ვიქტორ დოლიძე: ამ ეტაპზე ვწყვეტ პოლიტიკურ და პარტიულ მოღვაწეობას
პარტია “თავისუფალი დემოკრატები“ ვიქტორ დოლიძემაც დატოვა. როგორც მან თანაგუნდელებთან ერთად ცოტა ხნის წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ის ამ ეტაპზე წყვეტს პოლიტიკურ და პარტიულ საქმიანობას.
„ჩვენ მოგვწონს თუ არ მოგვწონს, ეს არის თავისუფალი ხალხის თავისუფლად გაკეთებული არჩევანი და ჩვენ ამას პატივი უნდა ვცეთ – ეს ერთი. ჩემი განცხადება სამი ძირითადი ნაწილისგან შედგება: 1 – ამ ეტაპზე ვწყვეტ პოლიტიკურ და პარტიულ მოღვაწეობას. 2 – მე ბოლომდე გავაგრძელებ ბრძოლას 5 უდანაშაულო მეგობრის ციხიდან დასახსნელად 3 – მე როგორც აღმოსავლეთ პარტნიორობის საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი, ვაგრძელებ მუშაობას კიდევ ორი თვე, ნოემბრამდე. ეს სტატუსი არ მეხსნება და ვაგრძელებ მუშაობას იმისთვის, რომ რაც შეიძლება დროულად მიღებულ იქნეს გადაწყვეტილება საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის დაწესებაზე ევროკავშირთან,” -განაცხადა ვიქტორ დოლიძემ.
დღესვე “თავისუფალი დემოკრატები“ დატოვეს ზურაბ აბაშიძემ, გია ცაგარეიშვილმა და დავით ონოფრიშვილმაც.