.
საქმე სასამართლომდე არ მისულა, მაგრამ დიდი ვნებათაღელვა მოჰყვა მეუფე სერაფიმეს მიმართ აგორებულ სკანდალს. ბორჯომელ მიტროპოლიტს ადგილობრივი მრევლის ნაწილი დაუპირისპირდა და მას ღიად დასდო ბრალი პედოფილიაში. საქმე იქამდეც მივიდა, რომ მეუფე სერაფიმემ ბორჯომ-ბაკურიანის ეპარქია დატოვა. მალე ის საპატრიარქომ ავსტრია-გერმანიის ეპარქიის მმართველად გაამწესა, თუმცა ამ ეპარქიის მღვდლებმა ღია საპროტესტო წერილი გამოაქვეყნეს და განაცხადეს, რომ არ დაემორჩილებიან ასეთი ბრალდებით სხვა ეპარქიიდან წამოსულ მეუფეს. ამის შემდეგ მეუფე სერაფიმემ საპატრიარქოს შეთავაზებაზე უარი განაცხადა.
ბიზნესმენი VS არქიმანდრიტი
თაროზეა შემოდებული ბიზნესმენ გიორგი კირთავარის საჩივარიც, რომელიც მან ჯერ კიდევ არჩილ კბილაშვილის დროს შეიტანა.
რუსეთში მცხოვრები ბიზნესმენი ყვება, რომ ყველაფერი 2005 წლის იანვარში დაიწყო, როდესაც მან შავნაბადის მონასტრის მორჩილი, კალენიკე კაპანაძე გაიცნო. მოგვიანებით, მან პირადად გაიცნო არქიმანდრიტი შიოც, რომელიც ბიზნესმენის სულიერი მოძღვარი გახდა. სასულიერო პირების რჩევით, გიორგი კირთავარი თბილისსა და მის შემოგარენში ყიდულობს ათასობით კვ.მ. მიწის ნაკვეთს, თუმცა იმდროინდელი კანონმდებლობით, უცხო ქვეყნის მოქალაქეს საკუთარ სახელზე რაიმე სახის ქონების დარეგისტრირება 6 თვეზე მეტი ვადით არ შეეძლო, ამიტომ კირთავარი, იმავე სასულიერო პირების რჩევით, ქონებას მათსა და მათი ნდობით აღჭურვილი პირების სახელზე არეგისტრირებს. ცოტა ხანში ბიზნესმენმა საქართველოს მოქალაქეობა მიიღო, ამასობაში, კანონმდებლობაც შეიცვალა, თუმცა მიწების კირთავარის სახელზე გადაფორმება დღესაც არ მომხდარა. მეტიც, როგორც ბიზნესმენი პროკურატურაში შეტანილ საჩივარში წერს, მის მიერ გაღებული ასი ათასობით ლარი, უბრალოდ, დაიკარგა.
თავად სასულიერო პირები ბიზნესმენის პრეტენზიებს არ იზიარებენ და მას, პირიქით, აღებული ვალდებულებების შეუსრულებლობაში, ასევე, „შავნაბადის“ მშენებლობასთან დაკავშირებით დოკუმენტაციის გაყალბებაში ადანაშაულებენ, თუმცა საჯაროდ ამ თემაზე საუბარი არ სურთ.
სამღვდელოება სანდრო გირგვლიანის საქმეში
ცნობილია, რომ სანდრო გირგვლიანის მკვლელობის გარდა, საგამოძიებო ორგანო, ასევე, იკვლევდა, რამდენად პრივილეგირებულ მდგომარეობაში იმყოფებოდა საპატიმროში ამ საქმისთვის გასამართლებული კუდ-ის 4 მაღალჩინოსანი. სწორედ ამ მიმართულებით დაიკითხა სასჯელაღსრულების N10 დაწესებულების ყოფილი დირექტორი თემურ ტაბაღუა, იგივე მამა ნიკოლოზი, რომელიც ამ დროისთვის უკვე სასულიერო პირი გახლდათ და მღვდელმსახურებას ეწეოდა. დაკითხვიდან რამდენიმე დღის შემდეგ, სასულიერო პირმა პროკურატურა ზეწოლაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ საგამოძიებო ორგანო მას ბაჩო ახალაიას წინააღმდეგ ჩვენების მიცემას აიძულებდა. მის ამ განცხადებას კი მალევე მოჰყვა საპატრიარქოს გადაწყვეტილება, რითაც მამა ნიკოლოზს მღვდელმსახურება შეუჩერდა. მოძღვარი, რომელსაც პროკურატურასთან დაპირისპირების გამო ჯვარი ახსნეს, საპატრიარქომ, „შეუფერებელი საქციელის გამოსასყიდად, რეგიონში, ერთ-ერთ მონასტერში გაუშვა“.
ძნელი სათქმელია, იყო თუ არა ზეწოლა და მართლაც აიძულებდნენ თუ არა მამა ნიკოლოზს ახალაიას წინააღმდეგ ჩვენების მიცემას, თუმცა ფაქტია, რომ საქმეში დევს მისი დაკითხვის ოქმი, რომელსაც პირობითად შესაძლოა, მოძღვრის აღიარებაც კი ვუწოდოთ.
თემურ ტაბაღუა 2012 წლის 23 დეკემბერს აღიკვეცა სასულიერო დიაკვნად მამა ნიკოლოზის სახელით და მსახურობდა სამების საკათედრო ტაძარში. ბერად აღკვეცამდე, 2002 წლიდან მუშაობდა სასჯელაღსრულების დეპარტამენტში სხვადასხვა თანამდებობებზე და ბაჩო ახალაიას ახლო მეგობრად ითვლებოდა. 2006 წლის ივნისში ახალაიამ თემურ ტაბაღუა დანიშნა სასჯელაღსრულების N10 საერთო რეჟიმის დაწესებულების ხელმძღვანელად. ეს ის დაწესებულებაა, სადაც სანდრო გირგვლიანის საქმეზე გასამართლებული პირები იხდიდნენ სასჯელს.
„მათ ნებისმიერ დროს შეეძლოთ ციხის ადმინისტრაციულ შენობაში და მათ შორის, ჩემს კაბინეტში შემოსვლა. არ მოწმდებოდნენ მნახველები და იყო შემთხვევები, როდესაც ისინი გვიან ღამემდე რჩებოდნენ, იმართებოდა სუფრები და ქეიფები. მეც მომიწია რამდენიმე ასეთ სუფრაზე ყოფნა, რა დროსაც ალკოჰოლური სასმელებიც მიუღიათ სუფრის წევრებს… ზემოდასახელებულ პირებთან ხშირად მომსვლელთაგან შემიძლია დავასახელო იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომელი დავით ჩხიტუნიძე, ასევე, გენინსპექციის თანამშრომელი მეგის ქარდავა და სხვები“, – ყვება სასჯელაღსრულების N10 დაწესებულების ყოფილი დირექტორი.
მიუხედავად იმისა, რომ ზემოხსენებული პატიმრები უკანონო პრივილეგიებით სწორედ თემურ ტაბაღუას დირექტორობის დროს სარგებლობდნენ, უკვე მოქმედი სასულიერო პირის მიმართ სამართლებრივი პრეტენზიები გამოძიებას არ გამოუთქვამს. როგორც ზევით აღვნიშნეთ, მამა ნიკოლოზს მხოლოდ საეკლესიო სასჯელი აკმარეს და ის ცოდვების გამოსასყიდად ერთ-ერთ მონასტერში გაგზავნეს.
გირგვლიანის საქმის მასალებში ფიგურირებს კიდევ ერთი სასულიერო პირი, რომელიც ოქროყანაში განვითარებულ მოვლენებზე მხოლოდ 2012 წლის შემდეგ, ხელახალი გამოძიების დროს ალაპარაკდა.
როგორც ცნობილია, ოქროყანაში მომხდარ დანაშაულს პირველ ეტაპზე, სწორედ თბილისის მთავარი სამმართველო იძიებდა და გამომძიებელი ტარიელ ღარიბაშვილი ამ პროცესში აქტიურად იყო ჩართული. მაშინ გამოძიება კუდ-ის ყოფილი მაღალჩინოსნების კვალზეც გავიდა და ის-ის იყო, ფინალური ანგარიში ვანო მერაბიშვილისთვის უნდა გაეცნოთ, საქმე მოულოდნელად პროკურატურამ წაიღო. თბილისის პოლიციის მაშინდელ უფროსს, მერაბ ბაღათურიას თუ დავუჯერებთ, ის პირადად სთხოვდა ნებართვას შინაგან საქმეთა მინისტრს, კუდ-ის მაღალჩინოსნების დაკავების ოპერაციაზე, სავარაუდოდ, მაშინ პასუხისგებაში უნდა მიეცათ დათა ახალაიაც, თუმცა თბილისის პოლიციამ ასეთი ნებართვა ვერ მიიღო. ამის შემდეგ კი სამსახურებრივი დევნა-შევიწროება დაიწყო ბაღათურიას კადრებზე. როგორც ჩანს, ეს გახდა უწყებიდან თავად ბაღათურიასა და მისი მოადგილის, ტარიელ ღარიბაშვილის წასვლის მიზეზიც, რომელიც შს თბილისის მთავარ სამმართველოში 2005-06 წლებში მუშაობდა. მოგვიანებით, ღარიბაშვილი საერო საქმიანობას, საერთოდ, თავს ანებებს და სასულიერო პირი ხდება”, – წერს გაზეთი „პრაიმტაიმი“ დღევანდელ ნომერში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები