25 წელი გამსახურდიას ხელისუფლების დამხობიდან – რა ხდებოდა თბილისში 1992 წლის 6 იანვარს

„პრეზიდენტის გადაწყვეტილებას თბილისის დატოვების შესახებ არ ვეთანხმებოდი, თუმცა შემდეგ მივხვდი, რომ მან ამით განადგურებას გადაარჩინა დედაქალაქი“-ასე იხსენებს ხარაგაულის ყოფილი პრეფექტი გია თავზარაშვილი 1991 წლის მიწურულის და 1992 წლის დასაწყისის „თბილისის ომის“ ტრაგედიას.
გია თავზარაშვილი ერთ-ერთი იყო, ვინც, გამსახურდიასთან ერთად, 6 იანვარს, გათენებისას უზენაესი საბჭოს შენობა დატოვა. პრეზიდენტ გამსახურდიას თანამებრძოლი 25 წლის შემდეგ მომხდარს სამოქალაქო ომს ვერ უწოდებს, გია თავზარაშვილი თვლის, რომ ეროვნული ხელისუფლება საქართველოში იმ დროს რუსულმა სპეც-სამსახურებმა დაამხეს.
„გათენებისას, დაახლოებით 5-6 საათზე დავტოვეთ უზენაესი საბჭოს შენობა, როცა დავტოვეთ თბილისი, გამსახურდია გარემოცვასთან ერთად წითელი ხიდისკენ წავიდა, მე ხარაგაულში დავრჩი, რადგან მქონდა კონკრეტული დავალებები, პრეზიდენტის გადაწყვეტილებას თბილისის დატოვების შესახებ მე იმ დროს არ ვეთანხმებოდი, თუმცა შემდეგ მივხვდი, ამით რა ააცილა დედაქალაქს გამსახურდიამ. სადაც ვცადეთ წინააღმდეგობის გაწევა და საიდანაც გვიტევდნენ, გადაწვეს ყველა ის ადგილი, გადავიდნენ სასტუმრო „თბილისში„ და იქიდან გვიტევდნენ. როცა დატოვეს სასტუმრო, გადაწვეს დისლოკაციის ყოფილი ადგილი, შემდეგ გადავიდნენ სამხატვრო აკადემიაში და იქიდან დაიწყეს შეტევა, აკადემიის დატოვების შემდეგ კი, აკადემიაც გადაწვეს. როცა რუსული სპეცსამსახურებით ხელშეწყობილი ძალა გეომება, ძნელია რამეს გახდე. გამსახურდიამ კარგად იცოდა, რომ თბილისი არ იყო გროზნო და არ იყო ორსაუკუნოვანი ისტორიის მქონე ქალაქი, ამიტომ მან ქალაქის დატოვებით თავიდან აიცილა დედაქალაქის სრული განადგურება და მასობრივი სისხლისღვრა,“-იხსენებს „კვირასთან“ გია თავზარაშვილი.
1991-92 წლის მოვლენებს სისტემატურად აშუქებდა რუსული პრესა. აი, რას წერდა თბილისში სიტუაციის დაძაბვის დროს “მოსკოვსკიე ნოვოსტი.”
“1991 წლის 24-28 დეკემბერს, როცა შეიარაღებული ოპოზიცია კრიტიკულ მდგომარეო15941800_1122583497860924_248647689_nბაში აღმოჩნდა, ამიერკავკასიის სამხედრო ოლქი იარაღით და ცოცხალი ძალით დაეხმარა გადატრიალების ორგანიზატორებს”.
რამდენიმედღიანი ომი ეროვნული ხელისუფლების დამხობით დასრულდა. მანამდე კი, 1992 წლის პირველ იანვარს, საომარი მოქმედებები რუსთაველის გამზირზე კვლავ განახლდა, პარალელურად – ვაგზლის მოედანზე მოსახლეობა შეიკრიბა გამსახურდიას ხელისუფლების მხარდასაჭერად, შეიარაღებულმა ჯგუფებმა მომიტინგეებს ცეცხლი გაუხსნეს. 3 იანვარს, დიდუბის მეტროსთან, რამდენიმე ათასკაციანი მიტინგი მოეწყო. მშვიდობიან მომიტინგეებს კვლავ გაუხსნეს ცეცხლი, დაიღუპა 5 ახალგაზრდა და დაიჭრა 25 კაცი. სამხედრო საბჭომ გამსახურდიას ხელშეუხებლობისა და თბილისის უვნებლად დატოვების პირობა მისცა. 1992 წლის 6 იანვარს, ღამით, ზვიად გამსახურდიამ მთავრობის სასახლე დატოვა. როდესაც ყოფილი პრეზიდენტის კოლონა მეტეხის ხიდზე გადადიოდა, გამსახურდიას მანქანა გაატარეს, ხოლო ავტობუსს ცეცხლი გაუხსნეს.
გია თავზარაშვილმა, პრეზიდენტი, გარდაცვალებამდე კიდევ რამდენიმეჯერ ნახა. „პრეზიდენტს ხშირად ვნახულობდი გროზნოში, შემდეგ – სამეგრელოში, ამ დაპირისპირებაში ჩვენ შეგნებულად არ ჩავრთეთ ძალოვანი უწყებები. მე, როგორც პრეფექტს, მაშინ მქონდა უფლება ხარაგაულის პოლიციისთვის მომეწოდებინა ხელისუფლების დასაცავად თბილისში ჩამოსულიყვნენ, ეს შეეძლო ყველა პრეფექტს, მაგრამ ამ დროს ძალას ვერავის დავატანდით, მამულიშვილობა ნებაყოფლობითი საქმეა. მათ ოკჯახები ჰყავდათ. ვერავის სსიხლს ვერ ავიღებდით ჩვენს მხრებზე,“-ამბობს გია თავზარაშვილი. დევნილი პრეზიდენტი თავშესაფრის იმედით აზერბაიჯანში გადავიდა. თუმცა პრეზიდენტმა მუთალიბოვმა, მას ტერიტორიის დატოვება მოსთხოვა. ზვიად გამსახურდია იძულებული გახდა, სომხეთში გადასულიყო, შემდეგ კი სოხუმიდან ჩამოფრენილი თვითმფრინავით გროზნოში გაფრინდა.
თბილისში კვლავ ხვრეტდნენ მიტინგებზე თავშეყრილთ, ზუგდიდში კი გამსახურდიას მხარდამჭერები მოსახლეობას სამოქალაქო ომისკენ მოუწოდებდნენ. საქართველო სამოქალაქო ომის ზღვარზე იდგა…15909612_1122583501194257_379205080_n 1991 წლის ოქტომბერში, გამსახურდია, თავის პოსტიდან წასვლას უკვე ვარაუდობდა.
“ჩემი პოსტიდან წასვლის შემდეგ მე დაგიხატავთ თბილისს, თუ ეს ამბავი მართლაც მოხდა: ასეთ შემთხვევაში თბილისი გადაიქცევა რამდენიმე უბნად დანაწევრებულ ქალაქად, სადაც იქნება თითო შეიარაღებული ხელისუფლება, შეიარაღებული ბანდები და მათი ხელმძღვანელები, მათ შორის იქნება მუდმივი ბრძოლა ძალაუფლებისა და ზეგავლენისთვის. იქნება მოსახლეობის არნახული ძარცვა, არნახული დარბევა, მოიშლება ყველაფერი – ელექტროენერგია, გაზი, კომუნიკაციები. საქართველოსაც მოედება ეს ტენდენცია და საქართველოშიც დაიწყება ლიბანიზაცია, საქართველო გახდება მსხვერპლი ტოტალური ანარქიისა და საერთოდ საქართველოს არსებობა დადგება კითხვის ნიშნის ქვეშ”.-ეს იყო ზვიად გამსახურდიას სიტყვა, რომელიც მან წარმოთქვა უზენაესი საბჭოს საგანგებო სესიაზე 1991 წლის 8 ოქტომბერს. 1992 წლის 7 იანვარს შეიარაღებული ოპოზიცია უზენაესი საბჭოს შენობაში შევიდა და გამსახურდიაზე გამარჯვება იზეიმა. სწორედ ამ დღეს დამთავრდა თბილისის ომიც, რომელმაც დასაბამი დაუდო უფრო სისხლიან შეტაკებას – სამოქალაქო ომს. იმავე დღეს, 7 იანვარს, მთავრობის სასახლიდან გასული გამსახურდიას 30-მდე გვარდიელი ზუგდიდში, შინ ბრუნდებოდა. ნატახტართან მათ ავტობუსს კიტოვანის ბიჭებმა ცეცხლი გაუხსნეს. ავტობუსში მყოფთაგან მხოლოდ რამდენიმე დარჩა ცოცხალი. მეორე დღეს, თბილისში, საბურთალოზე შეკრებილ რამდენიმე ათას მშვიდობიან მომიტინგეს სამხედრო საბჭოს ბრძანებით ცეცხლი გაუხსნეს. გამოიყენეს მხუთავი გაზიც, დაიღუპა 3 და დაიჭრა რამდენიმე კაცი.
ომს, რომელსაც გამარჯვებულები არ ჰყოლია, აშუქებდა როგორც დასავლური, ისევე რუსული პრესა, შეფასებაც სხვადასხვაგვარი იყო. თბილისის ომს, რომელიც 15 დღე გრძელდებოდა და 300-მდე კაცის სიცოცხლე შეეწირა, დასავლურმა მედიამ “სისხლიანი კლოუნადა” უწოდა, ხოლო რუსული მედია წერდა: “მსოფლიო ისტორიამ მიიღო უიშვიათესი ფენომენი – სამოქალაქო ომი ერთი იდეალისთვის”.

თამარ ოქრუაშვილი

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები