“ის, რაც ყოფილი ხელისუფლების დროს დევნილებთან მიმართებაში ხდებოდა, იყო მიზანმიმართული ძალადობა”

“ის, რაც ყოფილი ხელისუფლების დროს დევნილებთან მიმართებაში ხდებოდა, ეს არ იყო შეცდომა, ეს იყო მიზანმიმართული სისტემა, რომელიც ძალადობდა დევნილებზე”, – ამის შესახებ სამართალმცოდნე სოფიო ხორგუანმა პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ხორგუანი მიიჩნევს, რომ არსებულ ხელისუფლებას მოსახლეობასთან კომუნიკაციის პრობლემა აქვს და ეს დევნილებთან მიმართებაშიც გამოიხატება.
„ოპოზიცია ახერხებს იმას, რომ ხელისუფლება მუდმივად იყოს თავის მართლების რეჟიმში. ხელისუფლება ამას აღიარებს, მაგრამ ამას სჭირდება გამოსწორება. როცა ხელისუფლება ამბობს, რომ მას საზოგადოებასთან კომუნიკაციის პრობლემა აქვს, ეს კარგია – ანუ ხვდება, რომ ამ მხრივ პრობლემა არსებობს, თუმცა ის რაც იყო მანამდე დევნილებთან დაკავშირებით, ეს არ იყო შეცდომა, ეს იყო მიზანმიმართული სისტემა, რომელიც ძალადობდა დევნილებზე. მაგალითად, როდესაც 2006 წელს აჭარაში დევნილები გამოყარეს და აქცია დაარბიეს წყლის ჭავლით,ასევე, როდესაც წყნეთიდან მათი იძულებით გამოსახლება დაიწყეს, თუმცა მაშინ ყველამ ვივარგეთ და დავიცავით დევნილები. მახსოვს ფოცხოეწერი, როდესაც ზამთარში ხალხს მოჰკიდეს ხელი და წაიყვანეს არსად.
რაც შეეხება კომუნიკაციის საკითხს, კომუნიკაცია არ ნიშნავს პროპაგანდას, კომუნიკაცია ნიშნავს მოვიტანო შენამდე სათქმელი, ჩაგაყენო საქმის კურსში, თუ რას ვაკეთებ. მერე მოქალაქეც უფრო მშვიდად იქნება, როცა ეცოდინება, რომ ხელისუფლება სწორი მიმართულებით მუშაობს. უნდა ითქვას ისიც, რომ მიხეილ სააკაშვილმა ტელევიზორში ცხოვრებას მიგვაჩვია, ანუ მიგვაჩვია იმას, რომ თითქოს მხოლოდ ის არსებობს, რაც არის ტელევიზორში. გახსოვთ ომის დროს უშიშროების საბჭოს სხდომები პირდაპირ ეთერში რომ გადაიცემოდა?! – ასეთი რაღაცები არსად არ ხდება მსოფლიოში“, -აღნიშნა ხორგუანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები