რა ხდება?
კონფლიქტის დაწყებიდან ხუთი წლის შემდეგ, 2016 წლის აპრილში გამოქვეყნებული გაეროს მონაცემებით, სირიის სამოქალაქო ომში დაღუპულთა რიცხვმა 400 ათასს მიაღწია მაშინ, როცა წელიწადნახევრის წინ მათი რიცხვი 250 ათასი იყო.
კონფლიქტმა, რომელიც სრულმასშტაბიანი სამოქალაქო ომის სახით დღემდე გრძელდება, ირიბად თუ პირდაპირ, უკვე არაერთი სახელმწიფო ჩაითრია.
სამთავრობო ძალების მხირდან ძალადობამ და ჯიჰადისტების გაძლიერებამ მნიშვნელოვანი ჰუმანიტარული კრიზისი შექმნა სირიაში. ქვეყნიდან 4 მილიონზე მეტი ადამიანი გაიქცა ახლომდებარე სახელმწიფოებში.
გაეროს 2016 წლის 30 სექტემბრის რეგიონული კვლევის შედეგებით, თურქეთში, ეგვიპტეში, ლიბანში, იორდანიასა და ერაყში რეგისტრირებულია ქვეყნიდან ომს გამოქცეული 4 795 648 სირიელი. 2013 წლის მონაცემებით, სირიის მოსახლეობა 23 მილიონს აღწევდა.
სამოქალაქო ომში რუსული ავია ბომბდამშენების ჩართვის შედეგად, სირიის ადამიანის უფლებათა ობსერვატორიის მონაცემებით, 10 ათასზე ადამიანი დაიღუპა. დაღუპულთა შორის არის მშვიდობიანი მოსახლეობა, ასევე, ათასზე მეტი ბავშვი
პრეზიდენტი ბაშარ ალ ასადი, რომელიც უკვე მეთექვსმეტე წელია ქვეყანაში ძალაუფლებას ფლობს, 2016 წლის ოქტომბრის მონაცემებით, სირიის ტერიტორიის მხოლოდ 22,5 პროცენტს აკონტროლებს, დანარჩენს კი ომის სხვა მოთამაშეები, მათ შორის ტერორისტული ორგანიზაცია ისლამური სახელმწიფო – 46,3 პროცენტს, ოპოზიცია, იგივე სირიის დემოკრატიული ძალები – 17,7 პროცენტს და სხვა მეამბოხე დაჯგუფებები – 13,4 პროცენტს.
დეკემბრისთვის ძალთა ბალანსი სირიაში მნიშვნელოვნადაა შეცვლილი, ამის მიზეზი კი ასადის ჯარების მიერ, რუსეთის დახმარებით, ქვეყნის სიდიდით მეორე ქალაქიდან, ალეპოდან, მეამბოხეების განდევნაა.
ამ დროისათვის რთულია ზუსტად იმის თქმა, რამდენი ათასი მებრძოლი, მშვიდობიანი მოქალაქე, ან ბავშვი ემსხვერპლა სისხლიან კონფლიქტს. იმის გამო, რომ კონფლიქტის ზონაში შესვლა შეუძლებელია, საერთაშორისო ორგანიზაციები, მათ შორის გაერო, ვერ ახერხხებენ დაღუპულთა ზუსტ აღრიცხვას, გარდა ამისა, ტერიტორიაზე ვერ შედიან დასავლელი ჟურნალისტები უსაფრთხოების მინიმალური გარანტიების არარსებობის გამო.
ვინ და რატომ დაიწყო ომი?
ყველაფერი 2011 წლის მარტში დაიწყო, როდესაც სირიის ქალაქ დერააში, რამდენიმე თინეიჯერის დაპატიმრებისა და წამების შემდეგ, პრო-დემოკრატიული პროტესტი გაღვივდა. მათ სკოლის კედლებზე ანტისახელისუფლო, რევოლუციური ლოზუნგები დაწერეს, რის შემდეგაც დაკავებულებს ციხეში სასტიკად სცემეს, პასუხად კი ადგილობრივებმა სამთავრობო დაწესებულებების დარბევა დაიწყეს.
სამთავრობო ძალებმა დემონსტრანტებს ცეცხლი გაუხსნეს, შედეგად კი ათობით ადამიანი დაიღუპა.
ამ არეულობამ ქვეყანაში ოპოზიციის საყოველთაო პროტესტი გამოიწვია, რომლის მთავარი მოთხოვნაც პრეზიდენტ ასადის გადადგომა იყო.
2011 წლის ივლისისთვის, სირიის სამთავრობო არმიიდან გამოყოფილმა სამხედროებმა სირიის თავისუფალი არმია ჩამოაყალიბეს. მეამბოხეთა დაჯგუფებამ, ოპოზიციასთან ერთად, მთავრობის გადაყენება განიზრახა, რის შემდეგაც სირიის კრიზისი სამოქალაქო ომში გადაიზარდა. ასიათასობით ადამიანი გამოვიდა ქუჩაში მთელი ქვეყნის მასშტაბით.
ქვეყანა სრულმასშტაბიან სამოქალაქო ომის რეჟიმში მაშინ გადავიდა, როდესაც მეამბოხე სამხედროებთან გაერთაინებულმა ოპოზიციამ ანტისამთავრობო ბრძოლა წამოიწყეს ქალაქების, სოფლებისა და ქალაქგარე ტერიტორიებისთვის. ამბოხებამ დედაქალაქ დამასკში და სიდიდით მეორე ქალაქ ალეპოში 2012 წელს ჩააღწია. გაეროს 2013 წლის ივნისის მონაცემებით, კონფლიქტს 90 ათასი ადამიანი შეეწირა, 2015 წლის აგვისტოში კი, ეს რიცხვი 250 ათასამდე გაიზარდა. 2016 წელს კი, დაღუპულთა რაოდენობამ 400 ათასს მიაღწია. 2016 წლის დეკემბრისთვის, მსხვერპლის ზუსტი ოდენობა არავინ არ იცის, თუმცა, დიდი ალბათობით, ის 400 ათასზე ბევრად მეტია.
“თავისუფლების ნაკლებობა და ეკონომიკური კრიზისით გამოწვეული სტრესი ის მიზეზებია, რამაც მოსახლეობის საყოველთაო ბრაზი გამოიწვია სირიის მთავრობის მიმართ. ტუნისისა და ეგვიპტის წარმატებულმა აჯანყებებმა სირიულ პრო-დემოკრატიულ აქტივისტებს იმედი ჩაუსახა. გარდა ამისა, ბევრი ისლამისტური დაჯგუფება იყო ოპოზიციურად განწყობილი ასადის მთავრობის მიმართ”, – წერს Al Jazeera
სირიის კონფლიქტს ეთნიკური მრავალფეროვნებაც ართულებს. ასადის მხარე და ქვეყნის სამხედრო ელიტა ალავიტების სექტას ეკუთვნის, რომელიც თავის მხრივ, უმცირესობას წარმოადგენს სუნიტურ ქვეყანაში. სუნიტი მუსლიმები, რომლებიც ოპოზიციის დასაყრდენს წარმოადგენენ, მოსახლეობის 75 პროცენტს შეადგენენ.
რა თქმა უნდა, 2011 წლის მარტში არ არის სირიის კონფლიქტის თავდაპირველი სათავე. ამ დროს ქვეყანაში დაგროვილმა პრობლემებმა ერთბაშად ამოხეთქა. სანამ ეს მოხდებოდა, ჯერ კიდევ რამდენიმე წლით ადრე, ხელისუფლებისადმი მტრულად განწყობილი ჯგუფები ძლიერდებოდნენ, ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში ფრაგმენტულად თავს იჩენდა დაპირისპირების პირველი ნიშნები, 2011 წელს კი, ეს ყველაფერი ფართომასშტაბიან, მრავალმხრივ კონფლიქტში გადაიზარდა, სადაც სულ უფრო რთული ხდება მტყუან-მართლის გარჩევა.
ვინ ვის ებრძვის სირიის ომში?
ამჟამად სირიაში არსებული მდგომარეობა უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ ბრძოლა ასადსა და ამბოხებულებს შორის. კონფლიქტმა კონტექსტი შეიცვალა და ქვეყნის სუნიტი უმრავლესობა პრეზიდენტ ასადის შიიტურ-ალავიტური სექტის წინააღმდეგ განაწყო.
მთლიანობაში, ქვეყანაში მიმდინარე კონფლიქტში რამდენიმე სუბიექტია ჩართული:
- ქურთები – 2011 წლის გაზაფხულზე, როდესაც სირიის ოპოზიციის საპროტესტო აქციები ამბოხებაში გადაიზარდა, საპროტესტო გამოსვლებში მონაწილეობდნენ ქურთებიც, რომლებიც იმ დროისათვის, სირიის მოსახლეობის 10 პროცენტს შეადგენდნენ. 2011 წლის ოქტომბერში ნიღბიანმა პირმა მოკლა ქურთების ლიდერი, მაშაალ ტამო. ქურთებმა აღნიშნული ხელისუფლების ჩადენილად მიიჩნიეს. ტამოს დაკრძალვისას, რომელიც მასშტაბურ აქციაში გადაიზარდა, ასადის არმიამ, ცეცხლი გახსნა, დაიღუპა 5 ადამიანი. ამის შემდეგ, ქურთებმა დაუმორჩილებლობა გამოუცხადეს ხელისუფლებას. ქურთებით დასახლებული რეგიონები გაერთიანდნენ და დაიწყეს საკუთარი თავის რეჟიმისგან დაცვა. ქურთების დაუმორჩილებლობას წინ უძღოდა მათი მრავალწლიანი შევიწროება და ჩაგვრა სირიის ხელისუფლების მიერ.
- სირიის ოპოზიცია და ამბოხებულები – სირიის ოპოზიციასა და ამბოხებულ სამხედროებს, რომლებიც გამოეყვნენ სირიის არმიას და ჩამოაყალიბეს თავისუფალი სირიის არმია, მხარს თავიდანვე უჭერდნენ ამერიკის შეერთებული შტატები და დასავლეთის სახელმწიფოები. თავისუფალი სირიის არმიას ფინანსურად და სამხედრო ძალით ეხმარებოდნენ სპარსეთის ყურის არაბული ქვეყნები.
- თურქეთი – სირიელ ამბოხებულებს მხარს უჭერს თურქეთიც. 2016 წელს თურქეთის არმია პირველად ჩაერთო ცოცხალი ძალით სირიის კონფლიქტში. მათ ისლამური სახელმწიფოს მებრძოლებისგან გაათავისუფლეს თურქეთის მიმდებარე რეგიონები და შექმნეს ერთგვარი ბუფერული ზონა. გარდა ამისა, თურქები სირიის ტერიტორიაზე ებრძვიან ქურთებსაც. უკვე ათწლეულებია, თურქეთის ხელისუფლებას პრობლემები აქვს თურქეთში მცხოვრებ ქურთებთან. ერდოღანის ხელისუფლებამ არაერთხელ განაცხადა, რომ ის არ დაუშვებს სირიის ტერიტორიაზე, თურქეთთან ახლოს, ახალი ქურთული სახელმწიფოს შექმნას. ერდოღანის ხელისუფლება შიშობს, რომ თუ ეს მოხდა, აღნიშნული ფაქტი წაახალისებს თურქეთში მცხოვრებ სეპარატისტულად განწყობილ ქურთებს.
- ჯიჰადისტები – მას შემდეგ, რაც სირიაში კონფლიქტის ესკალაცია დაიწყო, ჯიჰადისტებმა მთელი მსოფლიოდან დაიწყეს სირიაში ჩასვლა და ასადის რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლა. ტერორისტულმა ორგანიზაცია ალ ქაიდამ სირიაში თავისი ე.წ. ფილიალი, ასევე ტერორისტული ორგანიზაცია, ალ ნუსრა ჩამოაყალიბა.
- ISIS/ISIL – 2012 წელს, ჯიჰადისტებს შორის შიდა დაპირისპირება მოხდა, რის გამოც მათი ნაწილი გამოეყო ალ ნუსრას და საქმიანობა განაგრძო ტერორისტული ორგანიზაცია ისლამური სახელმწიფოს სახელით. 2013 წელს ისლამურმა სახელმწიფომ სირიის ტერიტორიის დაპყრობა დაიწყო და მას დაარქვა ერაყისა და ლევანტის ისლამური სახელმწიფო (ISIL). მომდევნო წელს იგი თავს დაესხა ჩრდილოეთ და დასავლეთ ერაყს, სადაც ხალიფატი გამოაცხადა. ალ-ქაიდასგან განსხვავებით, ისლამურმა სახელმწიფომ გაცილებით სერიოზული მიზნები დაისახა. მათმა ლიდერმა, აბუ ბაქრ ალ-ბაღდადიმ, მსოფლიოში მთავარი სუნიტური სახელმწიფოს შექმნა განიზრახა, სადაც შარიათის ყველაზე რადიკალური კანონები იმოქმედებს და ადამიანებს სიკვდილით ყველაზე მსუბუქი დანაშაულისა და მკრეხელობისთვისაც დასჯიან. აღნიშნული ტერორისტული ორგანიზაცია ადამიანთა წამებისთვის ყველაზე სასტიკ მეთოდებს იყენებს, წამების კადრებს ვიდეოზე აღბეჭდავს, სპეცეფექტებით ხუნძლავს და ცდილობს, მაქსიმალურად დაზაფროს მსოფლიოს მშვიდობიანი მოსახლეობა.
- ბაშარ ალ ასადი – სირიის მოქმედი პრეზიდენტი, ბაშარ ალ ასადი, მთელ თავის რესურსს ამბოხებულებთან ბრძოლაში ხარჯავს. მან უკვე თითქმის აღადგინა კონტროლი ალეპოზე. ამბოხებულებთან ბრძოლაში ასადს ეხმარებიან ირანი, რუსეთი და ჰეზბოლას დაჯგუფება. ასადმა საკუთარი მოსახლეობის წინააღმდეგ არაერთხელ გამოიყენა ქიმიური იარაღი. გარდა ამისა, რუსეთის ავიაციის დახმარებით განუწყვეტლივ ბომბავს ამბოხებულთა ტერიტორიებს, რის გამოც ყოველდღიურად ასობით ადამიანი იღუპება, მათ შორის ბავშვები.
საერთაშორისო მოთამაშეები
სირიის სამოქალაქო ომში დიდი როლი ითამაშა უცხოური ძალების მხარდაჭერამ და ინტერვენციამ. 2015 წლამდე, დასავლეთის სახელმწიფოები ომში ღიად ჩართვას თავიდან ირიდებდნენ, რუსეთმა და ირანმა კი ასადის რეჟიმის მხარდაჭერა განაგრძეს. საერთაშორისო კრიტიკის მიუხედავად, რუსეთმა ასადი ფულით, სამხედრო აღჭურვილობითა და მრჩევლებით მოამარაგა.
2015 წლის 30 სექტემბერს, რუსეთმა საჰაერო თავდასხმები დაიწყო, როგორც თავად უწოდებს “ტერორისტულ დაჯგუფებებზე” სირიაში, მათ შორის, ისლამურ სახელმწიფოსა და დასავლეთის მიერ მხარდაჭერილ მეამბოხე დაჯგუფებებზე.
ხოლო, ამერიკის შეერთებული შტატები მეამბოხეებს, ოპოზიციურ გაერთიანებას, ეროვნულ კოალიციას ეხმარება. ე.წ. ისლამურ სახელმწიფოზე ახორციელებს საჰაერო დარტყმებს და ამავდროულად ასადის ოპოზიციად რჩება. იგი ასადს ფართომასშტაბიან სისხლისღვრაში სდებს ბრალს და გადადგომისკენ მოუწოდებს.
სირიელმა ქურთებმა ერაყსა და თურქეთში მცხოვრები ქურთებისა და ქურთული დიასპორისგან მიიღეს მხარდაჭერა.
რაც შეეხება სირიის მეზობელ თურქეთს, ის ასადის მოწინააღმდეგე ოპოზიციური ძალების ერთ-ერთი მთავარი მხარდამჭერია, ისევე როგორც საუდის არაბეთი და ყატარი.
თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეპ ტაიპ ერდოღანის განცხადებით, სირიელები ვერ მიიღებენ ისეთ დიქტატორს, რომელიც 350 ათასი ადამიანის სიკვდილზეა პასუხისმგებელი.
2015 წლის ივლისში, ჯიჰადისტების შეტევის შემდეგ, თურქეთი აშშ-ის მიერ ე.წ. ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ შექმნილ კოალიციას შეუერთდა, რათა საკუთარი საჰაერო ბაზების გამოყენების საშუალება მიეცა დასავლური ძალებისთვის.
2016 წლის აგვისტოში, თურქეთმა ტანკები, სამხედრო თვითმფრინავები და სპეციალური დანიშნულების ძალები ჩრდილოეთ სირიაში გაგზავნა, რათა თურქეთის მოსაზღვრე რეგიონები ტერორისტებისგან გაეთავისუფლებინა. ისინი სამხედრო ოპერაციას ატარებენ ქურთების წინააღმდეგაც.
სირიის კონფლიქტი რუკაზე
რუკა ასახავს 2016 წლის 19 ოქტომბრის მონაცემებით, სირიისა და ერაყის ტერიტორიაზე კონტროლის გადანაწილებას.
ვინ არის ბაშარ ალ ასადი?
2000 წლის ივლისში, რეფერენდუმის შედეგად, 97 პროცენტიანი მხარდაჭერით, სირიის ყოფილი პრეზედენტის, ჰაზეფ ალ ასადის მეორე ვაჟი ბაშარ ალ ასადი სირიის პრეზიდენტი გახდა.
მანამდე მან 1988 წელს, დამასკის უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტი დაამთავრა იმ განზრახვით, რომ ექიმის კარიერას გააგრძელებდა. ოფთალმოლოგიის განხრით სწავლა განაგრძო დამასკში ტირშინის სამხედრო ჰოსპიტალში მანამ, სანამ ლონდონში გადავიდოდა. მას შემდეგ, რაც მისი უფროსი ძმა, ბაზილი, ავტოკატასტროფაში დაიღუპა, ასადი სასწრაფოდ გაამგზავრეს ბრიტანეთიდან და მალევე შევიდა ჰომსის სამხედრო აკადემიაში.
ინაუგურაციის შემდეგ, ასადის დაპირებების შესრულების მცდელობა, რომ იგი სირიაში მოდერნიზებულ ეკონომიკას ჩამოაყალიბებდა, კორუფციას შეებრძოლებოდა და საკუთარ დემოკრატიულ გამოცდილებას შექმნიდა, ჩაიშალა. როგორც BBC წერს, “დამასკის გაზაფხული” ცოტა ხნით გაგრძელდა.
2001 წელს რამდენიმე ოპოზიციონერი დააპატიმრეს და პრესის თავისუფლება ისევ იმ ნიშნულს დაუბრუნდა, როგორც ეს მის პრეზიდენტობამდე იყო. მომდევნო ათი წლის განმავლობაში მან გააგრძელა განსხვავებული აზრის მქონე პირების, ისლამისტი და ქურთი აქტივისტების დაპატიმრება.
ყოველგვარი ეკონომიკური სარგებელი, სრული მოსახლეობის ნაცვლად, მხოლოდ მმართველ ელიტასა და მის მოკავშირეებს ჰქონდათ.
2007 წელს ასადმა მეორე რეფერენდუმიც მოიგო, ასევე 97 პროცენტიანი მხარდაჭერით და კიდევ 7 წლით გაიხანგრლივა მმართველობა.
რატომ ბომბავს რუსეთი სირიას?
სამოქალაქო ომის პერიოდში, რუსეთი ასადს ყოველთვის მხარს უჭერდა. პუტინი ომში კიდევ უფრო აქტიურად მაშინ ჩაერთო, როცა ასადი სამხედრო და ეკონომიკური კუთხით დასუსტდა. Time წერს, რომ რუსეთის ომში ჩართვა გარკვეულმა საშინაო მიზეზებმაც განაპირობა. სიმონ შასტერის სტატიის მიხედვით, რუსეთის სირიის ომში ინტერვენციამ მედიაში უკრაინის ომის გაშუქება გადაფარა.
გარდა იმისა, რომ რუსული ავია ბომბები ხვდება ისლამური სახელმწიფოს მებრძოლებს, თავდასხმები ასევე ხორციელდება დასავლეთის მიერ მხარდაჭერილ სირიის თავისუფალ არმიასა და მშვიდობიან მოქალაქეებს.
ასევე, მოსკოვს აქვს საზღვაო ბაზა სირიაში, ტარტუს პორტთან, ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე და პუტინს მისი დაცვა უნდა, თუმცა, მას კიდევ უფრო მეტად სურს, იმის საყოველთაოდ წარმოჩენა რომ რუსეთი მხარს უჭერს სირიის მთავრობას ამბოხებულებთან ბრძოლაში.
აშშ-მა, თურქეთმა, საფრანგეთმა, ყატარმა, საუდის არაბეთმა და დიდმა ბრიტანეთმა ოფიციალური განცხადება გაავრცელეს და რუსეთს ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდეს. მათი თქმით, საჰაერო დარტყმები მიმართულია ოპოზიციისკენ და მოსახლეობისკენ, რაც კიდევ უფრო გააღვივებს ექსტრემიზმს ქვეყანაში.
რას ამბობს ევროკავშირი?
ევროკავშირს არანაირი სამხედრო როლი არ აქვს სირიის სამოქალაქო ომში. მას ნეიტრალური პოზიცია უკავია.
2016 წლის 20 ოქტომბერს, ბრიუსელში გამართულ ევროკავშირის სამიტზე, ევროკავშირის ლიდერებმა სირიაში რუსეთის ქმედებები დაგმეს, თუმცა იტალია მოსკოვისთვის სანქციების დაწესების წინააღმდეგ გამოვიდა.
მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ, შუაღამისას, სამიტის კომუნიკე სანქციების დაწესების შესახებ შეიცვალა უფრო ბუნდოვანი შინაარსის ტექსტით:
“ევროკავშირი განიხილავს ყველა შესაძლო ხერხს, რაც ამ კრიმინალურ ქმედებებს შეაჩერებს”.
ევროკავშირის სამ ყველაზე დიდი ქვეყნას, ბრიტანეთს, საფრანგეთსა და გერმანიას სურთ, რომ მაქსიმალური ზეწოლა განახორციელონ მოსკოვზე, ალეპოზე თავდასხმების შესაჩერებლად.
მიუხედავად ამისა, იტალიის პრემიერ მინისტრმა, მატეო რენციმ, რომლის ქვეყანასაც ფართო სავაჭრო ურთიერთობა აქვს რუსეთთან, განაცხადა, რომ ეკონომიკური სანქციები არ შეიძლება ჩაითვალოს სტრატეგიად, რადგან რუსეთს მაინც ვერ აიძულებენ სამშვიდობო შეთანხმების განხორციელებას:
“ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ სირიაში მშვიდობის მისაღწევად, მაგრამ რთული წარმოსადგენია ეს რუსეთზე დაკისრებული სანქციების ფონზე”.
მანამდე, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა, 17 ოქტომბრის შეხვედრის შემდეგ ერთობლივი განცხადება გაავრცელეს. მათი თქმით, რუსეთი საჰაერო დარტყმებისას არალეგალურ იარაღს იყენებს, როგორიცაა “კლასტერული ბომბები”. რუსეთის მოკავშირე, სირიის პრეზიდენტი ბაშარ ალ ასადი კი დამნაშავეა ქიმიური იარაღის გამოყენებაში.
ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში, ფედერიკა მოგერინი აღნიშნავს, რომ მათი მთავარი პრიორიტეტი ალეპოს დაცვაა:
“მტკიცედ მოვუწოდებთ რუსეთსა და სირიის რეჟიმს ცეცხლის შეწყვეტისკენ. მოვუწოდებთ, რომ განაგრძონ მოლაპარაკებები შეერთებულ შტატებთან და სხვა ძირითად მოთამაშეებთან. თავიდან აიცილონ კატასტროფა, განსაკუთრებით კი ჰუმანიტარული კატასტროფა”.
საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჟან-მარკ აურალტმა თქვა, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნები არ გამოიყენებენ სამხედრო ძალას მკვლელობების შესაჩერებლად. მისი თქმით, ევროპამ პოლიტიკური ძალის მობილიზაცია უნდა მოახდინოს, რადგან თუკი ასადი თავის მიზანს მიაღწევს, რაც ალეპოს დაცემასა და მოსახლეობის გაჟლეტას გულისხმობს, ეს იქნება ლაქა ევროპის ისტორიაში.
სირიის სამოქალაქო ომმა პრობლემები არამხოლოდ სირიასა და მის მეზობლებს, არამედ ევროპასაც შეუქმნა. ევროპის მიგრანტთა კრიზისი, დიდწილად სწორედ სირიელი ლტოლვილების მოზღვავებითაა გამოწვეული. მართალია, ევროპისკენ მიმავალ ლტოლვილთა ნაკადებს შორის ერაყის, ავღანეთის, ასევე, აფრიკის სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეებიც არიან, მაგრამ მათი დიდი ნაწილი მაინც სირიელია.
რა ხდება ახლა?
ბაშარ ალ ასადის არმიამ, რუსეთისა და სხვა მოკავშირეების დახმარებით, ქვეყნის სიდიდით მეორე ქალაქი, ალეპო, ამბოხებულებისგან გაათავისუფლა. რამდენიმეთვიანი ალყისა და ინტენსიური დაბომბვის შედეგად, ქალაქში სრულად განადგურდა საავადმყოფოები, სკოლები, დაიღუპნენ მშვიდობიანი მოქალაქეები. BBC-ის ინფორმაციით, 16 დეკემბრის მონაცემებით, ამ დრომდე არ არსებობს ზუსტი ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა ეტაპზეა მოსახლეობის ევაკუაცია. რუსეთი აცხადებს, რომ ალყაშემორტყმული ალეპოდან ამბოხებულებისა და მათი ოჯახების ევაკუაცია დასრულებულია, თუმცა, სხვა წყაროები აცხადებენ, რომ ქალაქის გარკვეულ უბნებში ამ დრომდე ჩარჩენილია 50 ათასამდე ადამიანი და ისინი დაუყონებლივ დახმარებას საჭიროებენ. რუსეთის არმია და ასადის რეჟიმი რამდენიმე დღის წინ დათანხმდნენ, რომ ისინი ამბოხებულებს მისცემდნენ საშუალებას, გადაადგილებულიყვნენ იდლიბის პროვინციისაკენ, რომელიც ალეპოდან 60 კილომეტრში მდებარეობს და რომელსაც ამ დრომდე აკონტროლებენ ამბოხებულები.
რამდენიმე დღის წინ გაერომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ასადის სამხედროები ალეპოში განურჩევლად კლავენ ქალებსა და ბავშვებს, რომლებსაც რაიმე კავშირი აქვთ ამბოხებულებთან.
გაეროში რუსეთის ელჩმა, ვიტალი ჩურკინმა განაცხადა, რომ მსგავსი ინფორმაციები უნდა გადამოწმდეს, რადგან ხშირად, ბავშვებს მტვერს აყრიან, რათა ისინი დაბომბვის მსხვერპლად წარმოაჩინონ.
წყარო: on.ge