კობა ნარჩემაშვილი: პარლამენტი არის მშვენიერ ადგილას და იქნება ქუთაისში
”პარლამენტი არის მშვენიერ ადგილას და იქნება ქუთაისში“, – ამის შესახებ ”ქართული ოცნების” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა კობა ნარჩემაშვილმა დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
კობა ნარჩემაშვილმა ოპონენტებს მიმართა და მოუწოდა, რომ ნუ ცდილობენ ამომრჩევლის შეცდომაში შეყვანას.
”პარლამენტი არის მშვენიერ ადგილას ქუთაისში, ჩემი აზრით, ქალაქში, რომელიც ისტორიულად არის კულტურული, საგანმანათლებლო და პოლიტიკური ცენტრი. ჩემი ოპონენტების საყურადღებოდ მინდა ვთქვა – თუ თქვენ გსურთ, რომ თქვენი საარჩევნო კამპანია იმაზე ააგოთ, რომ ქუთაისიდან გადააქვთ პარლამენტი, მინდა გითხრათ, რომ თქვენ შეცდომაში შეიყვანთ თქვენს ამომრჩეველს. ძალიან მკაფიოდ რამოდენიმე დღის უკან პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ის და უმრავლესობა არ დააპირებს ხელის გადაგრეხვით იმოქმედოს და თუ ქუთაისელებს აქვთ სურვილი პარლამენტი იქ იყოს, პარლამენტი იქნება ქუთაისში. მეც ამას ვუჭერ მხარს. ქუთაისს აქვს დიდი პერსპექტივა და 3-4 წელიწადში ქუთაისი სულ სხვა შესაძლებლობების ქალაქი გახდება. რამდენიმე დღის წინ, პრემიერის საზოგადოებასთან გამართულმა შეხვედრამ, მე მომცა აბსოლუტური განცდა და გარანტია, რომ ამაზე მსჯელობა არც იქნება”, – განაცხადა კობა ნარჩემაშვილმა.
მისი თქმით, თუ ქუთაისიდან პარლამენტის გადატანის საკითხი დაისმება, ის წინააღმდეგი იქნება.
”მაგრამ კიდევ ერთხელ გეუბნებით, 99,9% -ის ალბათობით, რომ ეს საკითხი პარლამენტში არ დაისმება”,-აღნიშნა ნარჩემაშვილმა.