„ღვთისმშობლის სიზმრად ნანახი ხატი კანდელით, მოგვიანებით სამების ტაძარში ვიცანი“ – ნათია ჩუბინიძის ჟურნალისტური გზა და დედის მონატრებით შექმნილი ხელნაკეთი ყვავილები

დაიბადა იმერეთში, ქალაქ ქუთაისში. დედა ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის თეატრის  მსახიობი იყო. 5 წლის ასაკში, ქუთაისის თეატრის სცენაზე მასაც მოუწია მთავარი  როლის შესრულება.
გაიზარდა თბილისში, თბილისის 112-ე საშუალო სკოლის ექსპერიმენტულ-ჰუმანიტარულ კლასში სწავლობდა.
სკოლა დაასრულა 1992 წელს, საქართველოსთვის ავბედით წლებში.
იმავე წელს ჩაირიცხ თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე.
ბავშვობიდან იბეჭდებოდა პერიოდულ პრესაში. სტუდენტობის ჟამს და შემდგომაც მისი პუბლიცისტური წერილები ქვეყნდებოდა  სხვადასხვა გაზეთში: „კვირის პალიტრა“, „თბილისი“, „საქართველოს სამრეკლო“, „თვალთაი“, „ივერია“, „ივერია ექსპრესი“, „ოლღა ბებია“… ასევე მუშაობდა საინფორმაციო სააგენტოში „ჯეო-ჰოთ – ნიუსი“.
სატელევიზიო ფილმებშიც  გადაიღეს  და მონაწილეობდა საქალაქი ღონისძიებებშიც – როგორც მკითხველი და როგორც – აქტიორი.
ხელნაკეთი ნივთების კეთება დაიწყო 4 წლის წინ. პირველი, რაც დაამზადა, იყო საყვავილე ყვავილებით, რომელიც დედის საფლავზე აიტანა…
ამჯერად, სულ სხვა სფეროში მოღვაწეობს, თუმცა ამბობს, რომ ძირითად საქმეს – ჟურნალისტობას, პერიოდულად  მაინც ახერხებს. – ნათია ჩუბინიძის პერსონა.

ნათია (თათევიკის როლში), სახალხო არტისტების გვერდით

– 5 წლისამ მთავარი როლი შეასრულეთ  სცენაზე…  რა იყო კიდევ ბავშვობიდან დასამახსოვრებელი?
– ძალიან შთამბეჭდავი მოგონებები მომყვება ბავშვობიდან. დედა – ნაზი ნავროზაშვილი, ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის თეატრის მსახიობი იყო და როგორც, ყველა აქტიორის შვილი, მეც კულისებში, თეატრის ჯადოსნურ სამყაროში გავიზარდე.  სცენის მტვერიც პატარამ, 5 წლის ასაკში ჩავყლაპე და სახალხო არტისტებთან ერთად, სცენაზე დგომის ბედნიერებაც მხვდა წილად…
ისიც უნდა აღვნიშნო, გარდა თეატრისა, ოჯახშიც ძალიან საინტერესო გარემოში ვიზრდებოდი… დედა, დეიდები (თავის დროზე) პროფესიონალი მოცეკვავეები იყვნენ, ქუთაისის სახელმწიფო ანსამბლში ცეკვავდნენ. ბიძა – ადვოკატი მერაბ ნავროზაშვილი კი, ყველა ინსტრუმენტზე უკრავდა. მთელი ოჯახი პროფესიულ დონეზე მღეროდა… ხშირად გვსტუმრობდნენ: მსახიობები, რეჟისორები, მხატვრები, პოეტები, მწერლები… ასე რომ, ჩვენს ოჯახში, სულ ხელოვნების ზეიმი იყო, რაც, ცხადია, მოზარდისთვის ძალიან შთამბეჭდავი და დასამახსოვრებელი იყო… ასე იძერწებოდა პატარა ნათიას სული, სამომავლოდ კი, ფერადი მოგონებები იკინძებოდა.

კადრები სატელევიზიო სპექტაკლის „სოფლის აშიკის” გადაღების მოედნიდან. გოგი ქავთარაძე, დედა –  ნაზი ნავროზაშვილი და ბავშვები.

თბილისში გაიზარდეთ. სკოლა ავბედით 90-იანებში დაამთავრეთ. იმავე წელს ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე ჩაირიცხეთ…
–  სკოლა 1992 წელს დავასრულე და იმავე წელს ივ. ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტში ჩავირიცხე. ეს ის შავბნელი წლები გახლდათ, როცა ეროვნული ხელისუფლება დაამხეს, როცა ახალფეხადგმული, დამოუკიდებელი სახელმწიფო ტყვიებითა და ქვემეხებით დაცხრილეს, როცა ჩვენი საყვარელი დედა – თბილისი ქართველების სისხლით მორწყეს. ძალიან მძიმედ და მტკივნეულად მახსენდება ის წლები… მაგრამ, მიუხედავად ასეთი ფონისა (დანგრეული დედაქალაქი სისხლის სუნი, სიცივე, უშუქობა, უტრანსპორტობა), ლამაზი მოგონებები მაინც დამრჩა, რადგან, მოგეხსენებათ, „სტუდენტობა უბედნიერესი ხანაა ადამიანის ცხოვრებაში“…

დედის დადგმული ღონისძიებიდან

იმ შავბნელ და ცივ დღეებს, ძალიან საინტერესო პედაგოგები გვითბობდნენ და გვიფერადებდნენ. განსაკუთრებით მინდა გამოვყო: ნოდარ ტაბიძის, დიანა ტყებუჩავას, მერაბ ჯალიაშვილის, გივი შეყილაძის… საინტერესო და მრავალფეროვანი ლექციები. რა თქმა უნდა, თავად ჩვენც – ჯგუფელებიც ვახერხებდით წუთების და დღეების გალამაზებას …
და რაც ყველაზე მთავარია, სტუდენტობის ხანის მეგობრობასა და ურთიერთსიყვარულს, სულ სხვა მადლი და გემო აქვს, რომელიც დღემდე გრძელდება.
ბავშვობიდან გიყვარდათ ჟურნალისტიკა. იბეჭდებოდით სხვადასხვა გამოცემაში. გიყვარდათ მწერლობა, ხელოვნება… ერთი პუბლიცისტური წერილის დაწერის ისტორია.
– ბავშვობიდან ვიბეჭდებოდი პერიოდულ პრესაში: „ლიტერატურული საქართველო“, „სახალხო განათლება“, „ერი“, „ნერგი“ და ა. შ. იბეჭდებოდა, ჩემი, როგორც შემოქმედება (ჩანახატი, ლექსი), ასევე ჟურნალისტური მასალებიც. ჟურნალისტიკაში ტკივილით შევაბიჯე. ჩემი პირველი პუბლიცისტური მასალა – „ტკივილი დიდი და განუზომელი”, რომელიც „ლიტერატურულ საქართველოში” დაიბეჭდა, მერაბ კოსტავას ტრაგიკულმა, საეჭვო გარდაცვალებამ განაპირობა… 1989 წლის 13 ოქტომბერი – ეს თარიღი მნიშვნელოვნად და მტკივნეულად ჩაიბეჭდა ჩემს მეხსიერებაში.

დედასთან ერთად

სატელევიზიო ფილმებში გადაგიღეს
– ბავშვობაშიც და შემდგომ წლებიც, სცენასა და ეკრანზე ხშირად მიწევდა გამოჩენა. პირველი სატელევიზიო სპექტაკლი, სადაც (მსახიობის შვილებთან ერთად) მონაწილეობის მიღება მომიწია, „სოფლის აშიკი“ გახლდათ, რომელიც, ქუთაისის თეატრის ბაზაზე დაყრდნობით, უნიჭიერესმა რეჟისორმა მანანა იმედაძემ გადაიღო. უკვე მოგვიანებით წლებში, ისევ მქონდა ქალბატონ მანანასთან შეხვედრის ბედნიერება სატელევიზიო სპექტაკლებში: „მღვდელი თედორე“, ასევე – ნიკო ლორთქიფანიძის ნოველების მიხედვით გადაღებულ სპექტაკლში „ოდელია – დელია“…
გარდა ამისა, დედა ხშირად დგამდა საქალაქო ღონისძიებებს, სადაც ინტენსიურად მიწევდა მონაწილეობის მიღება. ეროვნული ხელისუფლების დამხობის შემდგომ წლებში, დედამ ორი დიდი საქალაქო ღონისძიება დადგა, რომელიც 9 აპრილის ტრაგედიას მიუძღვნა. მე ერთ – ერთი დაღუპულის როლს ვასრულებდი. იმ საღამოებით, რომელიც ჭადრაკის სასახლის სცენაზე საჩვენებლად გავიტანეთ, პროტესტს გამოვხატავდით იმდროინდელი მოძალადე ხელისუფლების მიმართ.
ამ ბოლო ფოტოში ვასრულებ 9 აპრილს დაღუპულის როლს. სხვათა შორის, ნოდარ ტაბიძე ორივე ღონისძიებაზე მესწრებოდა.

9 აპრილს დაღუპულის როლში

ბოლო 4 წელია ხელნაკეთ ნივთებს აკეთებთ…
– თემატიკაში არ ვარ შეზღუდული, რადგან თავადაც არ ვიცი, როდის რისი გაკეთება მომინდება. მიყვარს მეგობრების და ახლობლების გახარება, ამიტომ მათი ინდივიდუალიზმის გათვალისწინებით, ვაკეთებ ხოლმე სუვენირებს.
ერთი ხელნაკეთის საინტერესო ისტორია.
– ჩემი პირველი ხელნაკეთი დედას მონატრებამ განაპირობა… მას ძალიან უყვარდა ყვავილები, განებივრებულიც იყო ამ მხრივ. წარმატებული და მაყურებლის საყვარელი მსახიობი გახლდათ, ამიტომ ხშირად ჩუქნიდნენ ყვავილებს სცენაზეც და ქუჩაშიც… ზოგადად არ ვსაუბრობ ამ თემაზე, მაგრამ რაკი მკითხეთ … ერთ დილას ძალიან დამრია ხელი დედას მონატრებამ და გადავწყვიტე მისთვის ყვავილები დამემზადებინა და საფლავზე ამეტანა… ასეც მოვიქეცი. ასე დაიბადა პირველი ხელნაკეთი, რომელიც დედას მივუძღვენი.
შთაგონება?
– შთაგონება შეიძლება ქუჩაში ნაპოვნმა რაღაც ნივთმაც კი მომცეს. მაგალითად, ეს ხელნაკეთი, ქართული მულტფილმის „შაქრო და ზაქროს“ გმირი გახლავთ… თქვენ კი გემახსოვრებათ, ჩვენს თაობას ძალიან გვიყვარდა ქართული მულტფილმები. ჰოდა ეს საყვარელი „პიპო-პაპო“, გაფუჭებულმა გამანაწილებელმა (ე.წ.„ტრაინიკმა“) შთამაგონა.
ასევე, შთაგონებას, იმ ადამიანის ინდივიდუალიზმი, ინტერესების სფერო, საყვარელი ფერები და ა.შ. მაძლევს, ვისაც სუვენირს ვუმზადებ.
როგორც გითხარით, შესაძლოა, ქუჩაში ნაპოვნი, დაზიანებული ნივთიც კი გამოვიყენო სამუშაო მასალად. ვიყენებ თექასაც, ქვებსაც და ა.შ. მაგალითად, ეს საყვავილე და ბოთლი მუშმალას კურკებით მოვრთე. ასე რომ, მოქცეული არ ვარ კონკრეტულობაში. გააჩნია, რისი გაკეთება მომინდება.
– წმინდანების ხატები…  
–  წმინდანების ხატებს ვერ გამოვარჩევ, ყველა მიყვარს და შესაბამისად, დიდი სიყვარულითა და სინაზით მაქვს დამზადებული. თუმცა, მოვყვები ორ შემთხვევას. ერთხელ, სიზმრად ღვთისმშობლის ხატი ვიხილე, რომლის წინაც ანთებული კანდელი ეკიდა… რომ გავიღვიძე, მერე დავაფიქსირე, რომ დედა-ღვთისას ხატი არ მქონდა დამზადებული. ასე შეემატა ჩემს კუთხეს სამყაროს დედის ხატება… მოგვიანებით, სიზმრად ნანახი, თავის კანდელით, „სამების“ ტაძარში ვიცანი.
მქონდა მსგავსი შემთხვევაც: ერთ დღეს, ძალიან მომინდა მამა გაბრიელის ხატის დამზადება. ჰოდა, მივიღე კიდეც ზომები, მოვიპოვე მასალა, უპირველესად კი – მამა გაბრიელის ფოტო. და უცებ, ვიგებ, რომ იმ დღეს  მამა გაბრიელის ხსენების დღე იყო . ვიფიქრე, ჯერ ტაძარში ავალ და მისი ხატის წინ სანთელს დავანთებ და მერე შევუდგები დამზადებას-მეთქი… ტაძარში მამა გაბრიელის სწორედ ის ხატი დამხვდა, რომლის ანალოგი ფოტო მე უკვე ხელთ მქონდა. არ ვიცი, ვიღაცისთვის შესაძლოა, ეს დამთხვევები არაფერს ნიშნავდეს, მაგრამ ჩემთვის კი ძალიან საგულისხმოა.
ჰობი…
– ჩემი ჰობი ადამიანების გახარებაა. რაც თავად მე მაძლევს დიდ სტიმულს და დადებით მუხტს.
გამოფენები… ჯილდოები...
– არავითარი გამოფენა და ჯილდო. ეს ჩემი სამყაროა, ჩემი ნამუშევრები კი, ამ სამყაროს ბინადრები არიან. ჩემი ჯილდო, ადამიანებისგან დაბრუნებული სითბო და სიყვარულია.
სამომავლო გეგმები.
– არავითარი სამომავლო გეგმა არ მაქვს, უფალს ვარ მინდობილი. და რაც უფალს სურს, ყველაფერი ისე იგეგმება და ხდება ჩემს ცხოვრებაში, რისთვისაც ძალიან მადლიერი ვარ. მადლობა უფალს და სამყაროს ყველაფრისთვის.

„რომეო და ჯულიეტა“

 

                                                                                                                              თამარ შაიშმელაშვილი

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები