ბაქო-თბილისი-ახალქალაქი-ყარსის რკინიგზის პროექტის ეკონომიკური და პოლიტიკური მნიშვნელობა
გეოპოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე, საქართველო ძალზე მნიშვნელოვანი სატრანსპორტო-გეოგრაფიული მდებარეობით გამოირჩევა. მისი ტერიტორია წარმოადგენს არა მარტო ევროპა-კავკასია-აზიის სატრანსპორტო დერეფნის (ტრასეკა) ღერძს, არამედ იგი თავის სტრატეგიულ მოკავშირე აზერბაიჯანთან ერთად ევრაზიის ქვეყნებთან დამაკავშირებელ უმოკლესი სატრანსპორტო მაგისტრალის საკვანძო ფუნქციასაც ასრულებს. Aამიტომაც, საქართველოს, აზერბაიჯანთან ერთად “დიდი აბრეშუმის გზის” ფუნქციონირების საკითხში უდიდესი წვლილის შეტანა შეუძლია.
საქართველოს, როგორც ხელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობისა და სატრანზიტო ქვეყნის მნიშვნელობა კიდევ უფრო გაიზარდა მას შემდეგ, რაც 1994 წელს აზერბაიჯანსა და მსოფლიოს წაყვან ნავთობკომპანიებს შორის ხელი მოეწერა „საუკუნის კონტრაქტს“ კასპიის ნავთობის ათვისებისა და მისი ევროპაში ტრანსპორტირების თაობაზე. მოგვიანებით, ენერგეტიკულ პროექტებთან ერთად, დღის წესრიგში დადგა აზერბაიჯან-საქართველო-თურქეთის დამაკავშირებელი – ბაქო-თბილისი-ახალქალაქი-ყარსის რკინიგზის მშენებლობის საკითხი. აღნიშნულმა, საქართველოს, როგორც აღმოსავლეთ-დასავლეთის სატრანსპორტო დერეფნის ფარგლებში მოსალოდნელი სატრანტიზო ქვეყნის როლმა კიდევ უფრო სერიოზული ყურადღება მიიზიდა ჩვენი ქვეყნის მიმართ.
აღნიშნული რკინიგზის ექსპლუატაციაში შესვლის შედეგად, გაიხსნება სარკინიგზო დერეფანი აზიიდან ევროპის მიმართულებით, რაც შეამცირებს როგორც სატრანსპორტო ტვირთების ევროპიდან აზიის და პირიქით მიმართულებით ტრანსპორტირების დროსა და დანახარჯებს, ასევე შესაბამისად შეამცირებს საზღვაო გზით გადაზიდვის საჭიროებას, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც სტამბულში, ბოსფორის სრუტეში გამავალი რკინიგზის გვირაბის მშენებლობა დასრულდება.
რკინიგზის პროექტის განვითარების ისტორია
1996 წლის 4 აპრილს საქართველოსა და თურქეთის პრეზიდენტების უმაღლესი დონის შეხვედრაზე მიღებულ იქნა დეკლარაცია ორი ქვეყნის რკინიგზის დამაკავშირებელი თბილისი-ყარსი სარკინიგზო ხაზის მშენებლობა-დაპროექტების შესახებ.
1997 წლის ნოემბერში გამოცხადდა ტენდერი რკინიგზის მშენებლობაზე. აღნიშნული ტენდერის პირველი ეტაპი ითვალისწინებდა ახალქალაქიდან თურქეთის საზღვრამდე ახალი ორლიანდაგიანი ელექტროფიცირებული ხაზის აშენებას და მარაბდა-ახალქალაქის რკინიგზის ხაზის რეკონსტრუქციას. თბილისი-მარაბდა-ახალქალაქის რკინიგზის ხაზი ჯერ კიდევ 1986 წელს შევიდა ექსპლუატაციაში, მისი სიგრძე 160 კმ-ია და იგი აგებულია მესამე კატეგორიის ნორმების მიხედვით. პროექტის პირველი ეტაპის მიხედვით, აღნიშნული მონაკვეთი საჭიროებდა ტექნიკურ გადაიარაღებას პირველი კატეგორიის ნორმების შესაბამისად. ამ ეტაპის სამუშაოების დასრულების ვადად 3 წელი განისაზღვრებოდა, ხოლო რაც შეეხება მეორე ეტაპს, უნდა განხორციელებულიყო მარაბდა-ახალქალაქის ხაზის გადაკეთება 2-ლიანდაგიან ელექტროფიცირებულ ხაზად. აღსანიშნავიაა, რომ მეორე ეტაპი პირველის პარალელურად უნდა დაწყებულიყო და 5 წელიწადი უნდა გაგრძელებულიყო.
ახალ ხელშეკრულებას ხელი 2005 წლის იანვარში მოეწერა, თუმცა აშშ-მ და ევროკავშირმა განაცხადეს, რომ ისინი არ დააფინანსებდნენ აღნიშნულ პროექტს.
საქართველოს ტერიტორიაზე სამუშაოების განსახორციელებლად, აზერბაიჯანმა გამოხატა მზადყოფნა 220 მილიონი დოლარის მოცულობის კრედიტის 25 წლიანი ვადით გამოყოფის შესახებ, რომლის საპროცენტო განაკვეთი 1% უნდა ყოფილიყო. საკრედიტო ხელშეკრულებას ხელი მოეწერა Aაზერბაიჯანის მთავრობასა და კომპანია “მარაბდა-ყარსის რკინიგზას” შორის. 2007 წლის სექტემბერში, Aაზერბაიჯანის სახელმწიფო სანავთობო ფონდის მიერ პირველი ტრანში, 50 მილიონი დოლარის მოცულობის კრედიტი იქნა გამოყოფილი.
2007 წლის 21 ნოემბერს, Aაზერბაიჯანის, საქართველოსა და თურქეთის პრეზიდენტებმა მარაბდაში მონაწილეობა მიიღეს საზეიმო ცერემონიაში, რომელიც მშენებლობის დაწყებას მიეძღვნა.
რაც შეეხება მომავალი რკინიგზის სიგრძეს, საქართველოს ტერიტორიაზე საქართველო-თურქეთის სახელმწიფო საზღვრამდე გასაყვანია 30 კმ, ხოლო საზღვრიდან ყარსამდე 68 კმ. ანუ, რკინიგზის საერთო სიგრძეა 98 კმ. ზემოხსენებული პროექტი საქართველოსათვის მეტად მნიშვნელოვანია როგორც ეკონომიკური, ასევე პოლიტიკური თვალსაზრისით.
საინტერესოა აღინიშნოს, რომ აღნიშნული რკინიგზა წარმოადგენს ყარსი (თურქეთი) – გიუმრის (სომხეთი) რკინიგზის ალტერნატივას. ეს რკინიგზა ექსპლოატაციიდან გამოვიდა მას შემდეგ, რაც მთიან ყარაბაღში მიმდინარე საომარი მოქმედებების გამო, თურქეთმა სომხეთთან საზღვარი ჩაკეტა.
რკინიგზის ეკონომიკური მნიშვნელობა
პროექტის მიზანს წარმოადგენს ახალი სატრანსპორტო კორიდორის ათვისება, რომელიც ერთმანეთთან არა მხოლოდ აზერბაიჯანის, საქართველოსა და თურქეთის სარკინიგზო სისტემებს დააკავშირებს, არამედ შექმნის საფუძველს შორეული აღმოსავლეთიდან ევროპის (და პირიქით) მიმართულებით ტვირთების ტრანსპორტირებისათვის. პროექტის განხორციელების პირველ ეტაპზე, რკინიგზის მეშვეობით შესაძლებელი გახდება დაახლოებით 6,5 მილიონი ტონა ტვირტის გატარება, მომავალში დაგეგმილია გამტანუნარიანობის 17 მილიონ ტომანდე გაზრდა.
გარდა ამისა, 2015 წელს რკინიგზის მეშვეობით სატესტო სატვირთო მატარებელმა გაიარა, რომელმაც სამხრეთ კორეიდან ყაზახეთის, აზერბაიჯანის, საქართველოსა და თურქეთის გავლით ევროპაში ჩასვლას მხოლოდ 15 დღე მოანდომა. ეს დრო კი გაცილებით ნაკლებია, ვიდრე საზღვაო გზის მეშვეობით ტვირთების აზიიდან ევროპაში ტრანსპორტირებისათვის.
პროექტის დასრულება 2017 წლისთვისაა ნავარაუდევი. რკინიგზის ფუნქციონირების პერიოდში დაახლოებით 2500 ადამიანი იქნება დასაქმებული.
პროექტის ფარგლებში ტვირთების გადაადგილების საკითხთან ერთად, არსებობს მნიშვნელოვანი მოლოდინები მგზავრთა გადაადგილებასთან დაკავშირებითაც. ექსპერტთა გაანგარიშებით, რკინიგზის ფუნქციონირების საწყის ეტაპზე, ნავარაუდევია დაახლოებით 1 მილიონი მგზავრის გადაადგილება, ხოლო აზრბაიჯანის რკინიგზას უკვე გააჩნია ხელშეკრულება შვეიცარიულ კომპანია “სტადლერთან” “შტადლერ” სამგზავრო ვაგონების წარმოებასთან დაკავშირებით. გრძელვადიან პერსპექტივაში, მგზავრთა რაოდენობამ შესაძლოა სამ მილლიონ ადამიანს მიაღწიოს წელიწადში.
რკინიგზის პოლიტიკური მნიშვნელობა
მომავალი რკინიგზის ექსპლუატაციაში შეყვანა მნიშვნელოვნად გაზრდის საქართველოს სატრანზიტო პოტენციალს. იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ ევროპიდან აზიის მიმართულებით და პირიქით ტვირთების მნიშვნელოვანი ნაწილი საქართველოს ტერიტორიაზე გაივლის, ჩვენი ქვეყნის მიმართ მსოფლიოს წამყვანი გეოპოლიტიკური მოთამაშეების, მათ შორის ჩინეთის, იაპონიის, აგრეთვე ევროკავშირის წევრი ქვეყნების მხრიდან გეოპოლიტიკური ინტერესი კიდევ უფრო გაიზრდება. Uუფრო მეტი ქვეყანა უფრო მეტად იქნება დაინტერესებული საქართველოს სტრატეგიული ობიექტების დაცვითა და ქვეყანაში სტაბილურობის განმტკიცებით, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის სხვადასხვა სექტორში უცხოური ინცესტიციების დაბანდებით;
ევრო-აზიის სატრანსპორტო დერეფნის ფარგლებში საქართველოს როლის ამაღლება ხელს შეუწყობს ქვეყნის შემდგომ ინტეგრაციას ევროპულ სტრუქტურებში;
პროექტის წარმატებით განხორციელება და სავაჭრო ბრუნვის ზრდა, კიდევ უფრო გაამყარებს ურთიერთობებს სამ სტრატეგიულ პარტნიორს – აზერბაიჯანს, საქართველოსა და თურქეთს შორის.
როგორც ცნობილია, უკანასკნელ პერიოდში რამდენჯერმე გაიმართა სამი ქვეყნის თავდაცვის მინისტრების შეხვედრა. აზერბაიჯანს, საქართველოსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში თანამშრომლობა პირველ რიგში შეიძლება უკავშირდებოდეს სტრატეგიული ობიექტების ერთობლივ დაცვას, მაგალითად, ბაქო – თბილისი-ახალქალაქი – ყარსი მომავალი რკინიგზის უსაფრთხოების უზრუნველყოფას.
აუცილებელია იმ ფაქტის გათვალისწინება, რომ როგორც თურქეთის ტერიტორიაზე, ასევე სამხრეთ და ჩრდილოეთ კავკასიის რეგიონებში (მათ შორის საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში) სხვადასხვა ტერორისტული და დივერსიული დაჯგუფებები მოქმედებს. არსებობს მნიშვნელოვანი საფუძველი რათა განვაცხადოთ, რომ მათი მნიშვნელოვანი ნაწილის მხარდაჭერა რუსეთის შესაბამისი სამსახურების მიერ ხორციელდება. ოფიციალური მოსკოვი ყველაფერს გააკეთებს, რათა კანონსაწინააღდეგო ქმედებების საშუალებით ზიანი მიაყენოს პირველ რიგში საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ ინფრასტრუქტურულ ობიექტებს, რომელთაც სატრანზიტო ფუნქცია გააჩნიათ. ტერორისტული და დივერსიული აქტების განხორციელება თავის მხრივ შელახავს საქართველოს – როგორც სატრანზიტო ქვეყნის იმიჯს და ეს ფაქტორი აგრეთვე ნეგატიურად აისახება აზერბაიჯანის, როგორც ენერგეტიკული რესურსების ექსპორტიორი, ასევე თურქეთის, როგორც ენერგეტიკული რესურსების იმპორტიორ, სატრანზიტო და დისტრიბუტორ ქვეყანაზე. აქედან გამომდინარე, საერთო საფრთხის არსებობამ შესაძლებელია გააძლიეროს სამ ქვეყანას შორის თავდაცვის
სფეროში თანამშრომლობა
აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ რკინიგზის ფუნციონირება ხელს შეუწყობს ჯავახეთის რეგიონის ეკონომიკურ განვითარებას, რაც თავის მხრივ დადებითად აისახება საქართველოს აღნიშნული რეგიონის სომხური მოსახლეობის საქართველოში ინტეგრაციის შემდგომ პროცესზე.
დასკვნა
საერთო ჯამში შეიძლება ითქვას, რომ პროექტის წარმატებით განხორციელება წარმოადგენს იმის ნათელ მაგალითს, თუ როგორ იქნება შესაძლებელი მრავალმხრივი თანამშრომლობა “ტრასეკას” (ევროპა-ცენტრალური აზია-კავკასია-ევროპის სატრანსპორტო დერეფანი) პროექტის ფარგლებში მონაწილე ქვეყნებს შორის, აგრეთვე, რკინიგზა მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს საქართველოს გლობალურ პროექტებში კიდევ უფრო მეტად ინტეგრაციის პროცესზე.
ნიკა ჩიტაძე ასოცირებული პროფესორი
შავი ზღვის რეგიონის გეოპოლიტიკური კვლევების ცენტრის დირექტორი