აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა რუს კოლეგასთან, ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბარი გამართა.
როგორც თეთრი სახლის ლიდერი სოციალურ ქსელში წერს, ეს იყო კარგი საუბარი, მაგრამ არა ისეთი, რომელიც დაუყოვნებლივ მშვიდობას მოიტანს.
„ახლახან დავასრულე სატელეფონო საუბარი ვლადიმერ პუტინთან. სატელეფონო საუბარი დაახლოებით 1 საათი და 15 წუთი გაგრძელდა. ჩვენ განვიხილეთ უკრაინის მიერ რუსეთის აეროდრომებზე თავდასხმა, ასევე სხვადასხვა თავდასხმა, რომელიც ორივე მხრიდან ხდებოდა. ეს იყო კარგი საუბარი, მაგრამ არა ისეთი, რომელიც დაუყოვნებლივ მშვიდობას მოიტანს. პრეზიდენტმა პუტინმა ძალიან მკაცრად განაცხადა, რომ მას მოუწევს აეროდრომებზე ბოლოდროინდელ თავდასხმაზე რეაგირება.
ჩვენ ასევე განვიხილეთ ირანი და ის ფაქტი, რომ ირანის გადაწყვეტილებისთვის ბირთვულ იარაღთან დაკავშირებით დრო იწურება, რომელიც სწრაფად უნდა იყოს მიღებული! პრეზიდენტ პუტინს განვუცხადე, რომ ირანს არ შეიძლება ჰქონდეს ბირთვული იარაღი და ამაზე, ვფიქრობ, შევთანხმდით. პრეზიდენტმა პუტინმა განაცხადა, რომ ის მიიღებს მონაწილეობას ირანთან დისკუსიებში და შესაძლოა, დახმარება გასწიოს ამ საკითხის სწრაფად დასრულებაში. ჩემი აზრით, ირანი აჭიანურებს გადაწყვეტილებას ამ მეტად მნიშვნელოვან საკითხზე და ჩვენ ძალიან მოკლე დროში დაგვჭირდება საბოლოო პასუხი!“ – წერს ტრამპი Truth Social-ზე.