„ადამიანებს მშვიდობის ფასი დაავიწყდათ“ – მხატვარი, რომელსაც ნამდვილი ბავშვობა არ ეყო…

პირველად თოჯინა შეკერა, მერე სამკაულები მოჰყვა ახლობლებისთვის. გაჩნდა იდეებიც… ბოლოს აბსტრაქტული ნახატები შეიქმნა. ამბობს, რომ  სამყაროში ყველაფერს იმაზე მკვეთრად ხედავს, ვიდრე სინამდვილეშია, ძველ ლარნაკსა თუ ჩარჩოში სხვა ისტორიას და სილამაზეს, სხვა დროის ანარეკლს ხედავს და შეუძლია, ეს სილამაზე ადამიანებს უფრო მკვეთრად დაანახვოს…
მთავარია, ყველაფერს სიყვარულით ვაკეთებ, ჩემი გული დიდი სიყვარულითაა სავსე და მინდა ის ყველას გავუნაწილო“… – ლელა აბრამიშვილის პერსონა.

15682852_1514264211936976_779926026_n

 ჩემი ბავშვობა ერთი დიდი გაურკვეველი პერიოდია. როდესაც ცდილობ, გაიგო შენ ირგვლივ სამყარო, მაგრამ ვერ წვდები არსს, თუ რატომ არის ირგვლივ ასეთი ქაოსური, მისტიკური… პატარა და დიდი ადამიანები უცნაური საუბრებით და საზღვარშემოვლებული, ჩარჩოებში მოქცეული ცხოვრებით… სულ ვცდილობდი დავმალულიყავი სამყაროსა და ადამიანებისგან. რაღაც გაუცნობიერებელი ბავშვური შიშით შეპყრობილი ყოველთვის მყუდრო ადგილს ვეძებდი თავშესაფრად.
სევდიანია ბავშვობის ყველა  მოგონება, რადგან 90-იანი წლების მძიმე ცხოვრება ყველა ოჯახს ერთიანად შეეხო. ალბათ, ნამდვილი ბავშვობა არ მეყო და ამიტომაც  ეს ბავშვობა ხასიათსა თუ გარეგნობაში დიდხანს გამომყვა…
–  როდის იგრძენით, რომ ხელოვნება იყო სხვა სამყარო?
– ამას ყოველთვის ვგრძნობდი, ყოველთვის ჩემში იყო. სულ მეუბნებიან: რა კარგია, ასეთი ნიჭიერი რომ ხარო, მაგრამ, გამოგიტყდებით, ეს ნიჭიერება ხანდახან წყევლასავითაა. ყველა ჭეშმარიტი ხელოვანი მიხვდება და გამიგებს, ამით რისი თქმაც მინდა. ძალიან რთულია, ამდენი ნიჭი დაიტიო. როცა შენშია ხელოვნება, ამას ვერაფრით შეცვლი, ვერ უარყოფ, ვერ დააიგნორებ, რადგან სანამ გარშემო სამყაროსგან დაგროვილ შთაბეჭდილებებს და განცდებს ისევ სამყაროს არ დაუბრუნებ უფრო ლამაზი სახით, ისე არ მოგასვენებს შინაგანი სამყარო.
–  პირველი ნამუშევარი?
–  ადრეული ასაკიდან ვხატავდი ჩემს სათქმელს, მერე კი, როცა წერა  და აზრების დალაგება ვისწავლე, უკვე ჩანახატებს ვწერდი, შემდეგში – უკვე ლექსებსაც.
–  სამყაროსთან შეხმიანება სიტყვით ან ფერით დაიწყეთ… რას ეუბნებით და რას მოგიგებთ ხოლმე ამ დროს სამყარო?
–  ყველაზე სრულყოფილი სამყარო გვაქვს, მაგრამ ადამიანები მას არ ვაფასებთ, პირიქით, ვცდილობთ თავად ვიყოთ იდეალურები და გვავიწყდება, რომ უბრალოება ყველაზე სრულყოფილი რამ არის ადამიანში. სამყაროში ყველაფერს იმაზე მკვეთრად ვხედავ, ვიდრე ალბათ სინამდვილეშია, რადგან ადვილია ჩემთვის ვხედავდე არა მარტო ხეს, არამედ ვგრძნობდე მის ფესვებს ქართული მიწის ქვეშ.15644241_1513538115342919_1328186438_n
ბავშვობაში იისფერი მიყვარდა, ახლა განწყობის მიხედვით გადმოვცემ ფერებს. ჩემი შემოქმედება კი, ალბათ უფრო მეტად მუქი და ცივი ფერებითაა სავსე, რადგან, მისტიკა უფრო მეტია ჩემს ხასიათსა და შინაგან სამყაროში, მიუხედავად იმისა, რომ ადამიანების გარემოცვაში უმეტესად მხიარულ და კარგ ხასიათზე ვარ.
–  „კიდევ კარგი, რომ სიყვარული არსებობს“…
–  კიდევ კარგი, რომ სიყვარული არსებობს და კიდევ გვაქვს შანსი, რომ დავრჩეთ ნამდვილ ადამიანებად…
– როდის დაიწყეთ ხელნაკეთი ნამუშევრების შექმნა?
– პირველად, მახსოვს, ბავშვობაში თოჯინა შევკერე, მერე სამკაულებს ვაკეთებდი ჩემთვის და ჩემი მეგობრებისთვის.
–  სუნამოს ფლაკონი, ძველებური ლარნაკი შეფერადდავიტრაჟით, თვლებით, მეტალით… ძველი სარკე, ძველი ჩარჩო გაცოცხლდა ხელით შეკერილი ყვავილებით…  სანთლები დეკორატიულად გაფორმდა… როგორ მოდის ფანტაზია?
–  იდეები ყოველთვის მაქვს, თანაც უამრავი… უბრალოდ, ხდება ისე, რომ სხვადასხვა მიზეზის გამო ვერ ვახორციელებ ყველას. შემიძლია, უბრალო, თუნდაც სულ უსარგებლო ნივთებისაგან რაღაც ლამაზი შევქმნა, გავაცოცხლო, მეტად ღირებული გავხადო. უბრალო, ძველ ლარნაკსა თუ ჩარჩოში სხვა ისტორიას, სხვა სილამაზეს, სხვა დროის ანარეკლს ვხედავ და შემიძლია, ეს სილამაზე ადამიანებს უფრო მკვეთრად დავანახვო. ჩემთვის ერთგვარი განტვირთვაა რაღაც ლამაზის შექმნა, სხვაგვარად არც შემიძლია… თუ რაღაც არ დავწერე, არ შევქმენი, არ დავხატე, საკუთარ თავს დავკარგავ, ამით ჩემში შინაგან სამყაროს მოვკლავ და ეს თვითგანადგურებამდე მიმიყვანს…
– ამ ბოლო დროს ახალი გატაცება გაქვთ – არტხელოვნება, აბსტრაქცია…15645575_1513538028676261_1170719424_n
– აბსტრაქტული სტილის ნახატები ყოველთვის მომწონდა, ყოველთვის ახლოს იყო ჩემს სამყაროსთან. ასეთ ნახატში ყველა ადამიანი სხვადასხვა აზრს და ჩანაფიქრს პოულობს და საინტერესოა. მთავარი ჩემთვის  ჩემეული განცდებია, რომლებსაც ნახატებში საღებავებში გახვეულს ვდებ, ნაწერებში ვაწყობ სიტყვებს შორის… ყოველთვის იმის კომპლექსი მქონდა, რომ ჩემი სამყაროს პატარ-პატარა ნაწილები, ჩემი აზრები და შთაბეჭდილებები ღიად მეჩვენებინა საზოგადოებისთვის ხელოვნების სახით.
დიდხანს ვიმალებოდი, რადგან მეშინოდა, რომ ვერ გამიგებდნენ. ვქმნიდი მხოლოდ ჩემთვის და მხოლოდ ახლო მეგობრებმა იცოდნენ. მათი დაჟინებული თხოვნით გავბედე, სწორედ ინტერნეტსივრცეში ამეტვირთა ხელნაწერები და მკითხველს მოეწონა. სულ უცხო ადამიანებმა ისეთი მიიღეს ჩემი სამყარო, როგორიც არის, აღფრთოვანებითაც კი, და ამან დიდი სტიმული მომცა. ხელოვნების სიყვარულმა უამრავი კარგი მეგობარი,  ხელოვანი და კეთილი ადამიანები შემძინა.
– „ესეც ჩემი ცუდი ხასიათიდარღვეული ქალაქების სევდა, –  ახალ ნახატს ასე აღიქვამ…
– ვუყურებ და ვხედავ, როგორ ირღვევიან შენობები დახშულ ხმაურში და ეს ჩემთვის სევდიანია… ნახატებს იშვიათად ვქმნი. არის პერიოდები, როცა ვერ  და ამას ხატვით ვინაზღაურებ. მეტად მამშვიდებს და მიადვილდება იმის გადმოცემა, რასაც სიტყვებით ვერ აღვწერ ისეთს, როგორც სინამდვილეშია. ასეა ეს ნახატიც, ის უნდა დაინახონ და იგრძნონ…
– ლექსი „თვითმკვლელი ქალაქი“…  ლექსებსაც ხასიათების მიხედვით წერთ?15631541_1513547885341942_679939369_o
– დიახ, ლექსებს ყოველთვის ხასიათების მიხედვით ვწერ, იგრძნობა კიდეც  სხვადასხვა განწყობა. უმეტესად სევდაა, წუხილი… ბედნიერებაზე იშვიათად ვწერ, რადგან ვფიქრობ, ბედნიერება უნდა იგრძნო ადამიანმა და ესეც საკმარისია.
მაგრამ გულისტკივილს ყოველთვის მძაფრად გამოვხატავ, ბუნებით ძალიან სუსტი და მგრძნობიარე ვარ და ვერ ვტევ ამდენს ჩემს მდუმარებაში. მახსოვს ”თვითმკვლელი ქალაქი” ზუსტად ისეთად აღვწერე, როგორსაც იმ მომენტში ვხედავდი. უმეტესად მაქვს შეგრძნება, რომ რაღაც ისე ვერ ვთქვი, როგორც ვგრძნობდი, მაგრამ არის ჩემს შემოქმედებაში ისეთი ხელნაწერებიც, სადაც სრულყოფილად გადმოვეცი სათქმელი, განცდა თუ ხასიათი.
– ამ ბოლო დროს გამოქვეყნდა  ორი მოთხრობა: ცარიელი მოლოდინიდა დიდები თამაშობენ ომობანას”...
–  ჟურნალ „ცისკარში“ „დიდები თამაშობენ ომობანას” დაიბეჭდა. ეს მოთხრობა ბავშვზეა, რომელიც აგვისტოს ომს შეესწრო. პერსონაჟი და სიუჟეტი გამოგონილია. უბრალოდ, ბავშვის თვალებით დანახული სამყარო გადმოვეცი, რომ ეგრძნოთ ადამიანებს, რამხელა არაადამიანური შიში და ტრაგედიაა ბავშვებისთვის ომი, რამდენად გაუაზრებელი სისასტიკე.
ეს მთელი მსოფლიოს მასშტაბით ხდება  და საბრალო ბავშვები ამით ყველაზე მეტად იტანჯებიან… „ცარიელი მოლოდინი“ კი „მერანის“ ანთოლოგიაში შევიდა და ძალიან მიხარია, რომ ეს მხატვრული მოთხრობა ასე ახლოს მივიდა მკითხველის გულებამდე და ასეთი ამაღელვებელი შთაბეჭდილებები დატოვა. მოთხრობა ადამიანურ განცდებზეა და არა მარტო, ასევე აღწერილია სახლის განცდებიც. ამ მოთხრობაში ძალიან გულწრფელად ვთქვი ჩემი სათქმელი და ვფიქრობ, ამიტომაც გამოვიდა ასეთი საინტერესო.
–  „ზღვა გატეხილი ზეცის სარკეა“. რატომ?15665983_1514273525269378_891253981_n
–  საოცრად მიყვარს ზღვა. ძალიან მამშვიდებს მისი ხმაური. ის ჩემთვის მისტიკურია. მთელ გალაქტიკას ირეკლავს, თავის ტალღებში იგუბებს მის ზევით ხმაურს. მაშინებს და მიყვარს… მიყვარს და მაშინებს… ჩემს თავს შევადარებდი ამ ყველაფერს, ჩემი შინაგანი სამყარო ასე ნაწილ-ნაწილ, ნამსხვრევებად გამომაქვს სამყაროში ხელოვნების სახით. ხანდახან მგონია, რომ ეს სამყარო ძალიან პატარაა იმისთვის, რომ მასში ჩემი შინაგანი სამყარო დავტიო…
– „ჩვენ ვცხოვრობთ ქალაქის აკვარიუმში ქვებით სავსე აკვარიუმშიდა თევზებივით მუნჯად ვეგუებით დახშულ უჰაერობას“ – რატომ?
– ეს იმიტომ, რომ ხანდახან ადამიანები თევზებს ვგავართ, ბევრ რამეზე ვჩუმდებით, მუდმივად მივყვებით დროის დინებებს, ვფიქრობთ, შეგვიძლია შევცვალოთ რაღაც, მაგრამ ამ ცვლილებებითაც ისევ იგივე ცხოვრებას ვუბრუნდებით, ქვის შენობებით სავსე ქალაქებში, სადაც მალე სივრცეებიც აღარ გვექნება, უჰაერობით ამოვსებულ ქუჩებში მოგვიწევს ისევ თევზებს დავემსგავსოთ და ვერასოდეს შევადარებთ ჩვენს თავს ჩიტებს…
– „ჩემს ქვეყანაში გვირილები დასნეულდნენ მოიწყინეს და მერე გადაწყვიტეს სიკვდილი და რა ძნელია, როცა ვუყურებ და ვერაფერს ვშველი!..“ –  სნეული გვირილები…15658664_1513546312008766_2089188327_o
–  ზოგადად, ძალიან მტკივნეულად აღვიქვამ უსამართლობას, სისასტიკეს. იმას, რომ არ აფასებენ ადამიანები სამყაროსა და ერთმანეთს. და ყველაფერ ამის ფონზე სამყარო კვდება, ქვეყანა იგლიჯება და ვერაფერს ვშველი, როგორ შემიძლია მე, უბრალო ადამიანმა, სამყაროს ნგრევაში გართულ ადამიანებს სიყვარული ვასწავლო და დავარიგო, როცა მათ ერთმანეთის სიყვარულიც კი დაავიწყდათ…
– „ქალაქის ხმაურში იგუდებიან მუზებიდა ცით დახურულ ქვეყანაში აღარ ვიცი, რომელ კედელს შეველეწო“ –  როდის მოდის მუზა?
– როგორი სავსეც არ უნდა ვიყო განცდებით, როგორც არ უნდა მახრჩობდეს სათქმელი, სანამ ქაოსს არ გავერიდები და მყუდრო ადგილს არ ვიპოვი, ვერც ვწერ მშვიდად. მიუხედავად იმისა, რომ უამრავი მეგობარი, ძვირფასი და საყვარელი ადამიანები მყავს, მაინც შინაგანად მარტოსული ადამიანი ვარ.
მიყვარს მარტოობა და ამას არც არასოდეს უარვყოფდი, რადგან მარტოობით ვარ სავსე და ეს სულაც არ ნიშნავს სიცარიელეს, ეს სიმშვიდეა ჩემთვის, ქაოსებისა და სისულელეებისგან თავის დასაღწევად. მუზა კი ბევრმა რამემ შეიძლება მომიტანოს, სიყვარულმა, უსამართლობამ, იმედგაცრუებამ, ფრთამოტეხილმა პეპელამაც კი, ის ყველგან და ყველაფერშია, მუზებიც ისევე შემეჩვია, როგორც მე მივეჩვიე ტკივილებით სავსე სამყაროში ცხოვრებასა თუ არსებობას.
რამდენიმე წელი კერამიკის მოხატვაზე მუშაობდით, ზაფხულში ხელნაკეთი ნივთების მაღაზიაში იმუშავეთ… ვიცი, რომ ყველგან ვერ მუშაობთ… ამჟამად რა გატაცება გაქვთ?15673334_1513538068676257_2024883675_n
– კი, მართალია, ყველგან ვერ ვმუშაობ, რადგან ერთადერთი, ხელოვნების სფეროა, როცა შემიძლია საკუთარი სამუშაოთი ბედნიერი ვიყო. ესაა ჩემთვის უმთავრესი და არ აქვს მნიშვნელობა არც სამუშაოს, არც ფულს, როცა საყვარელ საქმეს არ ვაკეთებ. ამჟამად ისევ ხელოვნებას ვემსახურები. შეკვეთებზეც ვმუშაობ და მინდა, ყოველთვის საყვარელი საქმე ვაკეთო.
 გამოფენაზე  და კრებულის გამოცემაზეც ფიქრობთ, ალბათ…
– ყველაფერს თავისი იდეალური დრო აქვს. გაზაფხულიდან უკვე აქტიურად ვეცდები, მრავალი იდეა განვახორციელო. უფრო რეალური გავხადო ჩანაფიქრი, რადგან ვგრძნობ ადამიანების მხარდაჭერას, სიყვარულს, სურვილს, რომ უკეთ გაიცნონ ჩემი შემოქმედება და ეს დიდი სტიმულია ჩემთვის. მთავარია, ყველაფერს სიყვარულით ვაკეთებ, ჩემი გული დიდი სიყვარულითაა სავსე და მინდა ის ყველას გავუნაწილო, სიძულვილს ვერც ვგრძნობ საერთოდ. მე მხოლოდ სიყვარული შემიძლია.
–   „ანკარა არის ულამაზესი ქალაქი, მაგრამ ჩემი თბილისი ყველა ქალაქზე ლამაზი, თბილი და გულში ჩასახუტებელია. მიყვარს ჩემი საქართველო, მიყვარს მთელი არსებით და ამ სიყვარულს ვერავინ და ვერაფერი წამართმევს და გადამაფიქრებინებს“… როგორ თბილისს ინატრებდით?15682674_1514280098602054_1530441411_n
– თბილისი ისეთი მიყვარს,როგორიც ახლაა, ყოველთვის ისეთივე მეყვარება საქართველოც, როგორიც არ უნდა იყოს. აქ სხვა მიწა, ზეცაა და ჰაერიც კი. ერთადერთი, რასაც ალბათ ბოლომდე ვერც აღვწერ, ეს ჩემი სიყვარულია სამშობლოს მიმართ.
თავადაც ვერ ვხვდებით ქართველები, როგორ გაგვიმართლა, ამ ქვეყანაში რომ დავიბადეთ. ვერ ვაცნობიერებთ, რამხელა წარსულით და ბრძოლებით მოვედით ამ დრომდე, ვერ ვგრძნობთ, რომ სამშობლო ერთადერთი ჭეშმარიტი თავშესაფარია და ის კი არა, ჩვენ ვკრავთ მას ხელს… ძალიან მეამაყება ქართველობა… ამ ქვეყანაში ხალხს ვინატრებდი, მეტად უკეთესი აზროვნებით და ცხოვრებით, რომ უფრო მეტი სიკეთე და სიყვარული იყოს მათ გულსა და გონებაში. არსად ისეთი სიყვარული არ იციან, როგორც საქართველოში.
ყველაზე ბედნიერი დღე…
– ყოველი დღე შემიძლია ბედნიერი გავხადო, რადგან ის პატარა წვრილმანებშია, საყვარელ ადამიანებში და კარგ ხასიათში. ხშირად ყოველდღიური პრობლემები ახშობს ადამიანებში ბედნიერების განცდას. არადა, ისეთი ადვილია იყო ბედნიერი, ისეთი ადვილია…
– ძველ ნივთებს აგროვებთ…15644382_1513538108676253_318628311_n
– ყველაფერს ვაგროვებ, რაც ხელნაკეთებისთვის მასალად გამომადგება. უფრო ძველებური ნივთების, ძველი წიგნების, ლარნაკის  შენახვა მიყვარს. ძალიან ვუფრთხილდები ბებიას ნაქონ დიდ ფინჯანს ჩაისთვის…
მიყვარს ძველი ნივთები, რადგან მათში ისტორია და სიყვარული ინახება. მინახავს ნივთებიც ანტიკვარული, რომელიც თავის ენერგიას ატარებს და თავად ირჩევს თითქოს პატრონს. ყველაფერს თავისი ცხოვრება, ენერგია და ხასიათი აქვს, ნივთებსაც კი…
–  „ჯანდაბას წაუღია მთელი მსოფლიო და ჩვენი ჯოჯოხეთიც, როცა ასეთი მტკივნეულია ადამიანობა!“ – რატომაა მტკივნეული?
– მტკივნეულია, რადგან ძნელია ამდენი განცდა ერთად დაიტიო. თითქოს მთელი სამყაროს ტკივილები მაწუხებს. მთელი მსოფლიო დღესდღეობით ერთ დიდ ჯოჯოხეთად იქცა, ძალიან ცოტა რამ ხდება კარგი და ეს მტკივა ძალიან… ადამიანებს მშვიდობის ფასი დაავიწყდათ და არ აქვს მნიშვნელობა, ჩვენს გვერდითაა, თუ დედამიწის მეორე მხარეს ომი, მასაც ისევე მძაფრად განვიცდი და აუტანელია ეს ყველაფერი. გულით კი არა, სულითაც მტკივა… ერთ ლექსს გავიხსენებ:

***15645215_1514273545269376_1171930991_n
მტკივა მზის სხივი ჩემს სუსტ სხეულზე
და ვხვდები, ფუჭი ცხოვრებით ვკვდები,
ის, რაც ოდესღაც სივრცისგან მსურდა
მგონია ახლა დავშალე ფრთებით.
დგება სიბერის უცხო სურნელი
და დამჭკნარ ხელით ვისწორებ ღიმილს,
მე მკლავს მზის ფერი გარდაუცვლელი,
როგორც ჭრიალი ძველისძველ კიბის…

–  მრავალი  ოცნება დამრჩაო, მითხარით… ჟურნალისტიკაზე გინდოდათ სწავლა,  ცეკვაზე სიარულიც, მაგრამ… ოცნებები სრულდება, რატომ ლაპარაკობთ წარსულში? დრო იმდენია, რომ ისწავლო…
– კი, მაგრამ ხანდახან, ოცნებებითაც იღლებიან ადამიანები, ან ძველ ოცნებებს ახალი ოცნებები ცვლის. ბევრ დაკარგულ და დავიწყებულ ოცნებებზე მწყდება გული. 15645620_1514273521936045_177344001_n
ისინი ძველი თოჯინებივით არიან, რომლებიც ადრე თუ გვიან უნდა მოგონებების ყუთში შეინახო. ახლა ვხვდები, რომ ეს უბრალო ოცნებები არც იყო, რომ სწავლა ჟურნალისტიკაზე, ხატვაზე, მუსიკაზე, ეს ყველაფერი ისევ და ისევ ხელოვნების სიყვარული იყო და მე ეს სიყვარული არასოდეს შემიწყვეტია. ის ოცნებები კი, რომელიც დიდხანს გამომყვა, ხანდახან გვიან, მაგრამ მაინც სრულდება, მათაც თავისი იდეალური დრო აქვთ.
–  რომ შეგეძლოთ,  რას შეცვლიდით?
– ყველაფერს! ქაოსს მოვაშორებდი დედამიწას…

 

ესაუბრა თამარ შაიშმელაშვილი

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები