,,ძალიან მომწონდა ზუხბას პოეტური მოთხრობა ,,ზღვარი” და ჩემ მიერ შექმნილ ჯგუფსაც ,,ზღვარი” ვუწოდე“ – სერგი ლომაძე, „ილიას „განდეგილი“ და… არსებობს თუ არა რეცეპტი ნამდვილი ლექსისა?

დაიბადა ოზურგეთში. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი.
ლექსებს და პოემებს ბავშვობიდანვე წერდა. პირველად მისი ლექსი დაიბეჭდა 1994 წელს გაზეთ სიტყვა ქართულში. იმავე წელს შექმნა ჯგუფი მირაჟი, ხოლო 1999 წელს ჯგუფი ზღვარი“. დღემდე  მის ერთერთ ლიდერია. არის  ბევრი წიგნისა და მუსიკალური ალბომის ავტორთანაავტორი. მანვე დაუდო საფუძველი სხვადასხვა მიმდინარეობ ხელოვნებაში: მირაჟიზმს, რაიმროკს...
ამბობს, რომ  ნამდვილი ლექსის ერთი კონკრეტული რეცეპტი არ არსებობს. ,,პოეზია უნდა იგრძნო. – სერგი ლომაძის პერსონა. ოზურგეთში დაიბადეთ. გაიხსენეთ ბავშვობა… რა იყო საინტერესო ბავშვობიდან?
– ოზურგეთში დავიბადე  (ოზურგეთელია დედაჩემი), მაგრამ გავიზარდე და ვცხოვრობ მთავარქალაქ თბილისში, ამიტომ ორივე ამ ადგილს ჩემს მშობლიურ ქალაქებად ვთვლი. ასევე მიყვარს ბახმარო, მამათი (ამ სოფლიდანაა მამაჩემი), წმინდა ქალაქი მცხეთა და საქართველოს არაერთი სხვა ადგილი, რომლებთანაც დაკავშირებული ვარ ცხოვრებით. ჩემს ბავშვობაში ბევრი რამ იყო საინტერესო და მკვეთრად დასამახსოვრებელი, მაგალითად ის, რომ, ბავშვობაშივე მოვიარე კურორტ ბახმაროს ყველა მთა არაერთხელ, და ამან საოცარი შთაბეჭდილება დატოვა ჩემზე…
როდის დაიწყეთ ლექსების წერა? პირველი ლექსები…– რაც თავი მახსოვს, სულ ვქმნი პოეზიას, ასე რომ, როდის დავწერე პირველი ლექსი, ამის თქმა მარტივი არ არის. ათასობით ლექსი და ათობით პოემა მაქვს, ასევე – სხვა ქმნილებებიც, მაგრამ ჩემთვის პოეზიაა უმთავრესი…
 რა დაგამახსოვრდათ სტუდენტობიდან?
– ფილოლოგიის ფაკულტეტი დავასრულე. მიყვარს ფილოლოგია და ფილოსოფია, რომელთაც, ჩემი აზრით, ბევრი გადაკვეთა აქვთ. სტუდენტობიდან მრავალი რამ დამამახსოვრდა, თუნდაც ის, რომ სწორედ სტუდენტობისას შევქმენი ჩემი პირველი გახმაურებული ჯგუფი ,,მირაჟი”…
1994 წელს პირველი ლექსი დაიბეჭდა. როგორ დაიწერა და  გამოქვეყნება რატომ გადაწყვიტეთ….
– 1994 წლამდეც არაერთმა იცოდა ჩემი პოეზია. ძალიან, ძალიან ადრე, უკვე ოთხმოციანი წლებიდან ვქმნიდი პოეტურ ჯგუფებს, მაგრამ იმ წლებში ლექსების გამოქვეყნება ადვილი არ იყო. რამდენჯერმე მაინც ვცადე გამოქვეყნება და ბოლოს, 1994 წელს, გამიმართლა. ზუსტად არ მახსოვს, როგორ დავწერე ის ლექსი, ხოლო გამოქვეყნება იმიტომ გადავწყვიტე, რომ მე პოეტობაზე ვოცნებობდი, მეტიც, – თავს მაშინაც პოეტად ვთვლიდი…
– ჯერ „მირაჟი“, შემდეგ 1999 წელს „ზღვარი“ შექმენით… 27 წელია არსებობს ზღვარი…
– ბევრი შემოქმედებითი გაერთიანება შევქმენი, მათ შორის ყველაზე ცნობილია ჯგუფი ,,„ზღვარი”. ეს პოეტური გაერთიანება, დიახ, ძალიან დიდხანს არსებობს, თანაც – უწყვეტ რეჟიმში. ესაა ლეგენდარული ჯგუფი. ამ ჯგუფის ბირთვიც მე, კახა და ზუხბა ვართ. არიან სხვა წევრებიც. ჯგუფს „ზღვარი” მე დავარქვი, არაერთი რამის გამო. ერთ-ერთი მიზეზი, მაგალითად, ის არის, რომ ძალიან მომწონდა ზუხბას პოეტური მოთხრობა „ზღვარი”, ხოდა, ჩემ მიერ შექმნილ ჯგუფს ,,ზღვარი” დავარქვი. იყო სხვა მიზეზებიც…

ჯგუფი „ზღვარი“

– მაშინდელი და ახლანდელი „ზღვარი“…  ამ ბოლო დროს სიახლეები გაქვთ… ფარნავაზის პრემიაც დააწესეთ. რატომ ფარნავაზის?
– „ზღვარის” ძირითადი წევრები უცვლელნი ვართ: მე, კახა ბაციკაძე, გიორგი ზუხბაია, ვასო ლომაძე. ერთ-ერთი სიახლე ისაა, რომ 2024 წელს, „ზღვარის” ბაზაზე და „ზღვარის” პარალელურად, ახალი გაერთიანება – ,,საქართველოს ხელოვანთა საზოგადოება” დავაარსეთ ზღვარელებმა და ნანი მომცელიძემ. თავმჯდომარეა კახა, მე საპატიო თავმჯდომარე ვარ. ამ საზოგადოებას ეკუთვნის ჟურნალი „ახალი სიტყვა”, რომლის რედაქტორია ნანი…
ფარნავაზის სახელობის პრემია დავაარსეთ, თუნდაც იმიტომ, რომ ამით ხაზი გავუსვით მეფე ფარნავაზის უზარმაზარ როლს არა მარტო მთელი ქართული სახელმწიფოებრიობის ჩამოყალიბებაში, არამედ – კონკრეტულად ქართული ხელოვნების (ლიტერატურის) ჩამოყალიბებაშიც. გავიხსენოთ, ვთქვათ, ფარნავაზის დამსახურება ქართული დამწერლობის წინაშე…
–  პრემიები… ძალიან მომრავლდა… კარგია ეს თუ ცუდი?
– გააჩნია პრემიებს, გააჩნია იმასაც, თუ როგორ ადამიანებს გადასცემენ ამ პრემიებს…
–   ნამდვილი ლექსი? როგორ განავრცობდით აზრს – პოეზია უნდა იგრძნო…
– ნამდვილი ლექსები სხვადასხვაგვარად იწერება, ასე ვთქვათ, – ერთი კონკრეტული რეცეპტი არ არსებობს. ,,პოეზია უნდა იგრძნო”, – ხო, კარგადაა ნათქვამი. ბევრგვარად შეიძლება ამ აზრის განვრცობა, მაგრამ ახლა ასე დავტოვოთ, როგორც არის…
–  ვიცი თქვენი აზრი ილიაზე, მის „განდეგილზე“… სამწუხაროდ, ერთ სუფრაზე მოვისმინე – თამადა როგორ აკრიტიკებდა მის პოეხიას… თქვენ რას იტყოდით?
– საერთოდ, ილიას უდიდეს ქართველთა შორის მიუჩინა ადგილი ერმა. რაც შეეხება იმ ადამიანებს, რომელნიც აკრიტიკებენ ილიას, თუ რომელიმე მათგანი ,,განდეგილზე” უკეთეს პოემას დაწერს, მხოლოდ მაშინ დავფიქრდები მათი მძიმედ კრიტიკული სიტყვების შესახებ სერიოზულად. თუმცა ამაზე მეტყვიან, რომ პოეტები არ არიან და არაფრის დაწერა მოეთხოვებათ. რა თქმა უნდა, – არაფრის დაწერა მოეთხოვებათ, თუმცა არც აზრის გამოთქმას აძალებს, მათ, ვინმე…
–  სერგი ლომაძე და მუსიკა… მუსიკა  შთაგონებას გაძლევთ?  მუსიკალური ალბომის ავტორთანაავტორიც ხართ….
– მართალია, რომ მუსიკალური ალბომების თანაავტორიც ვარ. პოეზია პირველ ადგილზეა, ხოლო მეორეზე, ალბათ, მუსიკასა და ფილოსოფიას დავასახელებ. დიახ, მუსიკა დიდ რამეს წარმოადგენს ჩემთვის, იგი აუცილებლად შედის გამორჩეულ ხელოვნებათა ჩემეულ ჩამონათვალში…
უნდა იყოს თუ არა პოეტი თავმდაბალი?
– თავმდაბალი უნდა იყოს ყველა. თავმდაბლობა ამშვენებს ადამიანს. ზოგი ამბობს ჩემზე, რომ თავმდაბლობა არ მახასიათებს, მაგრამ ეს ყოველთვის ასე როდია. ცვალებადი ბუნებისა ვარ. თუმცა მაინც მეტი თავმდაბლობა მმართებს – ვაღიარებ ამას…
პოეტური კრებულები? თუ აპირებ ახალი კრებულის გამოცემას?
– პირადად ჩემი წიგნების შესახებ იშვიათად ვლაპარაკობ, ხოლო რაც შეეხება ჩემი ჯგუფების, – „მირაჟისა” და ,,ზღვარის” წიგნებს, აი, მათ შესახებ კი ნამდვილად მიყვარს ლაპარაკი. ,,ზღვარი” ყველა და ყველაფერია ჩემთვის, ჰოდა, რა გასაკვირია, რომ ძალიან ვაფასებ ამ ჯგუფის ხელოვნებას. რა თქმა უნდა, ზღვარელები ახალი წიგნების გამოცემასაც ვაპირებთ…–  ერთი ლექსი…
– ჩემი ლექსებიდან ერთს ვერ გამოვარჩევ. არის რამდენიმე გამორჩეული, რომელნიც თითქმის თანაბარზომიერად მიყვარს…
– მაშინ მე ამოვარჩევ ორ ლექსს თქვენი შემოქმედებიდან….

დრო – მარადისი

ფიქრის ტაძარში ლურჯი ლოცვის შეგრძნება რჩება;
მე ვარ სულ მარტო, ირგვლივ არის მითოსის ველი;
მოდის დაისი – ღვინისფერი ბედნიერება,
სევდით შემთვრალი სილამაზე ცის, სასურველის.
ის, ასურელი, მიაწერდა კელიის კედლებს
ჰიმნოგრაფიულ საოცრებებს, და იყო განცდა,
რომ არაფერი არ მთავრდება სიკვდილის შემდეგ,
და რომ ოდესმე აღზევდება გრიგოლი, ხანძთა,
და რომ ოდესმე ზეციური ზოგი ქალაქი
იცხოვრებს სულში, თუკი სული არის პოეტის…
ვნახე, კლდეებში, ძველ ბერების ძვალთშესალაგი, –
ნისლთა ადგილი, აღბეჭდილი სიმარტოვეთი…
მერე მოვედი ამ ველზე და შევიგრძნობ დაისს,
თან კი სტროფებს ვწერ, – სტროფნი მოჰყვა კალამის ნებას;
დიდ ფიქრის დროში ყოველი სხვა დროც ჰპოვებს ადგილს;
სულის ტაძარში ლურჯი ლოცვის შეგრძნება რჩება…

*  *  *

მსურს მოვიპოვო სიმშვიდე ფიქრის,
თუმცაღა ვტოვებ, ფიქრშიც, სატევარს,
რომ არ დაბლაგვდეს განცდების რიგი…
თოვლის სივრცეა… მომწონს… აქვე ვარ…
მე ვფიქრობ. მინდა ხმაური მორჩეს.
სჯობს ვთქვა, – სიჩუმის შენება მინდა,
რომ გავიმარჯვო კონკრეტულ დროზე
და მარადისზე ვიფიქრო მშვიდად…
ზეციდან მოსკდა ჩამჩქერი ფიფქთა,
სივრცეზე გაკრთა წარწერა – ,,ანხელ”…
თოვლის სპექტაკლი დიდ სევდას იტანს,
ჩემი თვალების კოსმოსებს ამხელს…
თოვლის თეატრი დიდ სევდას იტევს,
ამოქსოვს, სულში, ზეცის ქალაქებს,
და როგორც ნათლით მოსილი ქრისტე,
არეულ ფიქრებს სწორად ალაგებს,
და მაინც, – ზღვისებრ ღელდება ფიქრი,
ეს მღელვარებაც ტკივილებს არჩენს…
დიდი ხმაური? – მე მომწონს იგი,
თუმც ახლა ვამბობ, – სიჩუმე დარჩეს.
ახლა სიჩუმის სმენაც მეყოფა,
მაგრამ ფიქრების ზღვას არ აქვს კიდე,
ეგებ ზღვა, ნაპირს, არ თვლის მეგობრად…
თოვლის თეატრი სამყაროს იტევს…

–  ჰობი…
– ბევრი ჰობი მაქვს, ერთის დასახელება ძნელია. ერთ-ერთს მაინც გეტყვით, – ესაა ალპინიზმი, მაგრამ ახლა არ იფიქროთ, რომ ჰიმალაის მთები მაქვს მოვლილი… სამხრეთ საქართველოს უმაღლეს მწვერვალზე – დიდ აბულზე ავედი, მეგობრებთან ერთად, 2021 წელს. ბევრ სხვა მწვერვალზეც ვარ ნამყოფი…
–  ამჟამად რაზე მუშაობთ და სამომავლოდ რას აპირებთ? რა სიახლეები გექნებათ?
– დაგეგმილი მაქვს, ჩემს მეგობრებთან ერთად, ახალი წიგნები, ალბომები, შემოქმედებითი ღონისძიებები, სხვა ბევრი კარგი რამეებიც… ვნახოთ… იმედი მაქვს, რომ ყველა საქმეს ბოლომდე მივიყვანთ…

 

                                                                                                  თამარ შაიშმელაშვილი

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები