„საქართველოს რომ რაიმე დაემართოს, ასე მგონია, ჩვენი ფერეიდნელები თავიდან ააშენებენ“…

მისი ბავშვობა ბებოების ზღაპრებიდან და თქმულებებიდან დაიწყო… ახსოვს ის თბილისი, 90-ანი წლები – პურისა და ნავთის რიგები, კუპონები, უშუქობა…
ლექსების წერა კი უკვე ლონდონში, 2008 წლის აგვისტოს ომის შემდგომ დაიწყო, რამაც დიდი გარდატეხა მოახდინა მის სულიერ სამყაროში და დიდი პროტესტიც დაიწყო! ამ განცდას ზედიზედ ორი პოეტური კრებული მოჰყვა და მას მერე არ შეუწყვეტია წერა…
ფიქრებით მუდამ სამშობლოშია, მის ხალხთან, მიწასთან და მზესთან… ქველმოქმედებასაც ეწევა, როგორც შეუძლია, მხარში უდგას ქართველობას. ამბობს, რომ ამ სიღარიბის დაძლევა შესაძლებელია, ოღონდ, ერთი ძალისხმევა უნდა – ეკლესიის, მთავრობისა და საზოგადოების მხრიდან. – ხათუნა შავგულიძის პერსონა.

13939325_760927477372269_7262724173212111499_n

– ბავშვობიდან ბებო არის ჩემი მფარველი ანგელოზიცა და ყველაფერიც! უფრო სწორად, ბებოები, ვენაცვალე მათ სულს! ბებო, ანა წიკლაური, მთიული ქალი იყო, მაგრამ თბილისში დაბადებული და გაზრდილი…
მშობლები, დიანა ზაქაიძე, დედა, ბუღალტერი. მამა – იოსებ შავგულიძე, შინაგან საქმეთა სამინისტროს თამამშრომელი, საპასპორტო განყოფილების გამგე. შემდგომ მრავალი პროფესია გამოიცვალა, როგორც ბევრმა საქართველოში…
სკოლის მეშინოდა… არ მიყვარდა იქ წასვლა, რადგან ბებიასთან კარგად ვგრძნობდი თავს… დედის ბებია, ოლღა ჯანიაშვილიც – მთიული იყო, სოფელ წვერიდან… ეს ორი ბებო  ჩემი სამყარო იყო.
და რა იყო ამ სამყარო დასამახსოვრებელი?
– უუუჰ… რა ჩამოთვლის? თქმულებები წვერის წმინდა გიორგიზე, ზღაპრები… „კბილსავარცხელა”, „წიქარა”, „ხუთკუჭულა” და, რა თქმა უნდა, „გიორგი სააკაძე!” დანარჩენებს, მგონი, თავად იგონებდნენ! მაგრამ მე ყველა მიყვარდა, რადგან ყველგან სიკეთე იმარჯვებდა. ამ გრძნობით გავიზარდე, რომ ასთავიან ბაყბაყ დევს ძლევს მზეჭაბუკი, რადგან ის კეთილია.
პირველი ლექსებიც ამ დროს ხომ არ დაწერე?
– არა. პირველი ლექსი მე-9 კლასში დავწერე, როცა შეყვარებული ვიყავი, მაგრამ  ის ლექსი მაშინვე, საკუთარი კრიტიკის შედეგად, დაიხა. ამის შემდეგ, ანუ, ,,ზურიკელას ლექსების“ შემდეგ აღარაფერი დამიწერია. დამთავრდა პირველი სიყვარული და დამთავრდნენ ის ლექსებიც… მაგრამ სკოლაში საოცრად კარგად ვწერდი თემებს. ზეპირში არასდროს ვყოფილვარ ძლიერი, როდესაც კალამთან და ფურცელთან  მარტო ვრჩებოდი, მაშინ კი ფრენდა გონებაც, გულიც და სულიც… ჰოდა, შედეგიც იმდენად კარგი იყო, რომ მასწავლებელი არ მიჯერებდა, რომ ესა თუ ის თემა ,,გადაწერილი” არ იყო.
სტუდენტობა?14680963_796466547151695_7378911591117377458_o
– სტუდენტობა არაშემოქმედებითი მქონდა…
უნივერსიტეტში ვსწავლობდი ინგლისური ენის განხრით. შემდგომ იყო გათხოვება, შვილები… 90-ანი წლების შავბნელი ხანა. 1993 წელს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს მეუღლე დავკარგე… იგი იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი, მაიორი, აფხაზეთშიც ნაბრძოლი, მაგრამ თანამშრომლებთან ერთად ავტოავარიაში დაიღუპა. დამრჩა ორი ვაჟი და მესამე, ჯერ დაუბადებელი…
– ამ ტკივილს ხომ ზოგადად ქვეყანაში მძიმე ვითარებაც დაერთო…
– შემდგომი პერიოდი ისევე მძიმე იყო ჩემთვის, როგორც ყველასათვის, საქართველოში. პურისა და ნავთის რიგები, კუპონები, უშუქობა და ასე შემდეგ… მახსოვს, ჩამოდიოდნენ ჩვენთან ჩემი შვილების მეგობრები, 6-7 წლის ბავშვები და სანთლის შუქზე, ნავთის ქურასთან „ქალაქობანას“ ვთამაშობდით… ამას წინათ, მომწერა ჩემი შვილის მეგობარმა:
,,ხათუნა დეიდა, გახსოვთ? თქვენ  მაშინ გვითხარით, რომ როცა გაიზრდებით, თქვენი შვილებისათვის ბევრი საინტერესო რამ გექნებათ მოსაყოლიო… ჰოდა, ახლა მამა გავხდი და როგორც კი  ჩემი შვილი გაიზრდება, აუცილებლად ვუამბობ იმ პერიოდის შესახებ, სანთლის შუქზე ,,ქალაქობანას” რომ გვათამაშებდით“.  მესიამოვნა ამ ვაჟკაცის, დათო შევარდნაძის სიტყვები.
– 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ ახალი შთაგონება გაჩნდა…13590272_735865239878493_5838363030736103866_n
– ლექსების წერა უკვე ლონდონში, სწორედ 2008 წლის აგვისტოს ომის შემდგომ დავიწყე, რამაც, მართლაც, დიდი გარდატეხა მოახდინა ჩემს სულიერ სამყაროში. უდიდესი პროტესტის გრძნობა გამიჩნდა.
არ შემეძლო დამეჯერებინა, რომ 21-ე საუკუნეში სხვა სახელმწიფოს ასე უხეშად შეეძლო  ჯალალედინივით შემოჭრილიყო და დაეპყრო ჩემი სამშობლო!
მაშინ გაიღვიძეს ჩემში ,,ბებოს იმ ზღაპრებმა“, იმ სულმა, რითიც ბებოებმა აღმზარდეს. მაგრამ მაშინვე ლექსები არ მოსულა… ჯერ იყო ბევრი ცრემლი, ლოცვა, ვედრება, ყოველღამ და ყოველ დილით დანთებული სანთლები… წარმოუდგენელი სულიერი ტანჯვა იმის გამო, რაც ხდებოდა აგვისტოს ომის 5 დღის განმავლობაში, მაშინ თბილისში ვიყავი და ყველაფერს ვხედავდი და ვგრძნობდი. ეს იყო ჩემი სულიერი ,,მიწისძვრა“ – დამანგრეველიცა და აღმდგენიც.
თბილისიდან დავიძარი, აგვისტოს ბოლოს… როდესაც ომი დამთავრდა… აი, მაშინ მქონდა ეს ,,ჯიბრიანი” განცდა. ,,ჩვენ დავბრუნდებით“ – მეორე კრებულის სახელწოდებაა. თუმცა,  2007 წელს მოვიდა ჩემთან ემიგრანტული ტკივილით სავსე ლექსი ,,ელეგია“.
შემდეგ, 2008 წლამდე ისევ პაუზა იყო. და უცებ, ნოემბერში, თბილისში ყოფნის დროს იწყება საოცრება… საოცარი სიცარიელე სულისა და გონებისა… განცდა, რომელსაც არ შემიძლია დავარქვა სახელი გარდა ,,სიცარიელისა“…
დავდიოდი და  საკუთარი სიმსუბუქის და სიცარიელის მეშინოდა, თავიდან თითქოს აზრებიც კი გამიქრა. ჰოდა, ერთ ღამეს, როცა ასე ვყავდი ,,შეპყრობილი“ სიცარიელეს,  ჩემს თბილისში, ჩემს ოთახში, ჩემს წიგნებთან… რაღაც მინდოდა და ადგილს ვერ ვპოულობდი… მივედი წიგნების თაროებთან და ვფიქრობდი, რა წამეკითხა?.. არაფერი არ მინდოდა. შემდეგ, ფოტოალბომს ვეძებდი და ცარიელს, ლურჯყდიან რვეულს ,,შემოვხვდი“. კალამიც თავისთავად მოძებნა ხელმა და აი, ასე, დავწერე პირველი ფრაზა – ,,ჩემი სამშობლო ოქროსფერია“…  აკვიატებული ფრაზა იყო ემიგრაციაში და ამიტომ…12115570_1517731635215146_6870481116777975095_n
მერე? მერე სასწაული მოხდა ჩემთვის და მას მერე მჯერა, რომ სასწაულები ხდება! იმ საღამოს 7 ლექსი დაიწერა… და თურმე, შვიდივე კარგი აღმოჩნდა, იმდენად, რომ ლონდონის ქართულ სკოლაში საღამო მომიწყვეს.
ეს ლექსები ემიგრანტულ ჟურნალ ,,თანამემამულეში“ დაიბეჭდა ზაზა მესხის რედაქტორობით, ხოლო, 2009 წელს, დიდი ბრიტანეთის ქართული სკოლისა და სათვისტომოს თაოსნობით, გამოიცა ლექსების პირველი კრებული ,,ფიქრის რაშები“. შემდეგ, 2010 წელს ლონდონში არსებული საქველმოქმედო ჯგუფის თაოსნობით მეორე კრებული – ,,ჩვენ დავბრუნდებით“ დაიბეჭდა. მას მერე არ გავჩერებულვარ, ღვთის წყალობით. ახლა, მესამე კრებულზე ვმუშაობ, რომლის წარდგინებასაც თბილისში, 2017 წლის მაისში ვგეგმავ.
შორიდან დანახული საქართველო… 
– როდესაც რაღაც ან ვიღაც ძალიან გიყვარს, ის, შორიდან დანახული კიდევ უფრო საყვარელი და სანატრელი ხდება. საქართველო ჩემი მზეა, ჩემი ღმერთიცაა ჩემი სამშობლო, რადგან შორს მყოფს, ჩემი სამშობლოსათვის, როგორც ღმერთისთვის, ისე მითხოვია ,,შენი მიწითა და მზით გამაძლიერე, ჩემო სამშობლოვ“…
შორიდან დანახული საქართველო ოქროსფერია… ძვირფასი სახლია, რომლის კარიც შემიძლია შევაღო და სულიერად დავისვენო. ვისურვებდი, რომ ჩემი შორიდან დანახული საქართველო ესადაგებოდეს ახლოდან დანახულს… მანდ როცა ვარ, ბევრ სიდუხჭირეს ვხედავ და ეს გულისმომკვლელია.
 ოჯახი… მეუღლე მუსიკოსიაშვილები კი წარმატებით სწავლობენ ლონდონში11667468_591171121014573_3146515356216411097_n
– მეუღლე ედუარდ უოლში მუსიკის მოყვარულია. მისი გონება აურაცხელ ინფორმაციას იტევს ამ სფეროს ირგვლივ. ჩვენს სახლში ბევრს ვერაფერს ნახავთ წიგნების, სხვადასხვა დროს გამოშვებული გრამფირფიტების (დღეს რომ ისტორიას ჩაბარდნენ), CD-ებისა და ჩანაწერების გარდა, რომელნიც ყველაფერს მოიცავენ კლასიკიდან დაწყებული ქართული ხალხური სიმღერებითა და საგალობლებით დამთავრებული… სპეციალობით კი, მასწავლებელია, უკვე პენსიაში გასული.
რაც შეეხებათ ჩემს ვაჟებს, სამივემ დაამთავრა უნივერსიტეტი. ორი მათგანი უკვე მუშაობს, ხოლო მესამე ჯერ კიდევ ძიებაშია.
– ქველმოქმედებას ეწევით… 25 დეკემბერს საქველმოქმედო აქციაში მიიღეთ მონაწილეობა ჰერეთისკარის 6-შვილიანი ოჯახის დასახმარებლადდა რომ არ მთავრდება ასეთ გაჭირვებულებლთა რაოდენობა საქართველოში?
– დიახ, სამწუხაროდ, მართლაც, ჯერ არ დამთავრებულა საქართველოში გაჭირვება ბევრისთვის… ყველაზე მეტად, ჩვენი მომავალი თაობის დაკარგული ბავშვობა მიკლავს გულს. ის ოქროს ხანა, რომელსაც ყველა მივტირით და სიამით ვიგონებთ, მათთვის ტანჯვა და შიმშილია…
ღრმად მჯერა და მწამს, რომ ამ სიღარიბის დაძლევა შესაძლებელია, ოღონდ, ერთი ძალისხმევა უნდა – ეკლესიის, მთავრობისა და საზოგადოების მხრიდან. ერთი ძლიერი შეტევა და მოგვარდება ეს პრობლემა. უკვე აღარ მასვენებს ფიქრი საქველმოქმედო ორგანიზაციის შექმნაზე.
– გაიხსენეთ ერთი ლექსის ისტორიარომელიც განსაკუთრებული შთაგონებით დაიწერა901632_297614253703596_546719469_o
– ალბათ ისევ 2008 წელს უნდა დავუბრუნდე და გავიხსენო ლექსი ,,ჩვენ დავბრუნდებით“, „ფიქრის რაშები“ და „ვედრება“, – ვწერდი და ცრემლები ღაპა-ღუპით ჩამომდიოდა…
ომის დასრულების შემდეგ, მივდიოდი ლონდონში, უკან ვტოვებდი იავარქმნილ ჩემს საყვარელ სამშობლოს, გაუბედურებულ ქართველებს და არ მინდოდა წასვლა, ფეხები უკან მრჩებოდა, თითქოს რაიმეს ვუშველიდი ჩემი დარჩენით…
საერთოდ, ლექსი ლოცვის ტოლფასია… ჰოდა, შთაგონების გარეშე ლოცვა ხომ ყალბია და არ მიდის ღმერთამდე? ასევე, შთაგონების, ძლიერი გრძნობის გარეშე დაწერილი ლექსი ვერასდროს მივა მკითხველთა გულებამდე.
– თბილისი…
– თბილისი… ჩვენი დედოფალი… რომ შემეძლოს, ბერ რაიმეს შევცვლიდი. აღვკვეთდი ქალაქის ცენტრში ახალ-ახალი კორპუსების აშენებას, რომელნიც, მართლაც, სოკოებივით მრავლდებიან და ქალაქს ავიწროებენ. ქალაქს გავშლიდი, გავაფართოვებდი… შთაბეჭდილება მრჩება, რომ ჩვენს ქალაქს პატრონი არ ჰყავს – არც ,,ნათესავი და მყვარებელი” ვინმე… დიდი პრობლემაა ქალაქის უსუფთაო მდგომარეობაც.
როგორც ვიცით, თბილისი მტვრიანი ქალაქია (რა არის გასაკვირი ამდენი მშენებლობის გამო?) სადღაც გაქრნენ მანქანები, რომლებიც ქუჩებს რეცხავდნენ… აუცილებელია მათი დაბრუნება, განსაკუთრებით ზაფხულის პერიოდში. მოსახლეობამ და მთლიანად საზოგადოებამაც უნდა იზრუნოს ქალაქის დასუფთავებაზე თუ არა – არ დანაგვიანებაზე მაინც… აი,  ავტომობილების მოძრაობაც, უკვე ძალიან დიდ პრობლემად იქცა… ეს სამი დიდი და თვალშისაცემი პრობლემაა დღეს ჩვენს საყვარელ თბილისში და იმედია,  ამაზე სათანადო სამსახურებიც მუშაობენ.
ყვავილი%e1%83%ae%e1%83%90%e1%83%97%e1%83%a3%e1%83%9c%e1%83%90%e1%83%90%e1%83%90
ყველა ყვავილი მიყვარს, რადგან სილამაზე მიყვარს თავად. მაგრამ მაინც მიყვარს ვარდის დამათრობელი სურნელი, იასამნით დახუნძლული გაზაფხული, მიყვარს ია, სიმორცხვითა და საოცარი სურნელით, რომელიც მიწის სურნელსაც წააგავს, ალბათ ასე ახლოს რომ არის მიწასთან, ამიტომ… გვირილა მიყვარს. პატარა მზეა მიწაზე ჩამოსული და სულ მზესავით იღიმის…
როგორ ხვდებიან ინგლისელები ახალ წელს?
– ფეიერვერკებით!  ასიათასობით ადამიანი გროვდება ამ სიცივეში ტრაფალგარის მოედანზე და სანაპიროზე და შესცქერიან ულამაზეს სანახაობას, რომელიც 15-20 წუთის განმავლობაში გრძელდება… მართლაც, დიდებული სანახაობაა. თუმცა, მე უფრო სიმყუდროვე მირჩევნია, სახლში, ტელევიზორის წინ ოჯახთან ერთად. მაგრამ მთავარი ოჯახური დღესასწაული აქ შობაა.
ლექსი ვაჟაფშაველაზეშეხმიანებაა ვაჟასთან?
 ვაჟაზე სამი ლექსი მაქვს… სამივე ვაჟასთან შეხმიანებაა… თითქოს მას ვუზიარებ და ,,შევჩივი” დღევანდელ ყოფას და მისგან მოველი გამხნევებას… ასეთი გრძნობით ვწერ ვაჟაზე… აცხონოს უფალმა მისი მრავალტანჯული სული.14241666_1363037877047254_7210515178461724725_o
სულში შენახული საქართველო ყველა დამპყრობელზე ძლიერია“ – ეს ლექსი ფერეიდნელ ქართველებზე დაწერეთ
– ეს ლექსი, ფერეიდნელებზე ფიქრმა მოიყოლა. განსაკუთრებული დამოკიდებულება მაქვს ამ დიდებულ ქართველებთან. მათ თემას ხშირად ვუბრუნდები, რადგან ისინი ძალიან მეიმედებიან. ასე მგონია (ღმერთმა დაგვიფაროს), საქართველოს რომ რაიმე დაემართოს (გვაშოროს უფალმა), ჩვენი ფერეიდნელები  თავიდან ააშენებენ.
ისმის კითხვა, როგორ შემოინახა ამ ხალხმა ენა, დამწერლობა, სიმღერა, ქსოვა და ქარგვა ქართული ორნამენტებისა, ხალიჩებისა იმ არაადამიანური წნეხის ქვეშ, 400 წლის განმავლობაში? და პასუხიც ეს უნდა იყოს, მათ სულში შემოინახეს საქართველოცა და ქართველობაც, საიდანაც რაიმეს ამოძირკვა შეუძლებელია! რასაც სულში შეინახავ, მას ვერავინ წაგართმევს, სანამ ცოცხალი ხარ. მერე? მერე სული ღმერთთან მიდის და იქიდან მოავლენს ლოცვად სულში შენახულ სიყვარულს.
ამბავი, რამაც ცხოვრება შეცვალა13442318_586038824910396_7162262032750512781_n
– ისევ და ისევ, 2008 წლის აგვისტოს ომი! მაშინ ჩემი სულიერი ,,მიწისძვრა” მოხდა. ამ ომმა დამანახვა, რომ ერთ დღესაც შესაძლებელია, სამშობლო აღარ გვქონდეს, დაგვბომბონ… ასეთი განცდა არასდროს მქონია… ისე მომინდა მაშინ, გულში ჩამეკრა მთელი ჩვენი ქვეყანა, ყველაფრიანად, ადამიანებიანად და არასოდეს გამეშვა გულიდან და მკლავებიდან…
ძლიერ მომინდა, მოვფერებოდი და ყველაფერი მეთქვა მისთვის, რასაც ვგრძნობდი და განვიცდიდი მის მიმართ… მართლაც, სხვა ადამიანად ვიქეცი, ან შეიძლება, რაც დამალული იყო ჩემში, ზემოთ ამოვიდა…
ასე იყო თუ ისე, იმ დღეების მერე ძალიან შევიცვალე…

მე ქართველი ვარ…

მე ქართველი ვარ, მსურს წიაღში მივსდიო ფესვებს,
პირველი მოდგმა ადამის ძის, იბერიელი,12052532_614345468697138_8487664279088725581_o
წინაპრად ვუხმობ ქალდეველებს, შუმერებს, ხეთებს,
მე ვარ აღმდგარი ვით ლაზარე, ვარ ლაზი – ერი!
შენ, სისხლო ჩემო, სულო ჩემო, ჩემო შურიგე,
ქვეყნის გულია სადაც ჰყვავის ჩემი გურია,
ასე ინება ოდითგანვე არსთა გამრიგემ,
რომ ფუძე ჩემი ქართველური და ქა-რთულია.
მქოლეს და მფარცხეს, ცოცხლად მარხეს სახელი ჩემი,
დამინაწილეს, ნაბადივით მომირგეს მხრებზე…
ქვათა ღაღადი ვერ დაახშეს სიმართლის მთქმელი,
ასე მდუმარედ რომ ჰყვებიან ქართველურ გენზე.
ჯვარცმულ მაცხოვარს აღმოხდება ,,ელოი” სიტყვა
და ღვთისმშობელი დაიტირებს ნაწამებ ღვთის ძეს…
ქრისტეშობამდე ნეტავ რამდენს მოითვლის ის ქვა,
რაზეც პირველად დაიწერა ქართული სიბრძნე…
მე ქართველი ვარ და წიაღში მივყვები ფესვებს,
სადაც სამყაროს საწყისი თუ დასალიერი
მდუმარედ მამცნობს რომაელებს, ბასკებს თუ ბერძნებს
ყველგან ხვდებოდათ ნატერფალი იბერიელის.
ო, წინაპარნო, წარმართნო და ჯვარზე მლოცველნო,
კრძალვით ვუჩოქებ თქვენს წარუშლელ გრძნეულ ნაკვალევს –
ნაირნო, კოლხნო, მესხებო და იბერ, თუბალნო
მეც ქართველი ვარ და სიძველე ჩემი მავალებს –
ვიდგე იქ, სადაც შუბლმაღალი იალბუზია,
სად კავკასიონს უძერწია ლეგენდა ძველი…
საქართველო ვარ, არც ,,ჯორჯია” და არც ,,გრუზია”
არ ითარგმნება სხვა ენაზე ერის სახელი –
მე ვარ ქართველი.

ესაუბრა თამარ შაიშმელაშვილი

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები