ექიმი: ამ ეტაპზე პატრიარქის ჯანმრთელობის მხრივ რაიმე საშიშროება არ იკვეთება
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ექიმის შალვა პეტრიაშვილის თქმით, ილია მეორის დილით ჰქონდა მცირედ გამოხატული სისუსტე, თუმცა, ამჟამად მისი მდგომარეობა სტაბილურია.
მისივე ცნობით, ამ ეტაპზე პატრიარქის ჯანმრთელობის მხრივ რაიმე საშიშროება არ იკვეთება და საღამოს, სავარაუდოდ, უწმინდესი მივა სამების ეკლესიაში.
„პატრიარქის მდგომარეობა არის კარგი, სტაბილური. დილით მას ჰქონდა მცირედ გამოხატული სისუსტე. გერმანელი ექიმების რეკომენდაციაც იყო, რომ რამდენიმე კვირის განმავლობაში ის ყოფილიყო მშვიდად, ჰქონოდა ნაკლები ფიზიკური და ემოციური დატვირთვა, მაგრამ მოგეხსენებათ, აქ მიმდინარე მოვლენების გამო ეს არ გამოვიდა. ამიტომ, რასაკვირველია ამ ყველაფერმა იმოქმედა. ამ ეტაპზე საშიშროება არაფერი იკვეთება მისი ჯანმრთელობის მხრივ და საღამოს, სავარაუდოდ, უწმინდესი მიბრძანდება სამებაში”, – განაცხადა პეტრიაშვილმა.
სამების საკათედრო ტაძარში დაახლოებით 7 საათისთვის პატრიარქის მისვლას ელოდებიან.
ილია მეორე ტაძარში შენდობის ლოცვას წაიკითხავს. საკვირაო წირვაზე მოლოდინის მიუხედავად, პატრიარქი დილით არ იმყოფებოდა.
საღმრთო ლიტურგიას სამებაში მღვდელმთავრები უძღვებოდნენ.