თამარ ჩუგოშვილმა ამერიკელი კონგრესმენების მეუღლეებს უმასპინძლა

 პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თამარ ჩუგოშვილმა საქართველოში ვიზიტით მყოფ ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესმენების მეუღლეებს უმასპინძლა.
კულტურული პროგრამის ფარგლებში, თამარ ჩუგოშვილი და კონგრესმენების მეუღლეები „ვინოტელს” ეწვივნენ, სადაც სტუმრები საქართველოში მეღვინეობის განვითარების ისტორიას გაეცნენ. კონგრესმენების მეუღლეები ისტორიული თაღოვანი აგურის ღვინის მარანში საუკეთესო ქართული ღვინოების ექსკლუზიურ არჩევანს გაეცნენ და ქართული ღვინოები დააგემოვნეს. თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესა და კონგრესის დელეგაციას შორის დღეს გამართულ შეხვედრებზე, კიდევ ერთხელ დაფიქსირდა ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან საქართველოს მნიშვნელოვანი მხარდაჭერა.
„ჩვენ ამ დღეებში ვმასპინძლობთ კონგრესის დელეგაციას საქართველოში. დღეს დილით უკვე გვქონდა შესაძლებლობა, რომ შევხვედროდით კონგრესმენებს. ძალიან საინტერესო შეხვედრა გაიმართა. კონგრესმენებმა, კიდევ ერთხელ დააფიქსირეს მნიშვნელოვანი მხარდაჭერა ამერიკის მხრიდან საქართველოს მიმართ, რაც ჩვენი ქვეყნისთვის, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია”, – აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ. მისივე თქმით, საქართველოს პარლამენტსა და ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესს შორის თანამშრომლობა შეიძლება გადაიზარდოს ძალიან საინტერესო პროექტებში, რომელიც საქართველოს პარლამენტს ინსტიტუციურად გაძლიერებაში დაეხმარება.
„ჩვენთვის, პარლამენტისთვის, კონგრესის მხრიდან ასეთი მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვნია და ჩვენ ვგეგმავთ, რომ ეს კეთილგანწყობა და კარგი თანამშრომლობა გადაიზარდოს კონკრეტულ, ძალიან საინტერესო პროექტებში, რომელიც მიეხმარება საქართველოს პარლამენტს, რომ გაძლიერდეს ინსტიტუციურად, გააძლიეროს თავისი ადამიანური რესურსი და დახვეწოს საკანონმდებლო საქმიანობა. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ საქართველოს პარლამენტი და ამერიკის კონგრესი კონკრეტული მიმართულებებით ძალიან ეფექტურად იმუშავებენ და ითანამშრომლებენ მომავალი ოთხი წლის განმავლობაში. ეს შეხვედრაც ამ დიდი გეგმის ერთი ნაწილია”,- აღნიშნა თამარ ჩუგოშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის განცხადებით, ქართული ღვინის დეგუსტაციის შემდეგ, კონგრესმენების მეუღლეები ვიზიტის პროგრამით გათვალისწინებულ შეხვედრებს გააგრძელებენ.

„ძალიან მოხარული ვარ, რომ საქართველოში ვიმყოფები. ეს ჩემი პირველი ვიზიტია. ჩვენ შევხვდით არაჩვეულებრივ ახალგაზრდებს, მეწარმეებს. გვქონდა ტური ულამაზეს ძველ თბილისში. აღტაცებული ვარ აქ ყოფნით და ვფიქრობ, რომ საქართველო მანათობელი ვარსკვლავია. მადლობა მასპინძლობისთვის”,-აღნიშნა კონგრესმენ ჯერი კონოლის მეუღლემ, ქალბატონმა ქეთრინ სმიტმა. კონგრესმენ დევიდ პრაისის მეუღლის, ქალბატონ ლიზა პრაისის განცხადებით, იგი მოხარულია, რომ საქართველოს კიდევ ერთხელ ესტუმრა. „თბილისს მესამედ ვესტუმრე და ძალიან მიხარია აქ დაბრუნება. ეს ლამაზი ქალაქია. ჩვენ უკვე შევხვდით სტუდენტებს და მეწარმეებს. ვისურვებდი, რომ უფრო დიდხანს შეგვეძლოს აქ დარჩენა”, -განაცხადა ლიზა პრაისმა.
ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის დელეგაცია, კონგრესმენ პიტერ როსკამის ხელმძღვანელობით, საქართველოში გუშინ ჩამოვიდა. დელეგაციის შემადგენლობაში შედიან კონგრესმენები: დევიდ პრაისი (ჩრდილოეთ კაროლინა), ჯერი კონოლი(ვირჯინია) და ადრიან სმიტი (ნებრასკა).

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები