ლევან სამუშია: პარტიის დაშლაზე არ არის ლაპარაკი, ჩვენ ახალი ძალებით გავაგრძელებთ ბრძოლას

ირაკლი ალასანია პარტიიდან არ წასულა, ის რჩება პარტიის თავმჯდომარედ, – ამის შესახებ „თავისუფალი დემოკრატების“ წევრმა, ლევან სამუშიამ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
იმის მიუხედავად, რომ „თავისუფალი დემოკრატები“ ლიდერებმა დატოვეს, სამუშია პარტიის დაშლის საფრთხეს ვერ ხედავს. მისი განცხადებით, პარტია თვითმმართველობის არჩევნებისთვის იკრებს ძალებს.
“პარტია გაძლიერდება, განახლდება და გამოვა კრიზისიდან. ირაკლი ალასანიამ განმარტა თუ რატომ წავიდა დროებით პოლიტიკიდან, ის რჩება პარტიის თავმჯდომარედ. პარტიაში გაწევრიანების სურვილს ბევრი ადამიანი გამოთქვამს და მუშაობას ვაგრძელებთ ახალი სისხლით და ახალი ენერგიით. ლიდერების წასვლა არის თავისუფალი ხალხის თავისუფალი არჩევანი“, – აცხადებს სამუშია.
სამუშია ვერ აკონკრეტებს თუ სად წავა მეორე ტურში მათი ამომრჩევლის ხმები. მისი განცხადებით, ვის მისცემენ ხმას „თავისუფალი დემოკრატების“ მხარდამჭერები, ეს თავად ამომრჩევლის გადასაწყვეტია. არჩევნების წარუმატებლობას სამუშია პარტიაში არსებული პრობლემებით ხსნის.
“ჩვენ არ ვცდილობთ გადავაბრალოთ ჩვენი წარუმატებლობა ვინმეს. ბუნებრივია, არის პრობლემა, რასაც მოგვარება სჭირდება, რაზეც საუბარი პარტიაში ყოველდღიურად მიმდინარეობს და რასაც თავს გავართმევთ აუცილებლად“, – განაცხადა სამუშიამ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები