ეკა ბესელია: ”ფარულ მოსმენებთან” დაკავშირებული საკანონმდებლო პაკეტით ოპერატორ კომპანიებს დამატებითი ხარჯები არ ეკისრებათ

”ფარულ მოსმენებთან” დაკავშირებული საკანონმდებლო პაკეტით ოპერატორ კომპანიებს არავითარი დამატებითი ხარჯები და ვალდებულებები არ ეკისრებათ”, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
პარლამენტში საკანონმდებლო პაკეტის პირველი მოსმენით განხილვა გრძელდება. იცვლება კანონპროექტის პირვანდელ ვარიანტში წარმოდგენილი ინიციატივა, რომელიც ოპერატორი კომპანიების ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს მიერ დაჯარიმებას ითვალისწინებდა. ბესელიას თქმით, დაჯარიმების და ასევე, ავტორიზაციის შეჩერების უფლება კომუნიკაციების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას ექნება.
როგორც იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე განმარტავს, კანონპროექტში მკაფიოდ არის გაწერილი, რომ ოპერატიულ-ტექნიკურ სააგენტოს რომელიმე ავტორიზებული პირის შემოწმება მხოლოდ საკუთარი ფუნქციისა და ვალდებულებების შესასრულებლად სჭირდება, რათა მან ფარული საგამოძიებო მოქმედება განახორციელოს. ბესელიას თქმით, სააგენტოს არავითარი სხვა ინტერესი აუდიტის კუთხით არ გააჩნია და მხოლოდ ტექნიკურ შემოწმებაზეა საუბარი.
”შევხვდი ყველა მსხვილი კომპანიის წარმომადგენელს, ჩვენ ასევე მივიღეთ ასოციაციების წერილი, რომელიც მცირე ოპერატორებს აერთიანებს. მათი ძირითადი წუხილი იყო ის, ხომ არ მოხდებოდა მათთვის რაიმე ისეთი ვალდებულებების განსაზღვრა, რომელიც დიდ და გაუმართლებელ ხარჯებს გამოიწვევს. ჩვენ მათ ავუხსენით, რომ ბიზნესისათვის, ინვესტორისთვის და ჩვენთვის ყველასთვის, ყველაზე მნიშვნელოვანი არის ქვეყანაში იყოს უსაფრთხო და მშვიდი ვითარება. ამისათვის ძალიან მნიშვნელოვანია გვქონდეს წესები, რომლითაც ურთიერთობს სახელმწიფო კერძო კომპანიასთან. ეს მათთვისაც მნიშვნელოვანია. ბიზნესგარემო რომ იყოს მშვიდი და მათ არ ჰქონდეთ რაიმე კაბალური და დისკრიმინაციული პირობები, ამაზე ამ პროექტმა იზრუნა – იზრუნა იმით, რომ არავითარი დამატებითი ხარჯები მათ არ ეკისრებათ”, – განაცხადა ბესელიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები