სიმონ ნოზაძე: „ნაციონალური მოძრაობაც“ და სხვა ბევრი პარტიაც მთავაზობდა, რომ მათი კანდიდატი ვყოფილიყავი
„ნაციონალური მოძრაობაც“ და სხვა ბევრი პარტიაც მთავაზობდა, რომ მათი კანდიდატი ვყოფილიყავი, მაგრამ მე მათ ვერასდროს დავთანხდებოდი, რადგან „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ჩაიდინა დანაშაული, – ამის შესახებ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე „მრეწველთა“ პარტიის წევრმა სიმონ ნოზაძემ განაცხადა.
ნოზაძე აღნიშნავს, რომ მიუხედავად აზრთა სხვადასხვაობისა, ოპოზიციამ და ხელისუფლებამ საქართველოში უნდა ისწავლონ ერთად თანაცხოვრება, თუმცა დეპუტატი იმ მიზეზებზეც საუბრობს, რის გამოც „ნაციონალურ მოძრაობას“ პარტიაში გაწევრიანებაზე არ დათანხმდა.
„შემოთავაზება მქონდა 2012 წლიდან, როგორც „ნაციონალური მოძრაობიდან“, ასევე სხვა პარტიებიდან, მაგრამ მე „ნაციონალურ მოძრაობას“ უმეტეს საკითხებში არ ვეთანხმებოდი, უფრო მეტიც, ჩემი შეხედულებები არასდროს იყო მათთან თანხვედრაში, რადგან ვთვლი, რომ მათ ჩადენილი აქვთ დანაშაული.
წინასაარჩევნოდ მიდიოდა კონსულტაციები. „ქართული ოცნების“ მხრიდან, ხაშურში, არჩევანი ბატონ ვალერი გელაშვილზე შეჩერდა, რის შემდეგაც გადავწყვიტე, რომ „მრეწველთა“ პარტია იყო ჩემთვის მისაღები და შესაბამისად, გამარჯვების შემდეგ, შევუერთდი უმრავლესობას, თუმცა მიუხედავად ამისა, ვფიქრობ, რომ დროა კონსტრუქციული ოპონირება ვისწავლოთ და ხელისუფლებამ და ოპოზიციამ ისწავლონ ერთად თანაცხოვრება,“ – განაცხადა სიმონ ნოზაძემ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.