ქეთი ხოსიტაშვილი ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას პასუხობს – „გაოცებული ვარ იმ არაკომპეტენტურობით, რაც ამ ორგანიზაციამ გამოიჩინა“

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებას სათაურით „ქეთი ხოსიტაშვილმა დაარღვია ქარტიის მეათე პრინციპი“, საინფორმაციო-ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ მთავარი რედაქტორი ქეთი ხოსიტაშვილი სოციალური ქსელის მეშვეობით პასუხობს.
ხოსიტაშვილი ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას დილეტანტიზმში ადანაშაულებს. როგორც ხოსიტაშვილი განმარტავს, სტატია, რომლის გამოც ქარტიის შეფასებით, პორტალმა „კვირამ“ ჟურნალისტური პრინციპები დაარღვია, ერთ-ერთმა ბეჭდურმა მედიასაშუალებამ მოამზადა, სააგენტომ კი ის პრესის დაიჯესტის რუბრიკაში, წყაროს მითითებით განათავსა.
პორტალ „კვირას“ მთავარი რედაქტორი აღნიშნავს, რომ სტატიის ნამდვილობასა და სიზუსტეზე ის მედიასაშუალებაა პასუხისმგებელი, სადაც მასალა თავდაპირველად იბეჭდება. ხოსიტაშვილისთვის გაუგებარია,  რატომ არ გაითვალისწინა აღნიშნული ფაქტი ქარტიამ.

„საოცარი განცხადება გამოგვიქვეყნა საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ, თუმცა, გამოგვიქვეყნა, ცოტა ხმამაღალი ნათქვამია – განცხადების ტექსტი, რატომღაც, პირადად მე მეხება და არა რედაქციას, რომლის ხელმძღვანელიც ვარ. აბა, ამას როგორ არ უნდა ვუპასუხო? საიდან ამდენი დილეტანტიზმი, კოლეგებო?

ავხსნი და შევაფასებ განცხადებას მათთვის, ვინც თვლის (ან, ვისაც არწმუნებენ), რომ, თურმე, ჟურნალისტური ქარტიის რომელიღაც პრინციპი დავარღვიე – პატივი არ ვეცი სიმართლეს და საზოგადოების უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია.

საქმე შარშან დაბეჭდილ სტატიას ეხება, რომელიც ერთ-ერთმა ბეჭდურმა გამოცემამ გამოაქვეყნა (სტატიის სახელწოდება: „ვინ არის ტრანსგენდერი, რომელსაც სასტიკად გაუსწორდნენ? – ,,ერთმა ქვა ჩაარტყა, მეორემ ყელი გამოჭრა”. გაზეთს შეგნებულად არ ვასახელებ).
ალბათ იცით, ან ვინც არ იცით, მათთვის ავხსნი, რომ ჩვენ, ონლაინგამოცემები, ისევე, როგორც ტელეკომპანიები, სისტემატურად ვამზადებთ პრესის დაიჯესტებს, სადაც ამა თუ იმ გაზეთებში დაბეჭილი სტატიებია მოცემული. მას, რასაკვირველია, წყაროც აქვს მითითებული. მაგალითად, ტელევიზიებს აქვთ სპეციალური გადაცემები, სადაც პრესას მიმოიხილავენ და ეს არ ნიშნავს, რომ გადაცემის წამყვანების მიერ გაზეთებიდან ამოკითხულ მასალებზე პასუხისმგებელი კონკრეტული ტელევიზია ან მისი ხელმძღვანელია. სტატიის ნამდვილობასა და სიზუსტეზე ის მედიასაშუალებაა პასუხისმგებელი, სადაც მასალა იბეჭდება. რაც შეეხება „კვირას“, ჩვენს პორტალსაც აქვს სპეციალური კატეგორია – „პრესა“, სადაც გაზეთების სტატიების მიხედვით დაიჯესტებს სისტემატურად ვაქვეყნებთ.

ტრანსგენდერის თემაზე მომზადებული მასალაც აქ გამოქვეყნდა და „კვირამ“ წყაროც მიუთითა. თუმცა, განაწყენებულმა ტრანსგენდერმა არა კონკრეტულ გაზეთს, არამედ, რატომღაც, ჩვენ გვიჩივლა. ჯერ ქალთა ინიციატივების მხარდამჭერ ჯგუფს მიმართა და შემდეგ – ჟურნალისტური ეთიკის დამცველებს.

ტრანსგენდერის უფლებების დამცველებმა, ჯერ კიდევ შარშან, წერილობით მამცნეს ეს ამბავი და ოფიციალური პასუხიც დავუბრუნე, სადაც გასაგებად ავხსენი, რომ სტატია „კვირას“ არ მოუმზადებია, ერთ-ერთმა გაზეთმა დაწერა და ის წყაროს მითითებით პრესის დაიჯესტში დავბეჭდეთ.

როგორც ჩანს, ეს არგუმენტი ქარტიისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა. რამდენიმე დღის წინ, „კვირას“ ოფიციალურ ფოსტაზე მორიგი წერილი მივიღეთ. ქარტიიდან გვამცნეს, რომ ამ საკითხის განსახილველად საბჭოს სხდომა იმართებოდა. დატვირთული გრაფიკიდან გამომდინარე, წერილი გვიან ვნახე. ვიდრე პასუხისთვის მოვიცლიდი, ქარტიის ხელმძღვანელმა სოციალურ ქსელში პირადად მომწერა და გადაამოწმა, მივიღე თუ არა შეტყობინება და ჩემი დასტურიც მიიღო. ავუხსენი, რომ ქალაქგარეთ მივლინებით მივემგზავრებოდი და ამ მიზეზით ვერ დავესწრებოდი სხდომას.

როგორც ჩანს, შეხვედრა ჩატარდა, იმსჯელეს და გადაწყვიტეს, რომ ჟურნალისტური ეთიკის ნორმები დამირღვევია. ეს „კრება კი დარჩა მხიარული“, მაგრამ, მე, რბილად რომ ვთქვათ, გაოცებული ვარ იმ არაკომპეტენტურობით, რაც ამ ორგანიზაციამ გამოიჩინა. განცხადების ავტორები, ნაკლებად სავარაუდოა, მიხვდნენ, „რა შეეშალათ“, ამიტომ ავხსნი:

1. თუკი სტატია ჯერ რომელიღაც გაზეთმა დაბეჭდა და მერე წყაროთი პორტალმა „კვირამ“ გამოაქვეყნა, პირადად ქეთი ხოსიტაშვილი რა შუაშია? თუ პირადად მე არ ვეხატები ვინმეს გულზე, სხვა საქმეა და სხვების საქმეებს რატომ მახვევთ? არც ჩემი მაქვს ცოტა. მითხარით, ეგებ გაგიგოთ და თანაგიგრძნოთ კიდეც, მით უმეტეს ამ უკანასკნელის მიზეზი დღეს ნამდვილად მაქვს.

2. განცხადებაში რომ მიწერთ, შეპასუხება არ გამოუგზავნიაო, ერთხელ წერილობით გაცემული პასუხი არასაკმარისი იყო, თუ „საზეპიროები“ გჭირდებათ?

3. ჟურნალისტები და უფლებების დამცველები რომ გქვიათ და „მთავრობის სხდომებს“ მართავთ, ეგებ გამართულად წერაც ისწავლოთ. მინიმუმ სირცხვილია ასეთი გაუმართავი ტექსტი. სწავლა არცერთ ასაკში არ არის გვიანი, ალბათ გაგიგიათ, ამიტომ ჩავასწორე თქვენი განცხადების ტექსტი და გიგზავნით, გადახედეთ… კარგი იქნება, თუ მოინიშნავთ და გაითვალისწინებთ შეცდომებს. თუ ამ პროფესიაში აპირებთ დარჩენას და ვიღაცის, ან საკუთარი ტყავის გადარჩენისთვის არ მუშაობთ, წაგადგებათ უდავოდ;

4. ისე, მეგონა, ჟურნალისტური ეთიკის ქარტია ჟურნალისტების უფლებებს უნდა იცავდეს და გარშემო უფლებების დარღვევის იმდენი მაგალითი გაქვთ, ეგებ იმით დაკავდეთ, პატივცემულებო… რატომ არ დაინტერესდით, თუნდაც იმ შემთხვევით, „კვირას“ პრესკლუბში გაკეთებულ განცხადებებს „ზოგიერთი“ სააგენტო მუდმივად საკუთარ „ნიუსად“ რომ ასაღებს, არგუმენტად კი ის მოჰყავთ, რომ ეს მათი სტილია…მახსოვს, ერთხელ მოგწერეთ ამის შესახებ, თუ თქვენი „დასაცავი ობიეტები“ შერჩევითია?

5. და, ბოლოს, მადლობა, რომ არ ვარ თქვენი ხელმომწერი და მადლობა, რომ თქვენგან დაცვა დამჭირდა. მადლობა, დამოუკიდებელო უფლებადამცველებო! თქვენი დამოკიდებულებები გასაგებია და გულწრფელ თანაგრძნობას იმსახურებს.

P.S.: ვიტოვებ იმედს (იმედი კი ბოლოს კვდება), რომ ჩემი წერილი პატარა გამოცდილებას შეგძენთ, თორემ ამ მაგალითით, თუ ვიმსჯელებთ, შეიძლება ერთხელაც, სხვების უფლებების დაცვის ნაცვლად, სრულიად სამართლიანად, საკუთარი უფლებების დაცვა დაგჭირდეთ და ეს არ იქნება მარტივი საქმე“, – წერს ქეთი ხოსიტაშვილი.

 16402063_10209714647520642_858583928_n

16358441_10209714658240910_225897505_n

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები