მოკლული და მოწამლული პატრიარქების ისტორიები – რა საიდუმლო ცნობებია განადგურებული და რა იყო დანაშაულის მოტივი

მოკლული და მოწამლული პატრიარქების ისტორიები – რა საიდუმლო ცნობებია განადგურებული და რა იყო დანაშაულის მოტივი, – ამ სათაურით სტატიას გაზეთი “პრაიმტაიმი” აქვეყნებს.
როგორც გამოცემა წერს, გამანადგურებელი შემოსევების გამო, საქართველომ ვერ მოახერხა საკუთარი ისტორიული წყაროების დაცვა, ისტორიკოსები მხოლოდ რამდენიმე შემთხვევას აფიქსირებენ და ისინი ძირითადად, მხოლოდ ვარაუდებსა და ვერსიებს გამოთქვამენ:

„ციანიდის საქმის“ შემდეგ, ბევრმა გაიხედა წარსულისკენ იმ იმედით, რომ ზოგად წარმოდგენას მაინც შეიქმნიდა იმის თაობაზე, როგორი იყო საქართველოს პატრიარქების ბედი, როგორ ასრულებდნენ ისინი სიცოცხლეს, რა ფუნქციები ჰქონდათ და რა პოლიტიკას ატარებდნენ.
ისტორიკოსები ახლა გვიხსნიან, რომ მუდმივი და რიგ შემთხვევაში, გამანადგურებელი შემოსევების გამო, საქართველომ ვერ მოახერხა საკუთარი ისტორიული წყაროების დაცვა, ამიტომაც ცნობები პრაქტიკულად არ არსებობს. ზოგიერთ შემთხვევაში, ისიც უცნობია, კონკრეტულ დროს ვინ იყო ეკლესიის საჭეთმპყრობელი ან ვინ როგორ გარდაიცვალა. ასე რომ, რაიმეს თქმა საკმაოდ რთულდება. გაცილებით მეტი ცნობებია მას შემდეგ, რაც საქართველომ თავისი ისტორიული ბედი რუსეთს დაუკავშირა.

ისტორიკოსები მხოლოდ რამდენიმე შემთხვევას აფიქსირებენ, თუმცა რიგ შემთხვევებში, გადაჭრით საუბარი უჭირთ, ძირითადად, მხოლოდ ვარაუდებსა და ვერსიებს გამოთქვამენ.
ისტორიკოსი სერგო ვარდოსანიძე რამდენიმე ფაქტის შესახებ ცნობებს სოციალურ ქსელებში აქვეყნებს, თუმცა, კომენტარებისგან თავს იკავებს და მიზეზად „ციანიდის საქმეს“ ასახელებს. როგორც ჩანს, გამოძიების დასრულებამდე არ სურს უხერხული პარალელების გავლება.

ფაქტები კი ასეთია:

1744 წელს მეტეხის მიდამოებში მოსყიდულმა ტარიელ თაზიშვილმა მიპარვით, ხანჯლით მოკლა უწმინდესი და უნეტარესი კათოლიკოსი ნიკოლოზი (ხერხეულიძე);

1918 წლის 27 ივნისს მარტყოფის მონასტერში მოკლეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი კირიონ მეორე;

1918 წლის 17 სექტემბერს მოწამლეს და 18-ში გარდაიცვალა ქუთათელი მიტროპოლიტი ანტონი (გიორგაძე);

1919 წლის 6 ივნისს არმაზის მონასტერში მოკლეს არქიმანდრიტი მირიანი (ბექაური);

1919 წელს საკუთარი სახლის წინ სიცოცხლეს გამოასალმეს მღვდელი ტიმოთე ბაკურაძე…

ისტორიკოს სოსო ვახტანგაშვილის განმარტებით, საეკლესიო ისტორიული ცნობები საკმაოდ მწირია და ის, რაც ცნობილია, დასკვნების გაკეთება იქაც ჭირს, რადგანაც ფაქტები გამოუძიებელია და არც დამკვეთი და არც შემსრულებელი ისტორიას არ შემოუნახავს.

” – მკვლელობის ფაქტები ადრეც დასტურდებოდა. თუნდაც 100 წლის წინათ, პატრიარქი კირიონ საძაგლიშვილი თავის კელიაში იარაღის გასროლით მოკლეს. კირიონი იყო ჩვენი ავტოკეფალიის პირველი პატრიარქი, ის 1917 წელს აირჩიეს და 11 ხმით აჯობა ალექსანდრე ოქროპირიძეს – სულ ორი კანდიდატი გახლდათ. გარკვეული პერიოდის შემდეგ კი, ის იარაღით მოკლული იპოვეს.
მინდა გითხრათ, რომ საქმეები, სადაც პატრიარქებზე თავდასხმებზეა საუბარი, სპეციფიკურია და ხშირად არის გამოუძიებელი, მკვლელზე ვერ გადიან. ასე რომ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ მკვლელობის ფაქტები იყო, მაგრამ დამკვეთისა და შემსრულებლის ვინაობა უცნობია, ისტორიას ჩვენთვის მათი ვინაობის შესხებ რაიმე სახის ცნობები არ შემოუნახავს.

ასევე, იცით, რომ ანტონ მეორეს პატრიარქობა ჩამოართვეს, ჯერ ვითომ წმინდა სინოდის წევრად წაიყვანეს რუსეთში და შემდგომ, 1827 წელს, იქვე გარდაიცვალა, საპატრიარქო ტახტი მას იძულებით დაათმობინეს. შემდეგ საქართველოში თითქმის ორი საკათალიკოსო არსებობდა. მეორეს, დასავლეთ საქართველოს, იმერთა და აფხაზთა საკათალიკოსოს, ორი კათოლიკოსი მართავდა, რომლებიც, ასევე, გამოასალმეს სიცოცხლეს.

– თქვენ ბოლო პერიოდის ისტორიები გაიხსენეთ, მანამდე ცნობები თითქმის არ არსებობს?

– დაპირისპირებების შესახებ ცნობები გორგასლის პერიოდიდან მოყოლებული არსებობს, თუმცა, მკვლელობის ან მოწამვლის შესახებ ინფორმაციები არ მოიპოვება. ამ მხრივ, ყველაზე თვალსაჩინო კირილეს მკვლელობა იყო, რომელიც დღემდე გაუხსნელია და მის მკვლელზე მოსაზრებები არსებობს.

– ძალიან მწირი ინფორმაციები მოიპოვება, საერთოდ, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქებზე…

– დიახ, თემურ ლენგის შემოსევის დროს განსაკუთრებულად განადგურდა არქივი. მეორე ძალიან დიდი ტალღა ქართული დოკუმენტაციის და წერილობითი წყაროების განადგურებისა უკვე რუსული ეკლესიის მიერ ქართული ეკლესიის დაპატრონების შემდეგ დაფიქსირდა. ძალიან ბევრი დოკუმენტაცია გაიტანეს სმოლენსკში, სადაც ხელნაწერები გაანადგურეს. ძალიან ბევრი ფაქტი, რომელიც ჩვენთვის ღირებული იყო, სამწუხაროდ, ერთმორწმუნე რუსეთმა გაანადგურა. ეს რომ არა, ძალიან ბევრ საიდუმლოს ახდიდა ფარდას ეს დოკუმენტები.

– რაც ცნობილია, იმის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, რა იყო თავდასხმის მოტივი? ან რამდენად იყო ეს დაკავშირებული პოლიტიკურ ორიენტაციასთან?

– რა თქმა უნდა, თუ პროცესებს დავაკვირდებით, როდის ხორციელდებოდა ეს ყველაფერი, სწორედაც რომ ამ მიმართულებით შეიძლება წავიდეს მსჯელობა. რუსეთის იმპერიალიზმს ჩაენაცვლა კომუნისტური მმართველობა, რომლისთვისაც საეკლესიო და სასულიერო ცხოვრების განვითარება საერთოდ მიუღებელი იყო. ამ პერიოდში მოხდა ძალიან ბევრი შეურაცხმყოფელი და ვანდალური აქტი. 1917 წელს კირილეს მკვლელობაც ამ კონტექსტში უნდა განვიხილოთ. ის იყო პატრიარქი, რომელმაც, თავის თანამოაზრეებთან ერთად, მოახერხა და აღადგინა საქართველოს ავტოკეფალია. სხვათა შორის, უფრო ადრე, ვიდრე საქართველო გამოცხადდებოდა დამოუკიდებელ რესპუბლიკად.

– რას იტყვით პატრიარქ ნიკოლოზის მკვლელობაზე…

– ეს 1744 წელს მოხდა და ნაკლებად არის დადასტურებული, ცნობები ვერსიის დონეზე არსებობს მხოლოდ, მეტს ვერაფერს გეტყვით.

საერთოდ, მინდა გითხრათ, რომ ბრძოლა ხელისუფლებისთვის როგორც საერო ხელისუფლებაში, ისე სასულიერო პირებს შორსაც ფიქსირდება. გვახსოვს რუის-ურბნისის კრება, როდესაც გარკვეული წესები შეიცვალა – თუ როგორ უნდა არჩეულიყვნენ კათოლიკოსები. მანამდე თუ მემკვიდრეობით გადადიოდა, შემდეგ კათოლიკოსები უკვე დამსახურების მიხედვით ხდებოდნენ და სწორედ ამ იერარქიულ საფეხურებზე ასვლისთვის მიმდინარეობდა ბრძოლებიც. ასეთ შემთხვევას ვაწყდებით ნიკოლოზის უცნაურ გარდაცვალებასთან დაკავშირებითაც”.

წყარო: გაზეთი “პრაიმტაიმი”

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები