აზერბაიჯანი ევროკავშირში გაერთიანებას არ განიხილავს

  აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ ქვეყანა არ განიხილავს ევროკავშირში გაერთიანებას, თუმცა მზად არის სტრატეგიული პარტნიორობისათვის. ალიევმა ეს განაცხადება დავოსში, მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე გააკეთა. “არა, ჩვენ არ ვგეგმავთ ევროკავშირში ინტეგრირებას, ჩვენი, აზერბაიჯანის და ევროკავშირის ურთიერთობა უფრო მაღალ ურთიერთობებს ითხოვს, ვიდრე ასოციაცია. თვითონ სიტყვა ასოციაცია ჩვენთვის მიუღებელია და უცნაურად ჟღერს. ასოციაციის წევრი – ეს რა პარტნიორობაა. აზერბაიჯანი ყველანაირად, მათ შორის პოლიტიკურადაც და ეკონომიკურადაც თვითმყოფადი ქვეყანაა. ყველა საინტეგრაციო პროცესში უნდა ილტვოდე, რომ დამატებითი პრეფერენციები მიიღო. ამ ყველაფერს ასოციაციის ფარგლებში ჩვენ ჯერ ვერ ვხედავთ. ამიტომ უარს ვაცხადებთ მასში გაწევრებაზე“,- განაცხადა ალიევმა. თუ სხვა თანამშრომლობის ფორმატი, მაგალითად, სტრატეგიული პარტნიორობის იქნება შემოთავაზებული, მაშინ ჩვენ ამას განვიხილავთ,- დაამატა მან. აზერბაიჯანის და ევროკავშირის ურთიერთობა 2006 წელს ლუქსემბურგში დადებულ შეთანხმებაზეა აგებული. ის 1999 წლიდან შევიდა ძალაში. ბაქო აგრეთვე პროგრამის „აღმოსავლური თანამშრომლობა“ წევრია, რომლის მიზანიც არის დაახლოება უკრაინასთან, სომხეთთან, მოლდოვეთთან, საქართველოსთან, აზერბაიჯანთან, ბელორუსთან. 2009 წელს ევროკავშირის სხვადასხვა წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა სამინისტროებმა შექმნეს მანდატი მოლაპარაკებების დასაწყებად სომხეთთან, აზერბაიჯანთან და საქართველოსთან ევროკავშირის ასოციაციაში გაწევრების თაობაზე. ალიევის თქმით, ქვეყანას არ აქვს ევროკავშირსა და საბაჟო კავშირს შორის არჩევანი. „საბაჟო კავშირის წევრებთან ჩვენ ძალიან კარგი და აქტიური ურთიერთობა გვაქვს, ჩვენს შორის ვაჭრობა იზრდება და პოლიტიკური კონტაქტებიც უმაღლეს დონეზეა”,- განაცხადა პრეზიდენტმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები