მხატვარ აკაკი გაჩეჩილაძის „ფერადი ფიქრები“
24-26 იანვარს, 19 საათზე, ევროპის სახლში მხატვარ აკაკი გაჩეჩილაძის პერსონალური გამოფენა „ფერადი ფიქრები“ გაიმართება. ნამუშევრების უმეტესობა 2013 წლით თარიღდება. აქვე აკაკი გაჩეჩილაძის გასულ წლებში შექმნილი რამდენიმე ცნობილი ტილოც გამოიფინება. „ფერადი ფიქრები“ მხატვრის ყველაზე მასშტაბური პერსონალური გამოფენაა, სადაც ხელოვანის 60 ფერწერული ტილოა თავმოყრილი. თვითნასწავლი მხატვარი აკაკი გაჩეჩილაძე პროფესიით ენერგეტიკოსია და ამჟამად სს „ენერგო-პრო ჯორჯიაში“ აღმოსავლეთ საქართველოს ქსელის მართვის უფროსის დისპეტჩერად მუშაობს. აკაკი გაჩეჩილაძის, როგორც მხატვრის დებიუტი გერმანიაში შედგა. მისი გამოფენები 2010 -2011 წლებში, მერბუშში წარმატებით გაიმართა. 2012 წელს კი მხატვრის პერსონალური გამოფენა „ფანტასტიკური რეალიზმი“ დიუსელდორფში მოეწყო. ამავე წლიდან პერსონალური გამოფენა „580 მეტრი ზღვის დონიდან“ პროექტის ფარგლებში, საქართველოში, იმერეთში, სოფელ ზემო წევის საჯარო სკოლის სივრცეში, ხოლო 2013 წელს გამოფენა, სახელწოდებით „რეალური“ თბილისში გალერეა “აპოლოში” გაიმართა. აკაკი გაჩეჩილაძის შემოქმედებით შესაძლებლობებს, რომელიც ექსპრესიონიზმიდან სურეალიზმამდე დიაპაზონს მოიცავს, გერმანელი სპეციალისტები წარმატებულ მომავალს ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ უწინასწარმეტყველებდნენ. ნამუშევართა დიდი ნაწილი სიმბლოებით არის დატვირთული. აკაკი გაჩეჩილაძის ინსპირაციის წყარო ყოველდღიური ემოციაა, რომელიც მის შემოქმედებაში ირეალურ, ილუზიურ სამყაროსა და პერსონაჟებში აირეკლება. აკაკი გაჩეჩილაძე აქვს მონაწილეობდა საერთაშორისო ღონისძიებებსა და ფესტივალებში: მათ შორის, 2013 წლის არტფესტივალზე, ესპანეთის ქალაქ მარბელაში.