უკრაინაში ძალის გამოყენებაზე მორატორიუმი გამოცხადდა

   უკრაინაში რამდენიმედღიანი კრიზისის შემდეგ მხარეებმა პირველ შეთანხმებას მიაღწიეს და ძალის გამოყენებაზე მორატორიუმი გამოცხადდა. დემონსტრანტებმა „ბერკუტს“ ნება დართეს, ჩაექროთ ცეცხლი. ამ დროისათვის მიღწეულია შეთანხმება, რომ საღამომდე ძალას არც ერთი მხარე აღარ გამოყენებს. მოვლენები კიევში იმის მიხედვით განვითარდება, თუ რა შედეგს გამოიღებს პრეზიდენტთან მოლაპარაკებები. შეხვედრის შემდეგ ან პრეზიდენტი გამოაცხადებს ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებს, ან ოპოზიციის ლიდერები მოსახლეობასთან ერთად შეტევაზე გადავლენ. „თქვენ არ ესვრით მათ ქვებს, მოლოტოვის კოქტეილებს და შუშხუნებს, ისინი კი არ გესვრიან თქვენ რეზინის ტყვიებსა და ყუმბარებს. მე მათ ველაპარაკე და „ბერკუტი“ თანახმაა. უნდა მისცენ მეხანძრეებს საშუალება, რომ ცეცხლი ჩააქრონ. ისინი ბარიკადებს არ დაშლიან. თუ მოლაპარაკებების შემდეგ შედეგს ვერ მივაღწევთ, მე მოვალ თქვენთან და ერთად წავალთ წინ“, – განაცხადა დემონსტარნტებთან საუბრისას ვიტალი კლიჩკომ. მოსახლეობაში არის მოლოდინი, რომ ეს მხოლოდ დროებითი მორატორიუმია. მათ არა აქვთ იმედი, რომ პრეზიდენტი დათმობაზე წავა, თუმცა მორატორიუმის პირობებს დემონსტრანტებიც და „ბერკუტიც“ ასრულებს და უკვე საათზე მეტია არცერთ მხარეს ძალა აღარ გამოუყენებია. ამ დროისთვის კიევის ცენტრში სიმშვიდეა, თუმცა გრუშევსკის ქუჩაზე შეკრებილი მომიტინგეები ბარიკადებს მაინც ამაგრებენ. დაპირისპირება დღის პირველ ნახევარში მას შემდეგ დაიწყო, რაც ბერკუტმა ქვებითა და ტომრებით მოწყობილი ბარიკადების დაშლა სცადა. თუმცა მცდელობას დემონსტრანტების კონტრშეტევა მოჰყვა. რაც შეეხება დაზარალებულებს – გავრცელებული ცნობით, ბოლო 12 საათში საავადმყოფოებს 25-მა დემონსტრანტმა მიმართა, თუმცა დაშავებულთა რიცხვი გაცილებით მეტია. პარალელურად ადგილობრივი მედიასაშუალებებით ვრცელდება ცნობა, რომ დედაქალაქში საგანგებო მდგომარეობის გამოსაცხადებლად ემზადებიან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები