რა მოხდება თუ “ნაციონალები” პარლამენტში შესვლაზე, ან მეორე ტურში მონაწილეობაზე უარს იტყვიან – კონსტიტუციონალისტის განმარტება
„ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ შესაძლოა პარლამენტში შესვლაზე უარი თქვას. აღნიშნულ საკითხზე, როგორც პოლიტიკურ წრეებში და საზოგადოებაში, ასევე თვითონ პარტიის შიგნითაც აზრთა სხვადასხვაობაა.
“კვირა“ დაინტერესდა, რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული პარტიის წევრები დეპუტატის მანდატზე უარს იტყვიან.
როგორც კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ძაბირაძე განმარტავს, თუ სხვა პოლიტიკურმა ძალამ ვერ გადალახა 5%-იან ბარიერი, მივიღებთ ერთპარტიულ პარლამენტს და საკანონმდებლო მუშაობა გაგრძელდება.
თუმცა ძაბირაძეს არ აქვს მოლოდინი იმისა, რომ “ნაციონალური მოძრაობის“ წევრები პარლამენტში შესვლაზე უარს იტყვიან.
“ცენტრალური საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებზე დაყრდნობით შეგვიძლია ვთქვათ, რომ “ქართულ ოცნებას“ დეპუტატთა დიდი რაოდენობა ეყოლება პარლამენტში და სამართლებრივი თვალსაზრისით პარლამენტი იქნება უფლებამოსილი გააგრძელოს საკანონმდებლო საქმიანობა. რადგან “ქართულ ოცნებას“ სიითი შემადგენლობის 2/3 ეყოლება. კონსტიტუციაში მხოლოდ ეს პირობაა ჩადებული, რომ სიითი შემადგენლობის 2/3 უნდა იყოს“, – განუცხადა “კვირას“ ვახტანგ ძაბირაძემ.
დღეს საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ისიც თქვა, რომ “ნაციონალური მოძრაობის“ მიერ მეორე ტურში მონაწილეობის მიზანს ვერ ხედავს. ექსპრეზიდენტი არჩევნების შედეგების ლეგიტიმურობას ეჭვქვეშ აყენებს.
საინტერესოა რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ „ნაციონალური მოძრაობა“ მეორე ტურში მონაწილეობაზე უარს იტყვის.
აღსანიშნავია, რომ ცესკოს წინასწარი მონაცემებით, იმ მაჟორიტარული ოლქებიდან, სადაც არჩევნების მეორე ტური უნდა გაიმართოს, 44-ში ერთმანეთს „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარობის კანდიდატები დაუპირისპირდებიან.
ვახტანგ ძაბირაძე განმარტავს, რომ აღნიშნულ შემთხვევაში მეორე ტურში მონაწილეობას მხოლოდ ერთი ის კანდიდატი მიიღებს, რომელსაც პირველ ტურში ყველაზე მეტი ხმა ჰქონდა, თუმცა 50% – იანი ბარიერი ვერ გადალახა.
თუმცა, თუ “ნაციონალური მოძრაობის“ წევრები მეორე ტურში მონაწილეობას მიიღებენ, ამ შემთხვევაში გაიმარჯვებს ის, ვისაც ამომრჩევლის ხმათა უმეტესობა ექნება.
პარლამენტის მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტურის დანიშვნის შემთხვევაში, მისი გამართვის ბოლო ვადა 2 ნოემბერია. ”საარჩევნო კოდექსის” გათვალისწინებით, თუ მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით ჩატარებული არჩევნების პირველ ტურში პარლამენტის წევრი ვერ აირჩა, ცესკო პირველი ტურის შედეგების შეჯამებასთან ერთად, არჩევნების მეორე ტურს ნიშნავს, რომელიც იმართება პირველი ტურიდან არაუგვიანეს 25-ე დღისა. არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმი, მეორე ტურის კენჭისყრის დღიდან არაუგვიანეს მე-19 დღისა გამოიცემა, ხოლო ახლად არჩეულმა პარლამენტმა, პირველი შეკრება მეორე ტურის დღიდან არაუგვიანეს 20 დღისა უნდა გამართოს. ცნობისთვის, მეორე ტური მაშინ ინიშნება, თუკი დეპუტატობის კანდიდატი ამომრჩეველთა ხმების ნახევარზე მეტს ვერ მიიღებს.