ელენე ხოშტარია: აზრთა სხვადასხვაობის გარეშე პოლიტიკური პროცესი წარმოუდგენელია
„აზრთა სხვადასხვაობის გარეშე პოლიტიკური პროცესი წარმოუდგენელია“, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა წევრმა ელენე ხოშტარიამ პარლამენტში პარტიის შესვლასთან დაკავშირებით „ნაციონალური მოძრაობის“ გარკვეული წევრების პოზიციების პასუხად განაცხადა.
ხოშტარიას თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ დემოკრატიული პარტიაა და აზრთა სხვადასხვაობა ბუნებრივია.
„ნაციონალური მოძრაობა“ არის დემოკრატიული პარტია, სადაც აზრთა სხვადასხვაობა ძალიან ბუნებრივია. ამის გარეშე პოლიტიკური პორცესი წარმოუდგენელია.
მაგრამ ჩვენ გვაქვს უნარი აზრთა სხვადასხვაობის მიუხედავად არგუმენტებით ვიკამათოთ და მივიღოთ საერთო გადაწყვეტილება. ყველას აქვს უფლება საბოლოოდ საკუთარი გადაწყვეტულება მიიღოს, მაგრამ პარტიაში დღეს სრული ერთიანობაა“, – განაცხადა ხოშტარიამ.
შეგახსენებთ, რომ საპარლამენტო არჩევნებში „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ამომრჩეველთა საერთო ხმის 27 პროცენტი მოიპოვა. აღნიშნულის მიუხედავად, პარტიის წევრთა ნაწილი პარლამენტში შესვლასა და მეორე ტურში მონაწილეობაზე უარს აცხადებდა, ნაწილი კი თანაგუნდელების ამ მოსაზრებას ამომრჩევლის უპატივცემულობად და საგარეო საფრთხედ აფასებდა. გუშინ გამართულ პოლიტსაბჭოს სხდომაზე კი პარტიის წევრებმა პარლამენტში შესვლისა და მეორე ტურში მონაწილეობის გადაწყვეტილება მიიღეს.