რა ქონება დააგროვა მამუკა ახვლედიანმა სასამართლოდან წასვლის შემდეგ

“საქალაქო სასამართლოს ყოფილმა თავმჯდომარემ სასამართლო სისტემიდან წასვლის შემდეგ მილიონებად შეფასებული ქონება შეიძინა“,-ამის შესახებ გაზეთი „პრაიმტაიმი“ უფლებადამცველ ნიკოლოზ მჟავანაძეზე დაყრდნობით წერს.
როგორც სტატიის ავტორი აღნიშნავს, სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარის დეკლარაცია მართლაც კეთილსინდისიერი მოხელის შთაბეჭდილებას ტოვებს, თუმცა საჯარო რეესტრის მონაცემები საკმაოდ ბევრ კითხვას აჩენს. „პრაიმტაიმის“ ცნობით, რეესტრის მონაცემებით, მამუკა ახვლედიანის ოჯახის სახელზე მილიონებად შეფასებული უძრავი ქონება ირიცხება.
საუბარია თბილისში, პოლიტკოვსკაიას N3-ში მდებარე 3079 კვ.მ მიწის ნაკვეთსა და მასზე დამაგრებულ შენობა-ნაგებობაზე. იქ განთავსებულია თბილისში ცნობილი სკოლა „ოლიმპი“. ქონება შპს „ოლიმპი თბილისი +“-ის საკუთრებაა.
საჯარო რეესტრის ამონაწერით ირკვევა, რომ კომპანიის 66-პროცენტიანი წილი 2016 წლის 29 ნოემბერს ახვლედიანმა შეიძინა, რაშიც 800 ათასი აშშ დოლარი გადაიხადა. რამდენიმე დღეში კი, კერძოდ, 2 დეკემბერს, ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე, 50-პროცენტიანი წილი მეუღლეს, ქეთევან აბესაძეს, 16-პროცენტიანი წილი კი მის ქალიშვილს, ნინი ახვლედიანს გადაუფორმა. დანარჩენი 3-4-პროცენტიანი წილის მესაკუთრედ, საჯარო რეესტრის ამონაწერში, ახვლედიანების სიძე, ნინი ახვლედიანის ქმარი – მანუჩარ გუგეშაშვილია მითითებული. ეს უკანასკნელი „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ნაძალადევის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, მამუკა გუგეშაშვილის ვაჟია.
რეესტრის ამონაწერის თანახმად, მას შემდეგ, რაც მამუკა ახვლედიანმა შეიძინა და საკუთარი ოჯახის წევრებზე გადაანაწილა შპს „ოლიმპი თბილისი +“-ის წილები, კომპანიის ქონება „პროკრედიტ ბანკში“ დაგირავდა. ნიშანდობლივია, რომ აქციების შესყიდვა მოხდა 29 ნოემბერს, საბანკო დაწესებულებიდან სესხის აღება კი მოგვიანებით, თითქმის წლის ბოლოს.
„პრაიმტაიმი“ დაინტერესდა, თუ როგორ შეძლო 800 ათასი დოლარის მობილიზება ახვლედიანმა, რაც დაახლოებით მოსამართლის 40 წლის ხელფასს უდრის.
გამოცემასთან საუბრისას, ახვლედიანი ირწმუნება, რომ აღნიშნული ქონება საბანკო კრედიტით შეიძინა, თუმცა როგორც უკვე აღინიშნა, საჯარო რეესტრში წილების გაფორმების მომენტში, ქონება ბანკის იპოთეკით დატვირთული არ ყოფილა. ამასთან, ეჭვს იწვევს უძრავი ქონების გარიგების ფასიც. ქალაქის ერთ-ერთ ცენტრალურ ადგილას 3079 კვ.მ. ფართის მიწის ნაკვეთისა და მასზე დამაგრებული გარემონტებული, ფუნქციონირებადი შენობა-ნაგებობის 66-პროცენტიანი წილიც კი მრავალჯერ აღემატება მამუკა ახვლედიანის მიერ გადახდილ თანხას და მისი სავარაუდო ღირებულება დაახლოებით 6 მილიონ აშშ დოლარის ფარგლებში მერყეობს.
გამოცემასთან საუბრისას, ახვლედიანი კომპანია „ოლიმპი თბილისი +“-ის მის საკუთრებაში არსებობას ადასტურებს, თუმცა აცხადებს, რომ აღნიშნული ქონება მთლიანად კრედიტით არის შეძენილი.
„თვითონ სკოლას ჩემამდე ჰქონდა კრედიტი 2,6-წლიანი, ეს ვადა 10 წლამდე გაიზარდა და შეიცვალა კრედიტის ოდენობა. რეალურად, როგორც ასეთი, ფული არც ამიღია. ჩემი ავტორიტეტიდან გამომდინარე, იმის გამო, რომ „პროკრედიტი“ არის გერმანული ბანკი და არა პროსახელისუფლებო, ჩემი პირადი ურთიერთობიდან გამომდინარე, გამიწიეს შეღავათი და კრედიტის ვადაც და თანხის ოდენობაც გამიზარდეს“, – განაცხადა ახვლედიანმა.
2,6 წლიანი კრედიტი, რომელზეც მამუკა ახვლედიანი საუბრობს, კომპანიას ნამდვილად ჰქონდა აღებული, თუმცა ამავე მონაცემებით, ახვლედიანის მიერ წილების შეძენიდან რამდენიმე დღეში, გირავნობის ვალდებულება მოიხსნა და სავარაუდოდ, კერძო იპოთეკარს დაახლოებით 1 მილიონ 600 ათასი დოლარი სრულად აუნაზღაურდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები