პრეზიდენტმა ახალარჩეული პარლამენტის პირველი სხდომა გახსნა

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა მე-9 მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომაზე დეპუტატებს მიმართა და მათ 2016 წლის ოქტომბრის არჩევნებში გამარჯვება მიულოცა.
პრეზიდენტმა სიტყვით გამოსვლისას პარლამენტის დეპუტატობის კანდიდატებს წარმატება უსურვა და აღნიშნა, რომ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები შედგა.
„დღეს ახალი პარლამენტის წინაშე წარდგენისას, უპირველესად მინდა ჩემი პატივისცემა დავუდასტურო საქართველოს მოსახლეობას, რომელმაც მე-9 პარლამენტის არჩევით კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა ქართული სახელმწიფოებრიობის განმტკიცების გზაზე. არჩევნები შედგა. მეტნაკლები დარღვევით, მაგრამ თავისუფალ გარემოში. შედეგად საქართველოს ჰყავს დემოკრატიულად არჩეული 150 დეპუტატი, რომელიც განახორციელებს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების ფორმირებას. მე არაერთხელ განმიცხადებია, რომ მრავალპარტიული პარლამენტი თვისობრივად ახალი ნახტომი იქნებოდა ქართული პოლიტიკური რეალობისათვის. მჯერა, რომ ასეთი კონფიგურაცია დემოკრატიის გაძლიერებას უფრო მეტად შეუწყობდა ხელს, რადგან მეტი პარტია პარლამენტში, მეტ კონკურენციას, მეტ დებატებს და დისკუსიას ნიშნავს.
სამწუხაროდ, პარლამენტის გარეთ არაერთი პოლიტიკური პარტია დარჩა, რომელთა ნაწილში, სამწუხაროდ, კასკადორი გადადგომებისა და ჩამოშლის პროცესები დაიწყო.
ამ ყველაფერმა საზოგადოებაში პოლიტიკოსების და პოლიტიკის მიმართ ერთგვარი ნიჰილისტური და სკეპტიკური განწყობა გააჩინა. მინდა ყველას ვუთხრა, პოლიტიკური პროცესი არჩევნებით არ მთავრდება, არამედ პირიქით იწყება. არჩევნების შემდგომ იწყება ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი როგორც საპარლამენტო, ასევე პარლამენტის გარეთ დარჩენილი პოლიტიკური ძალებისათვის.
სწორედ სახელმწიფოსა და მოქალაქეების ინტერესების გათვალისწინებით მე-9 მოწვევის პარლამენტის მთელ დეპუტაციას მინდა შევთავაზო თანამშრომლობისა და ინტერესებიდან გამომდინარე კონსტრუქციული დიალოგის რეჟიმი“,-განაცხადა პრეზიდენტმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები