მეუფე დიმიტრი: კამათი გვქონია, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ მე და შორენა ერთმანეთს მტრებად მოვიაზრებთ

 ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი დიმიტრი შიოლაშვილი ჭორს უწოდებს გავრცელებულ ინფორმაციასა, რომ თითქოს ის და პატრიარქის მდივან-რეფერენტი შორენა თეთრუაშვილი დიდი ხანია დაპირისპირებულები არიან.
როგორც მეუფე დიმიტრი გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში აცხადებს, მას და შორენა თეთრუაშვილს გარკვეულ საკითხებზე, შესაძლოა ჰქონიათ კამათი, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ისინი დაპირისპირებულები არიან.
„ეს მხოლოდ ჭორებია. ადამიანები ხანდახან გარკვეულ საკითხებზე კამათობენ, მე და შორენასაც გვქონდა მსგავსი კამათი, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ დაპირისპირებულები ვართ ან ერთმანეთს მტრებად მოვიაზრებთ. მეტიც, შორენასთან ნათესაური კავშირიც მაქვს – ის ჩემი შვილიშვილის ნათლიაა. შორენა თეთრუაშვილი 35 წელია პატრიარქის პირადი მდივან-რეფერენტია. კარგად ასრულებს დაკისრებულ მოვალეობას თუ ავად, ეს მხოლოდ პატრიარქის გადასაწყვეტია. ასე რომ, არც მეუფე პეტრეს, არც მე და არც ვინმე სხვას აქვს უფლება პატრიარქს უთხრას, შორენა თეთრუაშვილი მრჩევლად თუ მდივნად ნუ გეყოლებაო“, – განაცხადა მეუფე დიმიტრიმ.
როგორ მეუფე დიმიტრი აღნიშნავს, როდესაც მეუფე პეტრემ პირველად მსგავსი შინაარსის განცხადება გაავრცელა, გერმანიაში ყოფნისას მან მეუფე პეტრეს მისწერა რომ მისი გამოსვლები ეკლესიის კეთილდღეობას არ ემსახურება.
„სხვათა შორის, როდესაც მეუფე პეტრემ პირველად მსგავსი შინაარსის განცხადება გაავრცელა, გერმანიაში ყოფნისას მივწერე, რომ მისი გამოსვლები ეკლესიის კეთილდღეობას არ ემსახურება. მიპასუხა – ვწუხვარ, რომ ასე ფიქრობო,სამწუხაროა, რომ მეუფე პეტრე მსგავს განცხადებებს აკეთებს. მასთან ცუდი ურთიერთობა არასოდეს მქონდა, პირიქით, დღემდე კარგ ურთიერთობას ვინარჩუნებ, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ თუ ჩემი გადმოსახედიდან შეფასებებში არ ვეთანხმები, ამაზე ღიად თქმას მოვერიდები. ასეთები ვართ ადამიანები -დემოკრატიაა და ყველას აქვს უფლება, საკუთარი აზრი ღიად გამოხატოს“, -აცხადებს მეუფე დიმიტრი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები