ცოტნე გამსახურდიას მიმართ ჩადენილი სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისა და სამსახურებრივი სიყალბის ფაქტზე ბრალდებულებს გირაო შეეფარდათ
ცოტნე გამსახურდიას მიმართ ჩადენილი სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისა და სამსახურებრივი სიყალბის ფაქტზე ბრალდებულებს, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის ყოფილ მოადგილეს გაგა მკურნალიძეს და N18-ე სამკურნალო დაწესებულების ყოფილ დირექტორს, გიორგი ბუთლიაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო შეეფარდათ.
სხდომაზე ბრალდების მხარე გაგა მკურნალიძის მიმართ ითხოვდა 10 000 ლარიანი გირაოს შეფარდებას, ხოლო გიორგი ბუთლიაშვილის მიმართ 2 000-ლარიანი გირაოს შეფარდებას.
სახელმწიფო ბრალდების განცხადებით, არსებობს მიმალვისა და დანაშაულის თავიდან ჩადენის საფრთხეები. აღნიშნულ პოზიციას არ ეთანხმებოდა დაცვის მხარე.
შეგახსენებთ, რომ საქმე ეხება ცოტნე გამსახურდიას პატიმრობას „ნაციონალური მოძრაობის“ მთავრობს პირობებში. გამსახურდია 2009 წელს დააკავეს „მკვლელობის მცდელობის“ ბრალდებით და 2010 წელს პატიმრობა მიუსაჯეს.
პროკურატურა აცხადებს, რომ დაწესებულებაში ყოფნისას გამსახურდიამ გაიგო, რომ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თანამშრომლები პატიმრებს სცემდნენ და აწამებდნენ, რის გამოც მან შიმშილობა გამოაცხადა.