პისტორიუსი: გერმანია უკრაინისთვის „პატრიოტის“ სისტემებს ეძებს და მათ შესაძენად მზადაა
გერმანიამ უკრაინას Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემების მეოთხედი უკვე გადასცა და საკუთარი მარაგიდან მეტის მიწოდება არ შეუძლია, – ამის შესახებ გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, ბორის პისტორიუსმა ბრიუსელში დაგეგმილი უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, მიუხედავად ამისა, ბერლინი აქტიურად ცდილობს პარტნიორებისგან ასეთი სისტემები შეიძინოს და უკრაინას გადასცეს.
„თვეების განმავლობაში აქტიურად ვმუშაობდით ამაზე. გერმანიამ უკვე გადასცა თავისი „პატრიოტის“ სისტემების მეოთხედი [უკრაინას]. გასულ კვირას ჩემს კოლეგებს ძალიან მკაფიოდ ვუთხარი, რომ მეტის მიწოდება აღარ შეგვიძლია. თუმცა, ჩვენ შეერთებულ შტატებს და სხვა მოკავშირეებს „პატრიოტის“ ან მსგავსი სისტემების მიწოდების თხოვნით მივმართავთ“, – განაცხადა პისტორიუსმა უკრაინისთვის ახალი საჰაერო თავდაცვის სისტემების პოტენციურ მიწოდებაზე კომენტარის გაკეთებისას.