გიორგი მარგველაშვილმა ყირგიზეთს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის მადლობას გადაუხადა

ყირგიზეთი საქართველოს ერთგული მეგობარი და საიმედო პარტნიორია – ამის შესახებ გიორგი მარგველაშვილმა ყირგიზეთის პრეზიდენტთან ალმაზბეკ ატამბაევთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
გიორგი მარგველაშვილმა ყირგიზეთს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის მადლობას გადაუხადა.
„ჩვენ განვიხილეთ ჩვენს რეგიონში მიმდინარე მოვლენები, მშვიდობისა და უსაფრთხოების პრობლემატიკა. ვისაუბრეთ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე შექმნილ მწვავე ვითარებაზე, მავთულხლართებსა და ხელოვნური ბარიერების საკითხებზე. მინდა ვისარგებლო შესაძლებლობით და მადლობა გადავუხადო ყირგიზეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერისთვის. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ საქართველოს ყირგიზეთის სახით ჰყავს ერთგული მეგობარი და საიმედო პარტნიორი“, – განაცხადა პრეზიდენტმა.
პრეზიდენტმა საქართველოში ყირგიზეთის პრეზიდენტის ვიზიტს ისტორიული უწოდა.
„პირველ რიგში მადლობა მინდა გადავუხადო ყირგიზეთის პრეზიდენტს და მის მეუღლეს საქართველოში ვიზიტისთვის. ეს არის ისტორიული ვიზიტი, რომელიც შედგა შედგა ჩვენს ქვეყნებს შორის, ქვეყნებს, რომელთაც აკავშირებთ დიდი ხნის წარსული და რომელთაც აქვთ საინტერესო პერსპექტივა მომავალში. ჩვენი დღევანდელი შეხვედრა დაეთმო საქართველოს და ყირგიზეთის რესპუბლიკას შორის ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებს და ამ თემების გაღრმავებას. საქართველო, როგორც დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის დამაკავშირებელი ხიდი უნიკალურ შესაძლებლობას ქმნის საერთაშორისო თანამშრომლობისთვის. ჩვენ მზად ვართ ჩვენს პარტნიორებთან განვახორციელოთ ამ თვალსაზრისით ღრმა და ყოვლისმომცველი პროექტები. შეხვედრაზე კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი შავი ზღვის რეგიონის მნიშვნელობას და საქართველოს როლს შავი და კასპიის აუზებს შორის თანამშრომლობის თვალსაზრისით. ყურადღება გამახვილდა ევრაზიის სატრანსპორტო დერეფნის მნიშვნელობასა და აბრეშუმის გზის პროექტის გაღრმავებაზე“, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
მისვე თქმით, შეხვედრაზე ასევე განიხილეს ქვეყნებს შორის ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის საკითხები.
როგორც გიორგი მარგველაშვილმა აღნიშნა, დღეს ასევე ხელი მოეწერა რამდენიმე შეთანხმებას, რომლებიც ხელს შეუწყობს შემდგომ თანამშრომლობას უსაფრთხოების, ეკონომიკისა და განათლების სფეროში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები