ეგვიპტის სამხრეთ ნაწილში თავდასხმას ხუთი პოლიციელი ემსხვერპლა
ეგვიპტის სამხრეთ ნაწილში, საკონტროლო – გამშვებ პუნქტზე თავდასხმას ხუთი პოლიციელი ემსხვერპლა. ინციდენტი ბენი სუეფის პროვინციაში, ავტომაგისტრალზე, კაიროდან 100 კილომეტრში მოხდა. უცნობი შეიარაღებული პირების თავდასხმის შედეგად ორი სამართალდამცველი დაშავდა. ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ჯერჯერობით მომხდარზე პასუხისმგებლობა არცერთ დაჯგუფებას არ აუღია. პრეზიდენტ მუჰამედ მურსის გადაყენების შემდეგ ეგვიპტეში, პოლიციელების საგუშაგოებზე თავდასხმები გახშირდა. გასული წლის ივლისიდან, ანალოგიური ინციდენტების შედეგად, 250 სამართალდამცველი დაიღუპა.