გიორგი კახიანი: ძალიან ყურადღებით გავეცნობით პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს
“იმ შემთხვევაში, თუ იქნება გასათვალისწინებელი გარკვეული შენიშვნები, ბუნებრივია, პარლამენტი მიიღებს ადეკვატურ გადაწყვეტილებას”, – ამის შესახებ პარლამენტს საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, გიორგი კახიანმა პრეზიდენტის ვეტოს შეფასებისას განაცხადა.
როგორც კახიანმა განმარტა, პარლამენტს აქვს 15-დღიანი ვადა იმისათვის რომ იმსჯელოს პრეზიდენტის ვეტოზე. „ძალიან ყურადღებით გავეცნობით პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს, პრეზიდენტმა ზოგადად ისაუბრა, თუ რას ითვალისწინებდა მისი შენიშვნები, თუმცა დეტალებში როგორ აქვს ეს არგუმენტირებული, ამას ჩვენ ვნახავთ და ამის შემდგომ ვიმსჯელებთ, რა გადაწყვეტილება მივიღოთ. იმ შემთხვევაში, თუ იქნება გასათვალისწინებელი გარკვეული შენიშვნები, ბუნებრივია, პარლამენტი მიიღებს ადეკვატურ გადაწყვეტილებას. პარლამენტს აქვს 15-დღიანი ვადა იმისათვის, რომ ვიმსჯელოთ პრეზიდენტის ვეტოზე და მივიღოთ შესაბამისი გადაწყვეტილება, ამ ნორმების მოთხოვნათა შესაბამისად, განხილული იქნება პრეზიდენტის შენიშვნები“, -განაცხადა გიორგი კახიანმა.
საქართველოს პრეზიდენტმა სასამართლო სისტემის რეფორმის ე.წ. მესამე ტალღასთან დაკავშირებულ პაკეტს ვეტო დაადო. ამის შესახებ ცოტა ხნის წინ გამართულ ბრიფინგზე თავად პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა.