ანი მიროტაძე პრეზიდენტს მიმართავს: “წვლილის შეტანას” თავის დროზე სწორი ნაბიჯის გადადგმა სჯობდა

ეროვნული ფორუმის წევრი ანი მიროტაძე საქართველოს პრეზიდენტის მიერ ე.წ. კაბელების საქმეზე დაკავებული მაღალჩინოსნების შეწყალების საკითხს ეხმაურება.
როგორც მიროტაძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს, გიორგი მარგველაშვილს აღნიშნული გადაწყვეტინება მანამდე უნდა მიეღო.
“პრეზიდენტმა “კაბლების საქმეზე” დაკავებული პირები შეიწყალა, რაც მისასალმებელი და სწორი გადაწყვეტილებაა, თუმცა მას შეეძლო ეს სწორი ნაბიჯი უფრო ადრე გადაედგა, მაგალითად მაშინ, როდესაც “კაბელების საქმის” გამო ვითარება დაიძაბა და დაანონსებული ქუჩის აქციების ფონზე ყველაზე დროული პოლიტიკური გადაწყვეტილება მიეღო. “ეროვნულმა ფორუმმა” მაშინ ამ ერთადერთი სწორი ნაბიჯის გადადგმა და მის ხელთ არსებული შესაძლებლობის სამართლიანად გამოყენებისკენ მოუწოდა, თუმცა გიორგი მარგველაშვილმა ამ დრომდე გაუგებარი და აბსურდული მიზეზით უარი განაცხადა, “დაკვირვება გააგძელა” და ამ უდანაშაულო
პოლიტიკურმა მძევლებმა თითქმის ერთი წელი საპატიმროში გაატარეს.
მეტიც, ჩვენ უკანონოდ დაპატიმრებულების შველას ვთხოვდით, მან კი ძველი, ჩვენთვის ამ დრომდე გაუგებარი პირადი წყენები მოიმიზეზა. დღეს, როდესაც სასამართლოს გადაწყვეტილებით, დანაშაულის კვალიფიკაცია შეიცვალა, პრეზიდენტმა მათ გათავისუფლებაში “საკუთარი წვლილი” შეიტანა. “სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს!”, თუმცა “წვლილის შეტანას” თავის დროზე სწორი ნაბიჯის გადადგმა სჯობდა, ბატონო გიორგი, რაც მორალურად სწორი იქნებოდა, სამართლიანიც და პოლიტიკურად გამართლებულიც!!!” – წერს მიროტაძე.
საქართველოს პრეზიდენტმა დღეს ე.წ. კაბელების საქმეზე მსჯავრდებული, თავდაცვის სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნები შეიწყალა. აღნიშნული განცხადება საქართველოს პრეზიდენტის პოლიტიკურმა მდივანმა ფიქრია ჩიხრაძემ გააკეთა.
„საქართველოს პრეზიდენტი ამ ხნის განმავლობაში აკვირდებოდა და შესაბამის ინფორმაციას იღებდა თავდაცვის სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნების (ე.წ. კაბელების) საქმის მიმდინარეობის შესახებ. სამწუხაროდ, მთელი პროცესის განმავლობაში პოლიტიკოსების მხრიდან წინმსწრებად გამოთქმული შეფასებები ამძიმებდა საქმის ვითარებას და აღძრავდა კითხვებს შერჩევითი მართლმსაჯულებისა და პოლიტიკურად მოტივირებული სისხლის სამართლებრივი დევნის თაობაზე.
პროცესის ვერც ერთ ეტაპზე, პროკურატურამ ვერ შეძლო წაყენებული ბრალის სათანადოდ დასაბუთება. რასაც სხვადასხვა დროს არაერთი მწვავე შეფასება მოჰყვა, როგორც ქართული, ისე საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს პრეზიდენტმა მიიღო გადაწყვეტილება აღნიშნული პირების შეწყალების თაობაზე. იმედი გვაქვს, რომ ისინი უახლოეს საათებში დატოვებენ საპატიმრო დაწესებულებებს და დაუბრუნდებიან თავიანთ ოჯახებს”, – აღნიშნა ფიქრია ჩიხრაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები