არჩილ გამზარდია: ეკლესიამ მკვეთრად დაუჭირა მხარი საქართველოს ევროინტეგრაციასა და ნატოს, ეს კი რუსულ ინტერესებს ურტყამს

 „როდესაც შესაძლო რუსულ ფულზე ლაპარაკობენ, მით უმეტეს „რუსულ ფულზე“ ეკლესიაში, ეს ორგანიზაციულ ფულს კი არ ნიშნავს და რუსული ფული არა იმდენად შეიძლება ეკლესიაში შედიოდეს, არამედ შესაძლოა, ეკლესიის კონკრეტული წევრის, როგორც სამოქალაქო პირის, ხელზე გადიოდეს“, – ამის შესახებ ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია „პრაიმტაიმთან“ დღევანდელ ინტერვიუში აცხადებს.
ანალიტიკოსი ინტერვიუში საქართველოს პატრიარქის პოლიტიკაში დამსახურებას იხსენებს და აცხადებს, რომ მხოლოდ ილია მეორეს შეეძლო, შეხვედროდა რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს და ეთქვა, რომ „საქართველო არასოდეს შეურიგდება აფხაზეთისა და ცხინვალის დაკარგვას“. გამზარდიას მიაჩნია, რომ სწორედ ილია მეორის პოლიტიკის დამსახურებაა, რომ საქართველოს ეკლესია გაძლიერდა. მისივე თქმით, საქართველოს ეკლესიამ მეტი დამოუკიდებლობა მიიღო, მეტი გავლენა მოიპოვა სხვადასხვა ეკლესიებთან მიმართებაში.
„ჩვენ ვნახეთ, რომ ზოგიერთი სასულიერო პირი იყენებს თავის მოქალაქეობრივ სტატუსს. რას ვგულისხმობ? ფული მთლიანობაში ეკლესიაში შესაძლოა, არ შედიოდეს, როგორც ორგანიზაციაში, რაც, წესით, ასეც უნდა იყოს, მაგრამ ყოველთვის ასე არაა და ფინანსები ზოგჯერ ეკლესიის წევრებზე, როგორც კერძო პირების ხელზე, შეიძლება გადიოდეს. მაგალითად, პირი შეიძლება იყოს მღვდელმთავარი, მაგრამ ის ამავდროულად, არის საქართველოს მოქალაქე, რომელსაც მოქალაქეობრივი სტატუსი აქვს. შესაბამისად, აქვს უფლება, რომ ქონება ჰქონდეს – მოქალაქეს ამის უფლებას ხომ ვერ წაართმევენ, ამიტომაც მასზე შეიძლება გადიოდეს. მით უფრო, რომ ვნახეთ, რომ არაერთი სუბიექტი პირადად არის გარკვეული ბიზნესის მფლობელი ან ბიზნესში წილი აქვს. ამ საკითხებზე ფართო მსჯელობა მიდის. ასე რომ, როდესაც შესაძლო რუსულ ფულზე ლაპარაკობენ, მით უმეტეს „რუსულ ფულზე“ ეკლესიაში, ეს ორგანიზაციულ ფულს კი არ ნიშნავს და რუსული ფული არა იმდენად შეიძლება ეკლესიაში შედიოდეს, არამედ შესაძლოა, ეკლესიის კონკრეტული წევრის, როგორც სამოქალაქო პირის, ხელზე გადიოდეს…
რაც შეეხება პატრიარქის მრავალწლიან პოლიტიკას, ის ძლიერი დიპლომატია. მას შეეძლო, პუტინისთვის ეთქვა, რომ ის ბრძენია, მაგრამ იქვე საკმაოდ ხისტად შეეხსენებინა, რომ საქართველო არასოდეს შეურიგდება აფხაზეთისა და ცხინვალის დაკარგვას. თუმცა, შიდაპოლიტიკური ძალები ამას როგორც უნდოდათ, ისე იყენებდნენ. მაგალითად, ზოგიერთი ჩაეჭიდებოდა მხოლოდ პუტინისადმი კომპლიმენტს და იმის უკან არ იხედებოდა. სწორედ ილია მეორის პოლიტიკის დამსახურებაა, რომ საქართველოს ეკლესია გაძლიერდა, მეტი დამოუკიდებლობა მიიღო, მეტი გავლენა მოიპოვა სხვადასხვა ეკლესიებთან მიმართებაში… ახლა კი ეკლესიამ მკვეთრად დაუჭირა მხარი საქართველოს ევროინტეგრაციასა და ნატოს. და აქ ნატო განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ის სამხედრო ორგანიზაციაა. ეს კი რუსულ ინტერესებს ურტყამს. ნატოსთან მიმართებაში,ევროკავშირისგან განსხვავებით, სხვათა შორის, რუსეთი ყოველთვის მუქარას გამოხატავდა. პატრიარქის ლავირებისა თუ ბალანსის პოლიტიკა საქართველოს ეკლესიის გაძლიერებას ემსახურებოდა, ემსახურებოდა სახელმწიფოს გაძლიერებას, უსაფრთხოების გაზრდას. ჩვენ კიდევ არ ვიცით, პატრიარქს ევროინტეგრაციისა თუ ნატოს მიმართულებით რამდენად ძლიერი დინამიკის შექმნა შეუძლია. შესაძლოა, უფრო მეტი ბიძგის მიმცემია, ვიდრე რამდენიმე ხელისუფლებამ მოახერხა დღემდე“, — აცხადებს არჩილ გამზარდია „პრაიმტაიმთან“ დღევანდელ ინტერვიუში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები