„ცხინვალი ჩემთვის მსოფლიოში ყველაზე დიდ ქალაქად რჩება“…


ირინა
მისი ბავშვობა ცხინვალში, დიდი და პატარა ლიახვის ნაპირებთან დარჩა… გამზრდელი ბებიის სითბო და იქაურობის მონატრება მუდამ თან სდევდა… ავბედითმა დრომ,  ომებმა და განსაცდელმა მის თაობას მოუშუშებელი იარა დაუტოვა. ჩაწყვიტა სულში ამღერებული ლამაზი სიმები… მაინც არ სტოვებდა სტრიქონი, სიტყვა, რომელიც ყველა ტკივილსა და იარას ავიწყებდა…
მის კრებულსაც „გაჩერებული დრო“ ჰქვია, დრო, რომელსაც თავად „უმღერ სიმღერებს“ უწოდებს… და რომელშიც თარგმანები და ლექსებია თავმოყრილი. – მუსიკოსისა და მთარგმნელის, ირინე გოჩაშვილის პერსონა.

– ოჯახიდან მახსოვს მხოლოდ სიყვარული, მხოლოდ ზეიმის ტოლფასი განწყობა, მხოლოდ უანგარობა და ნეტარების მსგავსი სიმყუდროვე, სითბო, ურთიერთპატივისცემა.
– ცხინვალი ბავშვობის ქალაქია…
– ცხინვალი ჩემი ბავშვობის ქალაქია და დღემდე მსოფლიოში ყველაზე დიდ ქალაქად რჩება, როგორც თავისი მნიშვნელობით ნებისმიერი განძი. გული მტკივა, რომ ლტოლვილობაში მყოფი 140 წლის ქართული თეატრისთვის ჯერაც ვერ გამოინახა შენობა თბილისში! ეს თეატრი ივანე მაჩაბლის სახელს ატარებს და მაღალი რანგის თეატრთა შორისაა.
– „თბილისის ნიჭიერთა ათწლედი“  ვიოლინოს განხრით დაამთავრეთ…
– ვსწავლობდი ზ. ფალიაშვილის სახელობის ცენტრალურ მუსიკალურ ათწლედში, ე.წ. ,,ნიჭიერთა ათწლედში“. ჩემი მუსიკოსობა გადავწყვიტეთ ერთობლივი, ჩემი და უფროსების შეთანხმების საფუძველზე, რადგან ჩათვალეს, რომ ჩემი მონაცემებით სწორედ იმ სკოლაში უნდა მესწავლა. მუსიკა ძალიან მიზიდავდა და ის დღეს ჩემი სულის თანამგზავრია, რომელიც მამხნევებს, აღმამაღლებს და მამშვიდებს.16441578_1165816390199398_1501546356_n
– მოსკოვის გორკის სახელობის ლიტერატურის ინსტიტუტში სწავლობდით. სპექტაკლებს „ტაგანკაზე“ და დაუვიწყარ საღამოებს ხშირად იხსენებთ…
– მოსკოვში მ. გორკის სახელობის საერთაშორისო ლიტერატურის ინსტიტუტში სწავლის წლებმა შემძინა გარკვეული ცოდნა და რწმენა. გააფართოვა ჩემი თვალსაწიერი, დამაკავშირა უამრავ გამოჩენილ ხელოვანთან თუ მწერალთან, მეცნიერებთან.
ცხინვალში გამორჩეულად მახსოვს ჩემი ბებია (დედის დედა) ქრისტინე თედიაშვილი, ოლქის მთავარი პედიატრი, რომელსაც სამედიცინო ინსტიტუტის პარალელურად კონსერვატორიაც ჰქონდა დამთავრებული და საერთოდ ერუდირებული ადამიანი იყო. მან ბევრი რამ მასწავლა, შემძინა დაკვირვების უნარი და განათლების აუცილებლობაზე მესაუბრებოდა. მოუცლელობის მიუხედავად, ის ახერხებდა ჩემთან ურთიერთობას, რაც ნაყოფიერ შედეგს იღებდა. სწორედ ეს მისი გაკვეთილების გაგრძელება იყო. ჩემთვის მოსკოვში სწავლის პერიოდში შევიძინე ახალი მოძღვარი ქალბატონ ანაიდა ბესტავაშვილის სახით. ვისმენდი ცნობილი ფილოსოფოსებისა და ლიტერატორების მიერ წაკითხულ ძალიან საყურადღებო ლექციებს. სია გრძელია!
– 9 აპრილმა, შემდეგ აფხაზეთისა და ცხინვალის ანექსიამ  თქვენს თაობაზე გადაიარა… რას ეტყოდით მოსკოვს ამ გადასახედიდან?
16466977_1165816366866067_39615061_n
– 9 აპრილი – ჩვენი ამაყი ტრაგედიაა. აფხაზეთიც და სამაჩაბლოც დამოუკიდებლობისათვის ბრძოლამ შეიწირა. ეს არის გაუნელებელი ტკივილი, რომელიც უკვე ქრონიკულ პროცესშია გადასული.
რა უნდა ვუთხრა მოსკოვს? მახსოვს მოსკოვში, წითელ მოედანზე ჩამოიარეს ინდოელმა ,,კრიშნაიდებმა“, ისინი მღეროდნენ: ,,ჰარი რამა – ჰარი კრიშნა“ – მე კი მომესმა ასე: ,,ჰარი ჰარი ჰარალალე!“ – ალბათ იმიტომ, რომ ძალიან მენატრებოდა საქართველო!
მოსკოვს ვეტყვი, რომ გაუფრთხილდეს იმ საგანძურს, რომელიც მან მოიპოვა რუსი მეცნიერების, ლიტერატორების და ხელოვანების სახით. წითელ მოედანზე უნდა იარონ და იმღერონ ყველა ერის შვილებმა და მათ არ უნდა ეშინოდეთ საკუთარი მიწის წაგლეჯისა, ისევე როგორც არც წითელ, არც ყვითელ და შავი მოედნის წართმევას აპირებს მსოფლიოს არცერთი ქვეყანა!
– უამრავი რუსი პოეტი თარგმნეთ… დღეს თუ გაქვთ ურთიერთობა რუს კოლეგებთან?
– ნებისმიერი რუსი პოეტი, რომელიც მე ვთარგმნე, ჩემთვის საინტერესო და სულის ზრდის საშუალებაა. ზოგჯერ არცთუ ცნობილი პოეტი პოპულარულ პოეტზე არანაკლებად ქარიზმატული და ღრმაა.
კატაკლიზმების მიუხედავად, მეტ-ნაკლებად მაქვს ურთიერთობა ზოგიერთ რუს პოეტთან. ამაში სოციალური ქსელიც მეხმარება. შემოქმედებითი და მეგობრული ურთიერთობები შევინარჩუნე პოეტ ლიდია გრიგორიევასთან, რომელიც ცხოვრობს ლონდონში, პეტერბურგში მცხოვრებ პოეტ ნატალია სოკოლოვსკაიასთან, ასევე მოსკოვში მცხოვრებ ნიკარაგუელ ალბატორესთან და არაბ საზოგადო მოღვაწე და პოეტთან, აიმან აბუ შაართან.
ხშირი კავშირი მაქვს ანაიდა ბესტავაშვილთან, რომელიც დიდი მოღვაწეა და გული მწყდება, რომ მას სრულიად საქართველო არ იცნობს. ბრწყინვალე მთარგმნელი, პედაგოგი, მთარგმნელთა მთელი პლეადის აღმზრდელი და უკეთილშობილესი ადამიანი ჩვენი სინდისი და ღირსებაა მოსკოვში.16441211_1165816386866065_1360002508_n
– გვერდს ვერ ავუვლით დედას, ცნობილ პოეტს  – მზია ხეთაგურს…
– დედაჩემს ვერ აღვიქვამ, როგორც დედას. ის ჩემთვის, ისევე როგორც ბევრისთვის, გამორჩეული პოეტი და ერუდირებული მოღვაწეა. შვილებთან, შვილიშვილებთან და შვილთაშვილთან თუ ნათესავ–მეგობართან იგი ზუსტად ისეთია, როგორიც არის ყველგან.
მისთვის შვილი იგივეა, რაც საზოგადოებისთვის და ქვეყნის ერთ-ერთი მოქალაქე, რომელსაც უნდა ჰქონდეს თავისი პოზიცია. მასთან ურთიერთობა ვისთვის რთულია, ვისთვის ადვილი. უადვილესია მათთვის, ვინც გულწრფელია, პირდაპირი და მიმტევებელი.
– ოჯახი… მეუღლე ომის დროს დაიღუპა…
– მეუღლე გვარდიის მაიორი 1991 წლის თბილისში ცნობილი ტრაგიკული მოვლენების მსხვერპლია. მყავს შვილი და შვილიშვილი და, როგორც ნებისმიერ ბებიას, ჩემი შვილიშვილი მსოფლიოში ყველაზე საყვარელი და ნიჭიერი მგონია!
– ამბობენ, რომ თარგმნის პროცესი ნამდვილი მისტიკაა…
– დიდი მნიშვნელობა აქვს ორივე ენის ღრმად ცოდნას. მაგრამ ამის გარდა უმნიშვნელოვანესია არსის გათავისება და გაზიარება. მელოდიაც კი უნდა თარგმნო, მაგრამ იგი უნდა ესადაგებოდეს იმ ეროვნების მელოდიურობას, რომელ ენაზეც თარგმნი, რაც შეეხება მისტიკას, გეტყვით, რომ ნებისმიერ ჟანრის შემოქმედებას მისტიკური ძალები წარმართავენ. არა მგონია, ვცდებოდე.
16425394_1165816380199399_559702558_n–  ერთი ლექსი…
– ამ ლექსს ,,უმისამართო“ ჰქვია:
ორთავ თვალის სინათლეო,
ცალი თვალით თუ მხედავ?
გახედნილო ჩემგან, ცხენო,
ნუ აჰყვები უხედნავს!
ქარი ფოთოლს აფრიალებს,
თითქოს ცელით მუხლს კვეთავს…
მერე, როგორც არაფერი,
ჩაიჩოქებს მუხებთან!

 

ესაუბრა თამარ შაიშმელაშვილი

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები