სამშობლოში დაბრუნებული მიგრანტები – „ჩვენთვის თქვენი რესურსი მნიშვნელოვანია“
შესავლისათვის: რამდენიმე წლის წინ ერთ-ერთ ინტერნეტ გაზეთში დაიბეჭდა სტატია „მიგრანტები – ადამიანები, რომლებიც არსად სჭირდებათ“ (tspress.ge ავტორი ეკატერინე ლემონჯავა). ამ წერილში იყო აღწერილი ის ტრაგედიები, რომლებიც მიგრანტებს ხდებოდათ თავს სხვადასხვა ქვეყანაში. ავტორი მკაცრად აფასებდა მიგრანტების მიმართ როგორც სახელმწიფოების დამოკიდებულებას წლების განმავლობაში, ასევე არასამთავრობო სექტორის მუშაობასაც; როგორი მდგომარეობა გვაქვს დღეს? თუ ხდება მუშაობა და რა შედეგებს ვიღებთ სამშობლოში დაბრუნებული მიგრანტების კუთხით, თუ იღებს ვალდებულებას სახელმწიფო სექტორი თავის თავზე? როგორია დღეს სამშობლოში დაბრუნებულ მიგრანტთა მდგომარეობა და არიან თუ არა დღეს ისინი, როგორც ზემოთ ერთ-ერთმა ბლოგერმა მოიხსენია – ადამიანები, რომლებიც არსად სჭირდებათ. „ადამიანები, რომლებიც არსად სჭირდებათ“ თუ ადამიანები, რომელთა რესურსიც მნიშვნელოვანია? მიგრანტების თემა თავისთავად ტრაგიკული თემაა; ესენი არიან ადამიანები, რომლებიც ვერც სამშობლოში რეალიზდნენ სასურველად, იძულებულები გახდნენ სხვა ქვეყნებში წასულიყვნენ, სამწუხაროდ, ვერც იქ მოიკიდეს ფეხი და ამ ყველაფრის ფონზე კვლავ იძულებულები გახდნენ სამშობლოში დაბრუნებულიყვნენ კიდევ უფრო დამძიმებულები, დაზარალებულები და კიდევ უფრო მეტი უპერსპექტივობის განცდით. ამ ტრაგიზმის მიუხედავად, ჩემთვის მაინც სასიამოვნო მოულოდნელობა გახდა, როდესაც აღმოვაჩინე, რომ საქართველოში, სამშობლოში დაბრუნებულ მიგრანტებს უკვე არა ერთი წელია ეკიდებიან თანაგრძნობით და უჭერენ მხარსაც. 2015 წლამდე მიგრანტების რეინტეგრაციის მხარდასაჭერ პროგრამებს მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია ევროკავშირის დაფინანსებით ანხორციელებდა, 2015 წლიდან საერთაშორისო ორგანიზაციებმა შეწყვიტეს დახმარება, ხოლო პროგრამების განხორციელების ვალდებულება საქართველომ იტვირთა. 2017 წლიდან საქართველოს სახელმწიფო ამ ვალდებულებას უკვე მთლიანად აიღებს თავის თავზე და თბილისის გარდა, რეგიონებს სრულად მოიცავს. რას იღებენ მიგრანტები სახელმწიფოსგან? იმის გამო, რომ ამ მიმართულებით გარკვეული აქტივობები მეც გამოვხატე და ჩავერთე მცირე დოზით სამშობლოში დაბრუნებულ მიგრანტთა დახმარების პროგრამაშიც, არაერთ მიგრანტთან მომიწია გასაუბრება. ზოგიერთმა მათგანმა მიამბო, რომ სამშობლოში „იძულებით“ დაბრუნების დროს, „დევნილთა სამინისტროს“ თანამშრომლები პირადადაც დახვდნენ აეროპორტშივე, მათ გამოუნახეს დროებითი საცხოვრებელი, შემდეგ ფსიქოლოგიური რეაბილიტაციაც აღმოუჩინეს სპეციალისტებმა, ასევე სახელმწიფოს დაფინანსებით სამინისტრომ მოახერხა მათი პროფესიული კვალიფიკაციის გადამზადება და სოციალური საწარმოს დაფინანსებაც. დევნილთა და განსახლების მინისტრის, სოზარ სუბარის ინფორმაციით, მიგრაციის პროგრამის ფარგლებში მოქალაქეებს შეუძლიათ ორგანიზაციის წევრებისგან დახმარება მიიღონ ბიზნეს პროექტების დაფინანსებაში, სამედიცინო მომსახურებაში, პროფესიული გადამზადებისა და იურიდიულ საკითხებში. ეს არის აუცილებელი კომპონენტები, მხარდაჭერა იმ ადამიანებისათვის, რომლებიც არარეგალურად იმყოფებოდნენ საზღვარგარეთ, მათ გარკვეული პრობლემების გამო ისევ მოუწიათ უკან დაბრუნება სამშობლოში. ამ პროგრამით სახელმწიფო ცდილობს გარკვეული მხარდაჭერა აღმოუჩინონ მათ, რათა ეს ადამიანები კვლავ არ გახდნენ იძულებულები სამშობლო დატოვონ.
როგორია სტატისტიკა? 2015 წლის პროგრამის ფარგლებში 165 ბენეფიციარს დაუფინანსდა სხვადასხვა სახის სარეინტეგრაციო სერვისი, ხოლო 2016 წლის 1 ივნისიდან, დღემდე, 77 დაბრუნებულ მიგრანტს დაუფინანსდა სოციალური პროექტები; 24 ბენეფიციარს გაეწია სამედიცინო დახმარება; 15-მდე დაბრუნებულ მიგრანტს სახელმწიფო დაეხმარა პროფესიულ გადამზადებაში; ამდენივე დაბრუნებულ მიგრანტს გაეწია იურიდიული დახმარება.
ვის შეუძლია ჩაერთოს პროგრამაში? სამინისტროს ოფიციალური ინფორმაციით, საგრანტო პროგრამაში ჩართვა შეუძლია საქართველოს მოქალაქეებს ან საქართველოში მუდმივად ცხოვრების ნებართვის მქონე პირებს, რომლებიც საზღვარგარეთ იმყოფებოდნენ ერთ წელზე მეტი ვადით არალეგალურად, ან საზღვარგარეთ ჰქონდათ განაცხადი თავშესაფრის მიღებაზე, ან სარგებლობდნენ ჰუმანიტარული სტატუსით; ასევე პირებს, რომლებიც სამშობლოში დაბრუნებიდან 1 წლის განმავლობაში დარეგისტრირდებიან „საქართველოში დაბრუნებულ მიგრანტთა სარეინტეგრაციო დახმარების“ სახელმწიფო პროგრამაში ჩართვის მიზნით.
დასასრულისთვის: „ჩვენთვის თქვენი რესურსი მნიშვნელოვანია“ – ეს სლოგანი დევნილთა და განსახლების სამინისტრომ ორგანიზაცია Vipr Group -თან ერთად შეიმუშავა სამშობლოში დაბრუნებული მიგრანტებისათვის. „სამშობლოში დაბრუნებულ მიგრანტთა დახმარების“ პროგრამაში არაერთი არასამთავრობო ორგანიზაცია თანამშრომლობს სახელმწიფოსთან, არაერთ შემთხვევაში თავად მიგრანტებმა შექმნეს არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც მიგრანტების მიმართულებით მუშაობენ.
დღეს სახელმწიფო ცდილობს სამშბლოში დაბრუნებული მიგრანტების მიმართულებით გარკვეული ვალდებულებები თავის თავზე აიღოს, ზოგიერთ შემთხვევაში მნიშვნელოვან დადებით როლსაც ასრულებს, თუმცა, ამასთან ერთად ის უფრო მიმაჩნია მნიშვნელოვნად, დღეს სახელმწიფო არ უქმნიდეს თავის მოქალაქეებს გაქცევის სურვილს, თავისთავად, ძალიან მძიმეა იმის გააზრება და განცდა, როდესაც ფიქრობ, რამდენ ოჯახში საუბრობენ დღესაც ქვეყნიდან წასვლაზე, როგორც გადარჩენის ერთადერთ ხერხზე; როგორ ეძებენ ეს ადამიანები ხერხებს; როგორ ნებდებიან იმ იდეას, რომ ჩუმად, არარეგალურად გადავიდნენ სხვა ქვეყნებში, კიდევ უფრო დაუცველად, კიდევ უფრო შეუმჩნეველად და უუფლებოდ და რამდენად მძიმეა ის რეალობა, რომელიც ამ სასიცოცხლოდ საშიშ და საფრთხილო მომავალს მაინც უპირატესს ქმნის ჩვენი არაერთი მოქალაქისათვის; და იმ ყველაფრის ფონზე, როდესაც უმძიმესი ისტორიებია ცნობილი, როგორ გადასულან ჩვენი მოქალაქეები საზღვრებს მიღმა, ზოგან ტვირთის ნაცვლად, ზოგან ჩაკეტილებს მცირე და თითქმის უჰაერო სივრცეში, ოღონდ კი გაშორებოდნენ საკუთარ სამშობლოს; ამ ყველაფრის მიუხედავად კი სხვა ქვეყნებში გადასულებს კიდევ უფრო მძიმე რეალობა დახვედრიათ, თუმცა ბოლომდე უბრძოლიათ, მაგრამ მათ ნაწილს ეს უმძიმესი სინამდვილეც კი საოცნებოდ დარჩენიათ, ესეც ვერ შეძლებიათ და მაინც ან იძულებით დაუბრუნებიათ სამშობლოში ან თავადვე დაბრუნებულან ასევე იძულებით. თითოეული ემიგრანტის ისტორია უმძიმესია, საუკეთესო ისტორიაც კი, წარმატებული ემიგრანტიც კი ტრაგიკულია, მით უმეტეს ბრძოლაში დამარცხებული, ამიტომაც ჩემთვის ეს თემა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია და დავინტერესდი რას ახერხებს სახელმწიფო და რას არა. ჩემთვის ნამდვილად ოპტიმისტური იყო იმ ისტორიების მოსმენა, რომელიც სამშობლოში დაბრუნებულმა მიგრანტებმა მიამბეს სახელმწიფოს თანადგომის შესახებ; მართლაც მსურს, რომ ეს ადამიანები არ იყვნენ ადამიანები, რომლებიც არსად სჭირდებათ, არამედ გახდნენ ადამიანები, რომლებსაც სახელმწიფო აღიარებს ასე: „ჩვენთვის თქვენი რესურსი მნიშვნელოვანია“.