,,მზად ვხვდებით შოკებს, გლობალურ გამოწვევებს, რომელთა მართვაც ჩვენს კონტროლს გარეთ არის, მაგრამ ის რაც ჩვენს ხელთ არის, ამას ვაკეთებთ – მომზადებულები ვხვდებით ამ გამოწვევებს”, – ამის შესახებ „დღის ქრონიკაში“ სებ-ის პრეზიდენტმა, ნათია თურნავამ განაცხადა.
მისი თქმით, არის მოლოდინი, რომ ტურისტული სეზონის დადგომასთან ერთად რეზერვები კიდევ უფრო მეტად შეივსება.
„დეტალურად არის [სსფ-ის] მისიის ანგარიშზე ნათქვამი, რომ ეკონომიკამ, საფინანსო სექტორმა, ბიუჯეტმა, ჩვენ, ჩვენი რეზერვების შევსების გზით შევქმენით საკმარისი ბუფერები, ანუ საკმარისი უსაფრთხოების ბალიშები იმისთვის, რომ რისკებს გავუმკლავდეთ და როდესაც სავალუტო ფონდი ახასიათებს საქართველოს როგორც განსაკუთრებით მედეგს, გამძლეს რისკების და შოკების მიმართ, სწორედ ამას გულისხმობს, რომ ჩვენ გაგვაჩნია ეს ეგრეთ წოდებული ფინანსური ბუფერები. საერთაშორისო სავალუტო რეზერვების მიმართულებითაც საკმაოდ პოზიტიური ტენდენცია აქვთ აღნიშნული და პირდაპირ უწერიათ, რომ კეთილსაიმედო, სასიკეთო ვითარებამ ბაზარზე და სავალუტო შემოდინებებმა მისცა ეროვნულ ბანკს შესაძლებლობა, რომ გადაფაროს შარშანდელი გაყიდვები, დააკომპენსიროს და ავსოს რეზერვები. რა თქმა უნდა ჩვენ მეტი გვინდა და ჩვენ ამ პროცესს ვაგრძელებთ. ჩვენ ბევრად მეტი გვაქვს შეძენილი, ვიდრე შარშან გაყიდული, მაგრამ ეს არ არის საკმარისი. ტურისტული სეზონი ახლა დაიწყო და ჩვენ ველოდებით, რომ გაცილებით მეტი შემოდინება იქნება და რეზერვებიც ეტაპობრივად კიდევ უფრო მეტად შეივსება. ერთი სიტყვით, მზად ვხვდებით ჩვენ შოკებს, გლობალურ გამოწვევებს, რომელთა მართვაც ჩვენს კონტროლს გარეთ არის, ჩვენს ხელთ არ არის, მაგრამ ის რაც ჩვენს ხელთ არის, ამას ვაკეთებთ – მომზადებულები ვხვდებით ამ გამოწვევებს“, – აღნიშნა თურნავამ.