არასპორტული ინტერვიუ ცნობილ სპორტსმენთან
ცნობილი სპორტსმენი, ფეხბურთელი, მწვრთნელი. როგორც სპეციალისტები აღიარებენ, ის კარგი მარჯვენა ნახევარმცველი გახლდათ, რომელიც სისწრაფითა და ზუსტი დარტყმებით გამოირჩეოდა, – და ყველაზე ახალგაზრდა მწვრთნელი უმაღლესში, რომელსაც ყველაზე ასაკოვანი გუნდი ჰყავდა. მან ჯერ კიდევ მოქმედი ფეხბურთელობისას დაიწყო მწვრთნელობის შესწავლა და 33 წლის ასაკში საფეხბურთო გუნდ “სიონის” კლუბის გენერალური დირექტორი გახდა. მისი ხელმძღვანელობით, გუნდმა ჩემპიონატში 9 თამაშიდან 6 მოიგო და სამი ფრედ ითამაშა. ურთიერთობაში გახსნილი ადამიანი, მაგრამ სიტყვაძუნწი რესპონდენტია და ამიტომაც მისი სპორტული ბიოგრაფია ალბათ უფრო ვრცელია, ვიდრე მისი პასუხები.
ლადო ბურდული,- ,,პერსონაში“.
– ბატონო ლადო, თქვენგან საკმაოდ ხშირად აუღიათ ინტერვიუ და პასუხებით ჩანს, რომ გულახდილი ადამიანი ხართ. როგორ მიხვედით იმ ლადო ბურდულამდე, დღეს რომ ხართ?
– დღევანდლამდე საინტერესო და რთული გზა გამოვიარე, სადაც იყო: წარმატებები და წარუმატებლობაც, სიხარულიც და მწუხარებაც, მაგრამ ამ განვლილი გზიდან მაინც ორ ყველაზე დიდ სიხარულს გამოვყოფდი: ეს არის ჩემი შვილების დაბადება და საფეხბურთო ცხოვრება!.. დიახ, ფეხბურთი ჩემი ცხოვრების განუყრელი ნაწილია. თურმე პირველი სიტყვა, რაც მითქვამს ,- ბურთი იყო…
– ფეხბურთი კოლექტიური თამაშია და ცხოვრებაში თუ ხართ კომუნიკაბელური ადამიანი?
– ვინც მიცნობს, ალბათ ყველა კომუნიკაბელურ ადამიანად მთვლის. ადვილად შევდივარ კონტაქტში და ყოველთვის ვცდილობ, რომ ადამიანებთან კარგი ურთიერთობა დავამყარო.
– თვისება, რის გამოც აფასებთ ადამიანს?
– ადამიანს ვაფასებ, თუ მას აქვს ღირსება და თუ იგი ერთგულია…
– ყველანი ბავშვობიდან მოვდივართ…
– ჩემი ბავშვობა ვერცხლისწყალივით იყო… 5 წლის რომ ვიყავი, ერთხელ თერმომეტრიდან ვერცხლის წყალი დავლიე და ამის მერე, მართლა ვერცხლისწყალივით ვარ!
– ერთი წუთით დაუშვით, რომ თქვენს სეხნიას, მომღერალ ლადო ბურდულს გაუცვალეთ ,,როლი“,- სცენაზე თუ წარმოგიდგენიათ თავი? მას პირადად თუ იცნობთ?
– მომღერალ ლადო ბურდულს ახლოს ვიცნობ, ჩვენ ნათესავები ვართ, და თუ მის ნაცვლად სცენაზე აღმოვჩნდებოდი, ვეცდებოდი, ფონოგრამაზე მემღერა, სმენა მაქვს, მაგრამ როგორც ვხედავ, ვისაც სმენა აქვს, მაინც ფონოგრამაზე მღერის და რაღა ჩემი “ლაივი“, ანუ ცოცხალი შესრულება მოუნდებოდათ…
– გაიხსენეთ ყველაზე დიდი წარმატება თქვენს სპორტულ კარიერაში..
– წარმატებები ბევრი იყო, მაგრამ გამორჩეულად მაინც ერთს გავიხსენებდი: როცა 2003 წელს საქართველოს ნაკრებმა რუსეთის ნაკრებს მოვუგეთ და ამით მაშინ მთელი საქართველო განსაკუთრებულად გავახარეთ. აი, მაშინ პირველად ვნახე, თუ როგორ შეუძლია ფეხბურთს მთელი საქართველო ერთ მუშტად შეკრას და გააერთიანოს.
– რას ეტყოდა მწვრთნელი ლადო ბურდული ფეხბურთელ ლადო ბურდულს?
– ასე ვეტყოდი: მართალია, შენ კარგი ფეხბურთელი იყავი, მაგრამ მე უფრო მაგარი მწვრთნელი ვიქნები-თქო! ჩემი ფანებმა არ იციან, ჩემი სახით თუ როგორი ნიჭიერი მწვრთნელი და მენეჯერი ეზრდებათ!.. დარწმუნებული ვარ, გულშემატკივრებს ამ სტატუსშიც გავახარებ.
– ოჯახში პოპულარობის ბალანსი დაცულია: თქვენც წარმატებული ჟურნალისტის ქმარი ხართ და ისიც წარმატებული სპორტსმენის მეუღლეა..
– ადრე მე უფრო პოპულარული ვიყავი, ახლა ნინო უფრო პოპულარულია და, შესაბამისად, ერთმანეთსაც ვავსებთ და ბალანსიც დაცულია. ხმამაღალ ნათქვამში არ ჩამეთვლება, თუ ვიტყვი, რომ მართლა კარგი წყვილი ვართ და ბედნიერი ვარ, ასეთი მეუღლე რომ მყავს.. ერთი რამ ზუსტად ვიცი, რაც დრო გადის, ჩემი და ნინოს სიყვარული უფრო და უფრო იზრდება და ძლიერდება…
– როგორი მამა ხართ და პარალელს თუ ავლებთ საკუთარ მამასთან?
– თბილი და მეგობრული მამა ვარ, მაგრამ ალბათ ვერასდროს ვერ ვიქნები ისეთი, ჩემი შვილებისთვის, როგორიც მამაჩემია ჩემთვის…
– ადამიანი, რომელმაც სპორტული კარიერის მანძილზე თავი დაგამახსოვრათ…
– ეს იყო „დინამო“ თბილისის ყოფილი მწვრთნელი ივო შუშაკი, ამ ადამიანმა განმაცვიფრა პროფესიონალიზმით.
– ახლა თურქეთში ხართ, მაგრამ ახლო მომავლის გეგმა როგორია?
– დიახ, ახლა თურქეთში დასთან ერთად ვარ სამედიცინო გამოკვლევებზე და მალე შეუერთდები ჩემს გუნდს, ბოლნისის „სიონს“, რათა ეროვნული ჩემპიონატის განახლებისთვის მზადება ერთად გავაგრძელოთ.
– მარტო დარჩენილი საკუთარ თავს რას ეუბნებით?
– რას ვეუბნები და: არ დაიზარო: ირბინე, ნოდარ, ირბინე!
თეონა გოგნიაშვილი