„არ დაგავიწყდეს!“ – რას ამბობს წითელი ფერი დავით ბაძაღუას ნახატებზე?

243590_145331128873363_5482083_oგალის რაიონში დაიბადა და გაიზარდა. ბავშვობიდან უყვარდა ხატვა. მაგრამ ლამაზი და სამოთხისდარი ბავშვობა ომმა შავი ფერებით დაჩრდილა.  მრავალი განსაცდელი და ტკივილი გამოიარა, მაინც ვერ შეელია მშობლიურ მხარეს… მის ყველა ნახატზე წითელი ფერი ანთია და გვაფრთხილებს: „არ დაგავიწყდეს“…
სალონ „2-
ART“-ის ეგიდით მრავალ საინტერესო პროექტს და გამოფენას გეგმავს. – მხატვარ დავით ბაძაღუას პერსონა.

– ძალიან კარგი მშობლები მყავდა, სამწუხაროდ, მამაჩემი ძალიან ადრე, ნერვიულობის ნიადაგზე 48 წლის დაიღუპა იმ ყველაფრის გამო, რაც მაშინ გადაგვხდა აფხაზეთში. დედა დიასახლისი იყო. უბედნიერესი ბავშვობა გვქონდა. გარდაცვლილი ბიძა, მამის ძმა  ხატავდა. მისი ნახატები ჩვენს სახლში ინახებოდა და ბავშვობიდან ჩემში გააღვივა ხატვისადმი დიდი ინტერესი. ბიძა  ფერადი კალმებით ხატავდა. დედაჩემს კერვა უყვარდა და ძალიან საინტერესო ფორმებს აკეთებდა. მასაც ბავშვობაში ხატვის ნიჭი ჰქონია. ანუ ორივე მხრიდან გენში გვქონდა შემოქმედებითი ნიჭი. ვფიქრობ, ხელოვან ადამიანში თავიდანვე ჩადებულია ის კოდი, რასაც მომავალში აუცილებლად უნდა ემსახუროს.  ზოგისთვის ეს მოგვიანებით ვლინდება, ზოგისთვის – უფრო ადრე. მაგრამ თუ ნამდვილად არის, ის მას არ მოასვენებს და ერთხელ  აფეთქდება…
ნამდვილი შემოქმედება უფლისგან მოდის. ხშირად ვამბობ, რომ ადამიანი ამ შემთხვევაში არის მხოლოდ შემსრულებელი და მისი ხელი ასრულებს ზემოდან გაცემულ ადავალებას.
ცნობილი ხატმწერი დავით მორგოშია წამროშობით ჩემი სოფლიდან არის. ორი თვე გვასწავლიდა ხატვას და მერე წამოვიდა თბილისში. მისი და ისტორიის მასწავლებელია ჩემს სოფელში. ერთხელ შემთხვევით  მოიტანა ძმის ნახატები სკოლაში. რომ გაიშალა, დავინახე, თაბახის ზომის ფურცლებზე გამოსახული ფეხის ტერფები, ხელის, მუხლის მოძრაობები. საოცარი ჩანახატები იყო… იმდენად იმოქმედა, რომ… იმ დღიდან გავხდი მხატვარი…16707320_1396000193806444_4676996651113271787_o
ჩვენი ბავშვობა  ნამდვილ სამოთხეს ჰგავდა. წარმოდგენაც კი არ შეიძლებოდა, რომ ქვეყანაში  ომი დაიწყებოდა, ვიღაცა იარაღით გამოგეკიდებოდა, ვიღაცა საკუთარი სახლიდან გამოგაგდებდა და დაგხოცავდა, როგორც ფილმებში გვინახავს და მერე დაგიწვავდა სახლს… რაც კი იქნებოდა ოჯახში, ბაბუისეული, არაფერს დაგიტოვებდნენ და, რაც ყველაზე ღირებულია და რაც შთამომავლობით  გადმოდის, ალბომიც კი არ შეგრჩებოდა.
ბავშვობის პერანგი მაინც რომ მელოდებოდეს და ერთხელ მაინც რომ შემახედა ჩვენს სახლში, სუნი რომ ვიგრძნო, ისიც კი მენატრება, ეს უკვე დიდ ძალას მოგვცემდა დასაბრუნებლად, მაგრამ ესიც რომ არ არის?
– იქ სახლი აღარ არის?
– მოგვიანებით, მაისის მოვლენებს რომ ვეძახით, მაშინ ააფეთქეს ჩვენი სახლი. ამის მიუხედავად,  გამოხიზნულმა ჩემმა ძმამ და დედამ უკან დაბრუნება  რისკის ფასად გადაწყვიტეს. დაბრუნდნენ, ძმამ ახალი სახლი ააშენა და დღესაც იქ ცხოვრობენ.  ჩემი სოფელი ოკვინორი  ზღვის პირასაა… სამი სოფლის გასაყარზე ვცხოვრობდით. ომის შემდეგ აუტანელი ვითარება იყო – ყაჩაღობა და ათასი უბედურობა, პარტიზანული ცხოვრების სიმძიმე. გაწმენდითი პროცესების დროს მრავალი ადამიანი იღუპებოდა. ქართველი, ვინც გაქცევას მოინდომებდა, ან ვისაც დაიჭერდნენ, ოჯახის წევრებიდან თუ ვინმე ომობდა, არ პატიობდნენ. ცოცხლად დამარხეს ჩვენი მეზობლები და ახლობლები, აწამეს, დახოცეს და მოკლედ, ჩვენს სოფელში ძალიან დიდი ტრაგედიები მოხდა.
მერე ეტყობა, იმათაც მობეზრდათ  ასეთი წესით ცხოვრება.
ყველგან კორუფციული ვითარება, საბჭოთა პერიოდის განწყობაა, მაგრამ ხალხს არ ერჩიან, პირიქით, არის შემთხვევები, რომ ერთ სუფრაზე ერთად არიან. უკვე დამეგობრდნენ იქაური ქართველები და აფხაზები. აქაც ჩამოდიან და ჩვენთან,  სახელოსნოშიც მოდიან, ზოგი ნათესავია, ზოგი ახლობელია. ჩვენ ერთი ისტორია და ფუძე გვაქვსო. გვეუბნებიან, როცა ვიწრო წრეში ვართ. მაგრამ გასაგები მიზეზების გამო ხმამაღლა ამას ვერ ამბობენ…
– მაშინ დაიწყო ომი, როცა შემოქმედებითად ნაყოფიერი ეტაპი იწყებოდა… როგორ გადმოსცემთ თავად ამ პერიოდს?10888518_794408537298949_7952756614813360862_n
– ოცი წლის ვხდებოდი, რომ მომიხდა გალის დატოვება. გალში სამხატვრო სკოლა არსებობდა, რეზო მიქაია იყო დირექტორი. ძალიან კარგი პედაგოგი გვყავდა, ქალბატონი ია ქარდავა. მერე უკან დაბრუნდა და სამხატვრო სკოლა აღადგინა, ახლა დირექტორია და გალში იქაურ ბავშვებს ასწავლის. ეს ადამიანები გულმოდგინედ გვასწავლიდნენ. ია ქარდავა ახლაც ჩამოდის ჩვენთან და ურთიერთობა გვაქვს. ზოგჯერ ნამუშევრებსაც აგზავნიან და აქ საბავშვო გამოფენების დროს ვახალისებთ იქაურ ბავშვებს.
ჩემი ოცნება იყო, რომ აკადემიის აუდიტორიები მენახა. როგორ ქმნიან, როგორ მუშაობენ. იქაურ პროფესორ-მასწავლებლებთან და მათთან ურთიერთობა ოცნება იყო. მაგრამ აირია ყველაფერი, ჯერ „ზვიადისტობის“ პერიოდი იყო, მერე ომი დაიწყო, რაღაც დაუჯერებელს და სასწაულს, ცუდ რამეს ჩავხედეთ თვალებში. ნათესავები, მეგობრები, მეზობლები… ვინ საით გავიფანტეთ, ვინ იცის… შავ დღეში აღმოვჩნდით. ყველასთვის ცნობილია მოვლენები, რაც ხდებოდა, მაგრამ იმედს არ ვკარგავდით, რომ ეს  დროებითი იყო. ძალიან მალე მოგვარდებოდა და დავბრუნდებოდით…
ამის მერე გავიდა 24 წელი. ჯერჯერობით დადებითი ნაბიჯი არ გადადგმულა ჩვენი დაბრუნებისთვის უარესის გარდა და ძალიან განვიცდი. მეც მინდა, რაღაც გავაკეთო. ვცდილობ, მაგრამ არ გამოდის, თითქოსდა, მსოფლიო რომ ჩაერთოს, მასაც გაუჭირდება, ისეა გაყინული ჩვენი კონფლიქტი. თუმცა მაინც ბედნიერებაა, რომ რეალური კონფლიქტი აფხაზებსა და ქართველებს შორის არ არსებობს. ჩვენ არ გვძულს ერთმანეთი და არ ვართ ერთმანეთის მტრები.
– ხიდების აღდგენა… მეგობრული ურთიერთობები როგორ უნდა დამყარდეს?240818_143972285675914_8252605_o
–  ფეისბუქით ურთიერთობა მაქვს აფხაზ მხატვრებთან. ბიცოლა მყავდა ჩვიჟბა და მისი და, დისშვილები, რძალი, ყველა მხატვარია. ერთმანეთს ვესაუბრებით, მაგრამ  ისინი ინიციატივას არ იჩენენ.
ხიდების აღსადგენად ქართულ-აფხაზური გამოფენა უნდა გაიმართოს. პირველ ეტაპზე თბილისი არ უნდა შესთავაზო, ჯერ მოსკოვში, კიევსა და სტამბოლში უნდა დაიგეგმოს… იქ წამოვლენ. მასაც უნდა, რომ  ნამუშევარი ევროპაში გაიტანოს, გაყიდოს. აუცილებელია ერთობლივად მწერლების წიგნის გამოცემა. ერთობლივი ქართულ-აფხაზური  გამოფენები,  ერთობლივად  აფხაზეთის  და აქაური ანსამბლების (ერთ დროს ესენი ისედაც ერთნი იყვნენ) კონცერტი. უამრავი ასეთი ნაბიჯის გადადგმა შეგვიძლია, მაგრამ როგორ, რითი? სახსრები არ არსებობს და აქვე ვჩერდებით და მთავრდება.
ამ თვალსაზრისით ჯერ არაფერი გაკეთებულა  და  თანხასაც არასოდეს დებენ. ამიტომაა, რომ  ასე უაზროდ გადის 24-ე წელი.
ჟურნალმა „ცისკარმა“ დაიწყო აფხაზურად ნაწარმოებების თარგმნა და ყოველ ნომერში სპეციალური რუბრიკა ეთმობა აფხაზ მწერლებსაც…
– მაგრამ ეს ხომ ძალიან მცირეა ქართულ-აფხაზური ურთიერთობის აღსადგენად. ყველამ უნდა შეიტანოს ამაში წვლილი, მარტო აფხაზეთიდან ლტოლვილი ხალხის პრობლემა კი არ არის, ეს არის მთელი ქვეყნის პრობლემა. თქვენ გაგიგიათ, რომ კონფლიქტის დასარეგულირებლად  რამე თანხა ჩადებულიყო? ამიტომ როგორც „ცისკარმა“ დაიწყო, ასევე სხვა კომპანიებმა, ბიზნესწრეებმაც უნდა მიბაძონ მას. დავალება უნდა გასცეს პრემიერმა ან მთავრობამ, რომ ყველა კომპანიამ, წელიწადში, მინიმუმ ორი ქართულ-აფხაზური პროექტი გააკეთოს. რომელი არ გააკეთებს? ზოგი 5 ათასს გამოყოფს და ზოგი 50 ათასს. დაახლოებით 200 კომპანია ხომ  მაინც არის, რომელსაც აქვს ამის საშუალება. 200 კომპანია რომ გააკეთებს, უკვე 400 საქმე გამოდის. 400 საქმე  წელიწადში კი ნიშნავს, რომ  კონფლიქტი დამთავრებულია. ჩვენ უერთმანეთოდ ვერ ვივარგებთ,
– 2004 წელს გაგიტაცეს ზუგდიდიდან…10924816_804187976321005_1653359600938019840_n
– 2004 წელს ძალიან აქტიურად ვიყავი ჩართული იმდროინდელ პროცესებში. გალში, სოხუმშიც ჩავდიოდი. ერთხელ გამომეკიდნენ, გადავრჩი, მეორედ გამომეკიდნენ, გადავრჩი… მესამედ სადღაც ტყეში შევედი. მაშინ ომის შემდგომ ხშირად გადავდიოდი გალში, პედაგოგებს, ბავშვებს  ვხვდებოდი. ყოფილმა პედაგოგებმა სკოლები აღადგინეს. მერხები დაჭედეს ფიცრებით, დახმარება სჭირდებოდათ.
დამიკავშირდა ჩემი სოფლის სკოლა.  სამი სოფლის ბედი ისედაც მაწუხებდა და მუშაობა დავიწყე არასამთავრობო ორგანიზაციის ეგიდით. შევადგინე პროექტი, რომლის განხილვაც  გაეროში, ნიუ-იორკში გაიმართა და ძალიან მოეწონათ.
პროექტი ითვალისწინებდა აფხაზ და ქართველ ბავშვებთან მუშაობას, კულტურულ-შემეცნებით ღონისძიებებში მონაწილეობას. ჩამოვიყვანეთ ბავშვები თბილისში გალიდან, პარლამენტში შევიყვანეთ, შეხვედრები გავმართეთ… მერე ერევანში, თურქეთში… ნიუ-იორკში გვინდოდა მათი ჩაყვანა, კონკურსებს ვატარებდით  მხატვრობაში, ლიტერატურაში, წერდნენ ჩანახატებს, ფიქრობდნენ აფხაზეთზე… ისეთ თემებს ვუჭერდით მხარს, რომელიც კონფლიქტის დარეგულირებას უწყობდა ხელს. აფხაზებთანაც გვინდოდა იგივე კონკურსების ჩატარება. გამარჯვებული ბავშვების წამოყვანა და სასტუმროში თანაცხოვრება…
გამარჯვებულები მერე  გაეროს, ევროკავშირის და ევროსაბჭოს სამიტებს უფასოდ დაესწრებოდნენ, როგორც საპატიო ელჩები კონფლიქტის ზონიდან. პროექტის მიხედვით, ორი აფხაზი და  ორი ქართველი ელჩი იქნებოდა ყოველწლიურად. მერე უკვე ისეთები გაიზრდებოდნენ, რომ თავად იმუშავებდნენ  კონფლიქტის დასარეგულირებლად და ასე გავზრდიდით ამ ბავშვებს. ეს პროექტი მტრის ხატის ამოშლას ემსახურებოდა.
სოხუმშიც მქონდა შეხვედრები… რუსეთმა დაინახა, რომ პირდაპირ შერიგებისკენ მიდიოდა ეს ყველაფერი და არ მოეწონა… გაეროს უთხრეს, რომ ამ დოკუმენტს ხელს არ მოვაწერთო. მე მაინც  ჩემით განვაგრძე საქმის კეთება, გაეროს ავტობუსებით და უსაფრთხოების ნორმების დაუცველად. აფხაზებმა შემომითვალეს, არ შემოხვიდე ამ ტერიტორიაზე, თორემ დაგალპობთ ციხეშიო. მე მაინც ჩუმად შევედი. ბავშვები გალში გადავიყვანე, დავაბინავე და თბილისში ვბრუნდებოდი… არ მაპატიეს აფხაზებმა და გამიტაცეს… ასე იყო ეს ამბავი.
– ახლა რა ვითარებაა? ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ იქაურ ქართველებს  სრულიად საქართველოს თანადგომა აკლიათ…735563_526332700773202_902598496_o
– ჩვენ გვაქვს ურთიერთობა გალის სოფლების 31 სკოლასთან. ყოველწლიურად იქიდან გადმოსული 60, 70, 80 აბიტურიენტი აბარებს უმაღლეს სასწავლებელში. სახელმწიფოკი აძლევს პედაგოგებს ერთჯერად დახმარებას, მაგრამ  რასაც ისინი იმსახურებენ, იმ ვალს ჩვენ ვერ გადავიხდით. ისინი გმირები არიან, რაც, სამწუხაროდ, ჩვენს ხელისუფლებას არ ესმის.
ისინი რისკის ფასად არიან იქ და ბავშვებს ქართულ ენას და ისტორიას ასწავლიან მაშინ, როცა აკრძალულია ქართული წიგნი.
სამართლიანად არიან ნაწყენები, რომ  ჩვენ ასეთ სიტუაციაში ვცხოვრობთ და არავის ვახსოვართო. ნუთუ ასე ძნელია, ასეთი პედაგოგები, საახალწლოდ, სააღდგომოდ მაინც მოიწვიო, ორდღიან სასტუმროში დააბინავო, მოეფერო. ყოველთვის პატრიარქი იყო ჩვენი მფარველი, როცა ჩამოგვყავდა იქიდან ბავშვები, კანფეტებს ჩუქნიდა ბავშვებს, ფულად დახმარებას აძლევდა. ეფერებოდა… ეს დიდი სტიმული იყო, მაგრამ გაუგებარია, რატომაა  ასეთი ინერტულობა დღეს?
– სამხატვრო აკადემია დაამთავრეთ… პროფესიით მხატვარ-არქიტექტორი ხართ…
– ცხოვრებას მყარად შევხედეთ, სულიერად არ დავეცით, გავმაგრდით და ვიმეცადინე პროფესორებთან. ჩავაბარე არქიტექტურის ფაკულტეტზე. ახლა უკვე აკადემიაში მეც ვასწავლი – ინტერიერისა და ექსტერიერის პედაგოგი ვარ დიზაინის ფაკულტეტზე. მომწონს სტუდენტებთან ურთიერთობა. ფერწერა მომწონს და ძალიან აქტიურად ვმუშაობ ყოველდღე.
– რას ფიქრობთ  თანამედროვე თბილისის იერსახეზე?15724668_1314195681986896_843555525347007825_o
– ძალიან მტკივა გული თბილისზე. არ მომწონს მერიის და არქიტექტურული სამსახურის დამოკიდებულება თანამედროვე არქიტექტურისადმი. თითქოსდა, რაღაც შენდება შუშებიანი, ვითომ მოდერნისტული, მაგრამ ეს არის 70-80-იანი წლების არქიტექტურა ევროპისთვის, ტოკიოსთვის და ნიუ-იორკისთვის. 21-ე საუკუნეში რატომ არ უნდა ვაშენებდეთ 21-ე საუკუნის არქიტექტურას? ჩვენ ისეთი ნიჭიერი არქიტექტორები გვყავს, თუნდაც ჩემი კურსელები, მაგრამ ჩვენამდე არცერთი კონკურსი არ მოდის და.
მე რომ ვიყო არქიტექტურის სამსახურის უფროსი, თანამედროვედ მოაზროვნე ძლიერ არქიტექტორებს შემოვიკრებდი. შევიმუშავებდით გეგმას  და თბილისს უბნებად დავყოფდით. ახალ ქალაქსაც თბილისს გარეთ ავაშენებდით. სუპერთანამედროვე მშენებლობა სწორედ იქ უნდა წავიდეს. თბილისთან მიმართებაში ზუსტად ასე უნდა მოვექცეთ არქიტექტურას, როგორც ქალაქური სიმღერაა, როგორც ტერენტი გრანელია, როგორც გალაკტიონია პოეზიაში.  გალაკტიონისეული ლექსი უხდება თბილისს და ზუსტად ისეთივე არქიტექტურა უნდა შევთავაზოთ. მინიმუმ ასეთი მაინც უნდა იყოს  არქიტექტურის იერსახე… ამაზე ნაკლების მშენებლობის უფლება არ უნდა ჰქონდეთ.
– წითელ ლაქას ტოვებთ ყველა ნახატზე…
– შუქნიშნის გაფრთხილებასავით არის –  წითელი ფერის ანთებისას უნდა გაჩერდე… წითელი ფერი არის მანიშნებელი ფერი. ჩემში, შიგნით ანთებულია ეს წითელი შუქნიშანი და  განგაშია ჩემს სხეულში, სულიერებაში და მორალშიც კი. მორალი არ მაძლევს იმის უფლებას, რომ ეს წითელი ფერი არ გამოვიყენო. ჩემ უკან დგას ჩვენი ბავშვობა და ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა, ვერ დავიძინებ ისე, რომ წითელმა ფერმა არ გამაფრთხილოს…
დღეს რომ ვხატავდი, ახალ ნახატს „არ დაგავიწყდეს“ მივაწერე, ფეისბუქზე ამ სახელწოდების ჯგუფის გაკეთებასაც ვაპირებ. იაზროვნე და თავად მიხვდი, რას ნიშნავს… ეს უკვე ამ წითელი ლაქის შემადგენელი ნაწილია, რომელიც იგივეს ამბობდა: „არ დაგავიწყდეს“!
– მეუფე ისაია გესტუმრათ სალონში და მეორე დღეს აფხაზეთზე ამაღელვებელი სტატუსი დაწერეთ…16722437_1402124463194017_3599886982643165429_o
– მეუფე ისაიას მადლი ამ სახელოსნოშიც შემოვიდა. მეუფესთან ერთად   მხატვრობაზე, ხელოვნებაზე ვისაუბრეთ. იმ დღეს სახელოსნოში იყვნენ, აგრეთვე ხატმწერები – დავით მორგოშია და მამუკა ფიფია. პრობლემებს შევეხეთ ცხინვალთან და სოხუმთან დაკავშირებით. დავეთანხმეთ ერთმანეთს, რომ ჩვენ არ ვცხოვრობთ ისე, რომ მომხიბვლელნი ვიყოთ ოსებისა და აფხაზებისთვის. როცა არ ხარ მომხიბვლელი, მით უმეტეს ამდენი წლის მერე შენტან ჩამოვიდეს, ისაუბროს, და ყველანაირად უნდა შევეცადოთ, რომ ჩვენ ასეთები ვიყოთ. იქიდან არ უნდა ჩანდეს რომ ჩვენ არა ვართ საინტერესონი.
იმ ღამეს ვინერვიულე და დილით სტატუსი გამოვაქვეყნე, ასე დავუწერე ქართველს: თუ ქართველი ხარ! მაშინ აფხაზეთი არ უნდა დაგავიწყდეს (თავისთავად იგულისხმება შიდა ქართლი, იგივე  ცხინვალის რეგიონი). თუ დაგავიწყდა, შენ არ ხარ ქართველი. და ბოლოს დავწერე, მტრებს განანებთ-მეთქი. ქართველობაში ვგულისხმობ საქართველოს განვითარება-შენარჩუნებას და სიყვარულს ზიანი რომ არ მიაყენო. და მტრად წარმოვიდგინე ყველა ის ხალხი, ვინც ასე არ ფიქრობს და არ ზრუნავს.
მრავალმა დამირეკა, მომწერა, რა გჭირს, რა მოგივიდაო. მერე ისიც დავამატე ტექსტში, თუ ასეთი დამოკიდებულება გვექნება, საქართველო დაიშლება-მეთქი. ამით რამდენიმე ადამიანი სხვანაირად ჩავაფიქრე… მათ შორის თანამდებობის პირებიც. დავით, რა ხდებაო, მკითხეს?
რა უნდა ხდებოდეს? არ უნდა გეძინოს, მით უმეტეს ეს ითქმის ადამიანზე, რომელსაც მეტი პასუხისმგებლობა აკისრია და ვალდებულია, ერთი წუთით არ მიატოვოს…
– ოჯახი, მეუღლე…52401_105776902828786_5906184_o
– ძალიან კარგი მეუღლე მყავს, თეა კვიტია. სოხუმელია და ამჟამად ოჯახის საქმეებით არის დაკავებული.
ორი გოგო მყავს – მარიამი და ელენე. ზოგჯერ, როცა დრო აქვთ, ხატავენ. ძალიან საინტერესო რამეებს აკეთებენ. ახლახან ელენე ახვლედიანის ბავშვთა გალერეაში გამოფენა გაიხსნა და რესპუბლიკის მასშტაბით ნორჩ მხატვართა კონკურსის დაჯილდოება გაიმართა. მარიამს ერგო ჟიურის სპეციალური პრიზი, საუკეთესო ფერწერული ნამუშევრისათვის. ელენეს მე-III ხარისხის დიპლომი და საჩუქრები. რაც დაიბადნენ, მას მერე უყურებენ მამიკოს, ტილოები და საღებავები რომ მიაქვს და მოაქვს. ამ პროცესში გაიზარდნენ. რაღაც ექსპერიმენტებს რომ ვატარებ, ზოგჯერ მე მეხმარებიან.
ერთხელ საოჯახო პროდუქტებით გავაკეთეთ სურათი. რაც კი შეიძლება ოჯახში ყოფილიყო, კვაწარახი, ტომატი, ყავა, მურაბა, საზამთროც ყველაფერი გამოვიყენეთ…  აღარც  მახსოვს, დიდი ფორმატი გავშალეთ და შვილები მეხმარებოდნენ, მამიკო, ახლა ეს, ახლა ესო… ასე გავაკეთეთ სურათი პერფორმანსი.
– სადაც თქვენ მუშაობთ, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ნახევარსარდაფში, ორი მხატვრის სახელოსნო-სალონია, რომელსაც 2-ART ჰქვია – აქ ორი მხატვარი მუშაობთ… როგორ ქმნით სურათს, შთაგონებით?
– მე ექსპრესიული აბსტრაქციონისტი ვარ. ჯერჯერობით ძალიან ექსპრესიული ვარ და მერე შეიძლება  დავმშვიდდე, რომ ამბობენ, დაღვინდა მხატვარი და ნეიტრალურ ფერებს იყენებსო, ჯერჯერობით ამას ვერ ვაკეთებ, ზოგჯერ ვცდილობ, მაგრამ იმდენად ემოციურია დღევანდელობა, გინდა თუ არ გინდა, უარყოფით ენერგეტიკას მაინც იღებ.
ზოგიერთები ამბობენ, მუზა არ მაქვს და ვერ ვხატავო. მე არ ვეთანხმები მათ. მუზა არ მაინტერესებს. უნდა დავიწყო ხატვა და მუზას იქით დავეწევი.
ამ სახელოსნოში მე და ამირან კუპრავა ვმუშაობთ, სწორედ იმიტომ ვართ ერთად ერთ სახელოსნოში, რომ ერთმანეთს ვავსებთ და ვავითარებთ.
– ამავე სამინისტროში ვალერი არქანიას სახელობის გალერეის მენეჯერიც ხართ… 16487279_1385829984823465_2807591676782731911_o
– მალე ამ გალერეაში საინტერესო პროექტს ვაპირებთ. 2-ART -ის ეგიდით დავგეგმეთ ძალიან საინტერესო პროექტი – არტფესტივალი, რომელიც მაისში გაიმართება.
პროექტში ყველა ცნობილ და გავლენიან მხატვარს ჩავრთავთ, მათ შორის სტუდენტებსაც.  რამდენიმე მხატვარს უკვე ვესაუბრეთ და მათი განწყობა დადებითია. არტფესტივალის მონაწილე მხატვრები მიზერულ თანხად გაყიდიან ნამუშევრებს. ვიცით, რომ  ეკონომიკურად უჭირს ხალხს. ისიც ვიცით, რომ ძალიან მოსწონთ და უყვართ მხატვრების ნამუშევრები. შეძენა სურთ, მაგრამ ვერ იძენენ ნახატებს, რადგან საშუალება არ აქვთ. ეს ფესტივალი საზოგადოებას ემსახურება და არა იმ ხელოვანებს, ვინც აქ გამოიტანს ნამუშევრებს.
ფესტივალი სამდღიანი იქნება და ორი მიზანი აქვს – აფხაზეთის გალერეამ რომ იარსებოს და, იმავდროულად, ხალხს ხელი შევუწყოთ, ხელმისაწვდომ ფასად შეიძინონ ნამუშევრები.

თამარ შაიშმელაშვილი

240488_144426835630459_6880224_o

209910_144424505630692_4358918_o

14633101_1217473864992412_6557675034019760234_n

15391267_1285772711495860_7372426838640809752_o

14379650_1199256553480810_8986843221745449962_o
240488_144426842297125_7050011_o

15697673_1324198880986576_5278695046988816835_n

209910_144424508964025_121138_o

547302_379377795468694_1668963161_n

220009_144052625667880_4053338_o

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები