დეკანოზ გიორგი მამალაძეს დღეს დაკითხავენ

მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უფროსის მოადგილის, ჯარჯი წიკლაურის განცხადებით, ე.წ. ციანიდის საქმეზე ბრალდებული დეკანოზი გიორგი მამალაძე დღეს, 27 თებერვალს დაიკითხება. როგორც წიკლაურმა რამდენიმე დღის წინ აღნიშნა, მამალაძე დაკავების დღიდან გამოძიებასთან არ თანამშრომლობს, ის ჩვენებას მიცემაზე უარს ამბობდა.
„დაკავების შემდეგ, მას 5-ჯერ შევთავაზეთ დაკითხვა, თუმცა ყველა ჯერზე უარი თქვა ჩვენების მოცემაზე. გარდა დაკითხვისა, ბრალდებულს არაერთხელ მივმართეთ ექსპერტიზისთვის ნიმუშების ასაღებად. მას 14 თებერვალს შეეთავაზა ნებაყოფლობით მოეცა ხმის, ხელწერისა და ე.წ დნმ-ის ნიმუშები, რაზეც უარი განაცხადა. შემდეგ, უკვე სასამართლოს განჩინების საფუძველზე, არაერთხელ შევთავაზეთ, თუმცა კვლავ უარი მივიღეთ. ბრალდებული ამის მიზეზად ჯანმრთელობის მდგომარეობას ასახელებდა, მაშინ, როცა ექიმმა მოგვცა თანხმობა, რომ მას თავისუფლად შეეძლო საპროცესო მოქმედებებში მონაწილეობის მიღება. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ბრალდებულის და მისი ადვოკატის განცხადება, რომ თითქოსდა ჩვენ ვაჭიანურებთ პროცესს, არის სიცრუე და მიზნად ისახავს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას. არსებული ვითარების გათვალისწინებით, 24 თებერვალს, ბრალდებულს კვლავ შევხვდით ექსპერტიზისათვის ნიმუშების ასაღებად, რაც მისი ვალდებულება იყო, რომ მოეცა ნიმუშები. რაც შეეხება დაკითხვას, გ. მამალაძე დაიკითხება ორშაბათს, საქმეში არსებული მტკიცებულებების გათვალისწინებით, მის მიმართ არსებობს ბევრი შეკითხვა და მოუწევს ამ კითხვებზე პასუხის გაცემა, თუ რა თქმა უნდა, კვლავ უარს არ იტყვის დაკითხვაზე”, – განაცხადა მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უფროსის მოადგილემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები