“Financial Times”-ი: საქართველოში არჩევნები მშვიდობიან გარემოში ჩატარდა, რაც განამტკიცებს ქვეყნის, როგორც რეგიონში დემოკრატიის მედროშის სტატუსს

“Financial Times”-ი: საქართველოში არჩევნები მშვიდობიან გარემოში ჩატარდა, რაც განამტკიცებს ქვეყნის, როგორც რეგიონში დემოკრატიის მედროშის სტატუსს ​გავლენიანი ამერიკული გამოცემა “Financial Times”-ი საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების პირველადი შედეგების შესახებ წერს და აღნიშნავს, რომ საპარლამენტო არჩევნების ეგზიტპოლებში საქართველოს მმართველი პარტია ლიდერობს.
​როგორც გამოცემა აღნიშნავს, არჩევნები მშვიდობიან გარემოში ჩატარდა, რაც “Financial Times”-ის შეფასებით, განამტკიცებს ქვეყნის, როგორც რეგიონში დემოკრატიის მედროშის სტატუსს. გამოცემა საარჩევნო პროცესს ვრცლად მიმოიხილავს.
„ორი ეგზიტპოლის თანახმად, საქართველოს მმართველი პარტია ლიდერობს არჩევნებში, რომელიც შაბათს, ზოგადად მშვიდობიან გარემოში ჩატარდა, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს ქვეყნის, როგორც რეგიონში დემოკრატიის მედროშის სტატუსს. ​საქართველო, თავისი სტრატეგიული მდებარეობით კავკასიაში, ნავთობისა და გაზის რესურსების მარშრუტის გაყოლებაზე, არის ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე დასავლეთის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მოკავშირე. ქვეყნის ტერიტორიების მეხუთედს, კერძოდ , აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სეპარატისტულ რეგიონებს, 2008 წლის ხუთდღიანი ომის შემდეგ აკონტროლებს რუსეთი. ​წინასაარჩევნო კამპანიის მთავარი თემა იყო პაექრობა ბიძინა ივანიშვილსა და მიხეილ სააკაშვილს შორის. ​ეგზიტპოლების მონაცემების დადასტურების შემთხვევაში, რომლებშიც ლიდერობს ქართული ოცნება, ჩაიშლება ბატონი სააკაშვილის გეგმები, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” გამარჯვების შემთხვევაში, საქართველოში დაბრუნებასთან დაკავშირებით. შაბათს საღამოს ბატონმა ივანიშვილმა, რომელიც ოფიციალურად წავიდა პოლიტიკიდან ჯერ კიდევ 2013 წელს, მაგრამ დღესაც ბევრის მიერ განიხილება, როგორც მმართველი “ქართული ოცნების” რეალური მმართველი, მიულოცა თავის მხარდამჭერებს, მისივე თქმით, „დიდი გამარჯვება“. ხსენებული ორი ეგზიტპოლის შედეგები რადიკალურად განსხვავდება ერთმანეთისგან, როცა საქმე ეხება ივანიშვილის “ქართული ოცნების” პარტიისა და მეორე ადგილზე გასული მოწინააღმდეგის მონაცემთა შორის სხვაობას. მეორე მხრივ, ორივე ეგზიტპოლი, “ნაციონალურ მოძრაობასთან” დაკავშირებული, რუსთავი 2-ის მიერ შეკვეთილი გამოკითხვის ჩათვლით, ადასტურებს, რომ არჩევნებში იგებს სწორედ “ქართული ოცნება”, როგორც ეს წინასაარჩევნო პერიოდში ივარაუდეს ანალიტიკოსებმა“, – წერს გამოცემა.
სტატიის ავტორი წერს, რომ არჩევნების შედეგები, სავარაუდოდ, არ იქონიებს გავლენას საქართველოს პროდასავლურ საგარეო პოლიტიკაზე და აღნიშნავს, რომ როგორც „ქართული ოცნება“, ისე „ნაციონალური მოძრაობა“ ემხრობა დასავლეთთან კავშირების განმტკიცებას.
„2014 წელს თბილისმა ხელი მოაწერა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებასა და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას. დასავლელი დიპლომატები და ბევრი ქართველიც გამოთქვამენ იმედს, რომ თუკი დადასტურდა “ქართული ოცნების” გამარჯვება, როგორც ივანიშვილი, ისე სააკაშვილი დატოვებენ ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებას, რითაც დასრულდება კიდეც ეს მწვავე პირადი დაპირისპირება, რომელიც ლაიტმოტივად გასდევს ქართულ პოლიტიკას 2012 წლიდან, როცა ივანიშვილმა დააარსა “ქართული ოცნება” სააკაშვილის ძალაუფლებიდან ჩამოშორების გაცხადებული მიზნით“, – წერს “Financial Times”-ი.
სტატიის ავტორის შეფასებით, თავად სააკაშვილსაც გაუნელდა საქართველოში დაბრუნების სურვილი. მისი თქმით, ამას ცხადყოფს სააკაშვილის მიერ უკრაინის ერთ-ერთი ტელევიზიისთვის გაკეთებული განცხადებას, რომ ის არ აპირებს უკრაინის დახმარების მიზნით არსებული გეგმების მიტოვებას, მიუხედავად იმისა, თუ როგორ დამთავრდება არჩევნები საქართველოში. “Financial Times” – ი დამკვირვებლებზე დაყრდნობით წერს, რომ ქართული პოლიტიკისთვის დამახასიათებელი ვნებათაღელვის გათვალისწინებით, არჩევნები მშვიდობიანად ჩატარდა. გამოცემა აღნიშნავს, რომ ზოგადად, მშვიდობიანი არჩევნების დღის ფონზე, გამონაკლისად უნდა ჩაითვალოს ინციდენტი თბილისის სამხრეთით მდებარე მარნეულში, სადაც მოქალაქეთა ჯგუფი შეეცადა საარჩევნო უბანზე შეჭრას.
„ჯერჯერობით არჩევნები უფრო მშვიდობიანად მიმდინარეობს, ვიდრე წარსულში, რაც დადებითი მოვლენაა“, – აცხადებს ჰანს გუტბორდი, დამოუკიდებელი ანალიტიკოსი კავკასიის საკითხებში. გამოცემა “Financial Times”-ს საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და „ქართული ოცნების” ლიდერის, გიორგი კვირიკაშვილის შეფასებაც მოჰყავს, რომელშიც ის აცხადებს, რომ „ეს არჩევნები კიდევ უფრო განამტკიცებს დემოკრატიას საქართველოში“. „პარლამენტის საბოლოოდ დაკომპლექტებას კიდევ რამდენიმე კვირა დასჭირდება. 150 ადგილიდან 77 მანდატის ბედს გადაწყვეტს პროპორციული სისტემით ჩატარებული არჩევნები, ხოლო დანარჩენ 73 დეპუტატს აირჩევენ მაჟორიტარულ ოლქებში, სადაც იმ შემთხვევაში, თუ ვერც ერთი კანდიდატი ვერ დააგროვებს ხმათა, სულ მცირე, 50 პროცენტს, დაინიშნება მეორე ტური“, – წერს გავლენიანი ამერიკული გამოცემა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები