ირაკლი მელაშვილი: ევროინტეგრაცია და ევროკავშირთან დაახლოება ნიშნავს იმას, რომ ქვეყანაში დემოკრატიული სისტემა უნდა გქონდეს
“ევროკავშირს ეს ხელისუფლება არალეგიტიმურად არასოდეს გამოუცხადებია და მეტ-ნაკლებად ურთიერთობაც გვაქვს. ისინი კი, ვინც გაიძახის, არჩევნებში მონაწილეობა ხელისუფლების ლეგიტიმაციას ნიშნავსო, წავიდნენ და ცესკოში, რომელსაც აქამდე არალეგიტიმურს უწოდებდნენ, განცხადებები შეიტანეს – ნომრები დაგვიტოვეთო”-, ამის შესახებ ანალიტიკოსი ირაკლი მელაშვილი, გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში აცხადებს.
მისივე თქმით, ევროკავშირი ვითარების გამწვავებას მაინც არ ცდილობს.
,,რაც შეეხება ევროკავშირის ოფიციალურ წერილს, არავინ არ არის დარწმუნებული, უვიზო რეჟიმის გაუქმება მოიტანს თუ არა შედეგებს. უამრავი შემთხვევა არსებობს, მათ შორის, ევროპული სანქციების, როდესაც ვიზებს არ აძლევდნენ, ასევე უწესებდნენ ეკონომიკურ სანქციებს, მაგრამ არც რეჟიმი შეცვლილა და არც პოლიტიკა გამოსწორებულა. ამიტომ, ჩემი აზრით, ჯერ კიდევ ფიქრობენ იმას, თუ რა ზომები მიიღონ. ეს წერილიც გარკვეულწილად პაუზის აღებაა შემოდგომამდე, თანაც, ევროკავშირმა რომ მთლიანობაში შემოიღოს სანქციები, ამასაც ყველა ქვეყნის თანხმობა სჭირდება.
ვფიქრობ, ევროკავშირი მაინც არ ცდილობს ვითარების გამწვავებას, რადგან კარგად იციან, როგორც წავა უკრაინაში მოვლენები, მნიშვნელოვნად განაპირობებს საქართველოს მდგომარეობას. ამიტომ ელოდებიან, რა რეაქცია ექნება საქართველოს ხელისუფლებას. რაც შეეხება კობახიძეს, პრემიერ-მინისტრი არც აქამდე გამოირჩეოდა რაციონალური აზრებით, მაგრამ ახლა ფსკერი გაიხვრიტა. მთავრობის თავმჯდომარემ, რომელიც ყველა ოპონენტს, ვინც მათ აზრებს არ იზიარებს, ეძახის უსამშობლოებს, მოღალატეებს, მტრებს… თურმე ევროპაში არის შუა საუკუნეების ინკვიზიცია განსხვავებული აზრის მიმართ; თურმე ამ მთავრობამ დაიცვა ის, რომ საქართველოში კაცი ქალზე უნდა დაქორწინდეს. არადა, სამოქალაქო კოდექსის 1106-ე მუხლით კარგა ხანია დადგენილია, რომ ოჯახი არის ქალის და კაცის ქორწინება! თურმე ევროპას ჩვენი ოჯახის ტრადიციების დანგრევა უნდა და დედამიწის ზურგზე მხოლოდ “ოცნება” ებრძვის ამას. ეს უკვე აშკარად მიანიშნებს, რომ კურსი აქვთ აღებული ევროკავშირთან ურთიერთობის გაწყვეტაზე. ზოგის აზრით, ეს რუსეთის დავალებით ხდება. მე კი მგონია, რომ საკითხი მარტივად არის…
ევროინტეგრაცია და ევროკავშირთან დაახლოება ნიშნავს იმას, რომ ქვეყანაში დემოკრატიული სისტემა უნდა გქონდეს, დემოკრატიული სისტემა კი გულისხმობს იმას, რომ შენ შეიძლება არჩევნები წააგო და აღარ აგირჩიონ, მაგრამ ხელისუფლებაში აბსოლუტური უმრავლესობა შემთხვევით მოსული ხალხია და თანაც, თავად კი არ მოსულან, კი არ უბრძოლიათ, არამედ მათ, როგორც მორჩილ ადამიანებს, მოჰკიდეს საყელოში ხელი და დასვეს თანამდებობებზე. მათ ძალიან კარგად ესმით, რომ დემოკრატიის პირობებში ძალაუფლების შენარჩუნების არანაირი შანსი არა აქვთ. აქედან გამომდინარე, ისინი მიდიან ევროპის წინააღმდეგ, რადგან ევროპა მათ სთხოვს იმას, რაც “ოცნების” ლიდერებისთვის ძალაუფლების დაკარგვის ტოლფასია.
რაც შეეხება ვიზალიბერალიზაციის შეჩერებას, ვინც გაბრაზებულია ხელისუფლებაზე, დარჩება ხელისუფლებაზე გაბრაზებული, და ის, ვინც ვერ იტანდა ევროკავშირს და დასავლეთს, დარჩება იმავე პოზიციაზე. მაგრამ საინტერესოა, ის ფენა რას იზამს, რომელიც “ოცნებას” იმიტომ უჭერდა მხარს, რომ ეშინოდათ სამსახურის და პრივილეგიების დაკარგვის? ამ პრივილეგიებში ევროპაში სიარულიც შედიოდა და ამ მცირე ფენამ შეიძლება შეიცვალოს დამოკიდებულება “ოცნების” მიმართ. ეს არის საინტერესო, მედროვეები რას იზამენ, რადგან მათ უნდათ ევროპაში იარონ, მათმა შვილებმა განათლება ევროპაში მიიღონ, ისარგებლონ ევროპის ყველანაირი სიკეთეებით. გამოკითხვებს თუ შევხედავთ, 25-30% ხელისუფლების მომხრეა, დაახლოებით ამდენივე ხელისუფლების რადიკალური ოპონენტია, ხოლო 40%-მდე ზომიერად განწყობილია – ანუ ის კატეგორია, სადაც შედის მათ შორის ის ხალხი, ვინც საჯარო სამსახურებში მუშაობს. ჩემი აზრით, ამ ზომიერად განწყობილი ხალხის რადიკალიზაცია რეალურად მოსალოდნელია, რადგან დაინახავენ, რომ კედელს მივადექით – უვიზოს გვიუქმებენ, ევროინტეგრაცია კი ისედაც შეჩერებულია.
უვიზო იყო ის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რამ, რამაც ხელშესახები შედეგი მოიტანა, და გავითვალისწინოთ, რომ ეს მხოლოდ მოგზაურობები არ იყო. ათასობით ადამიანმა შეძლო, რომ შვილებისთვის ჯანმრთელობის პრობლემა გადაეწყვიტა, ბევრად გაადვილებული იყო სასწავლებლად წასვლა. თუ ეს მიმოსვლა გაჩერდა, დაარტყამს აეროპორტებსაც და სხვადასხვა ბიზნესსაც, რომლებიც ამ სფეროში მუშაობენ. ერთი სიტყვით, უვიზო რეჟიმის შეჩერება საქართველოსთვის ძალიან უარყოფითი ფაქტორია, მათ შორის, მოსახლეობისთვის. თუმცა ვიმეორებ, ჩვენი მოსახლეობის მინიმუმ 25% ანუ მოსახლეობის მეოთხედი დასავლეთს ვერ იტანს. ფაქტობრივად, ეს არის ასაკოვანი კატეგორია, რომელსაც ენატრება საბჭოთა კავშირი. ამ ხალხს ვერაფერი გამოცვლის. დანარჩენებში კი, ვფიქრობ, მაინც მკვეთრად უარყოფითად შეიცვლება ხელისუფლების მიმართ დამოკიდებულება. უვიზოს გაუქმება “ოცნებაზე” კარგად არ იმუშავებს. თუმცა, რამდენად გადაიხრება ის პინა, რომელიც საბოლოოდ გადაწონის საზოგადოების აზრს და რადიკალურად დასვამს საკითხს, რომ ხელისუფლება მოსაშორებელია, არ ვიცი.
შემოდგომაზე ბევრი რამ გაირკვევა უკრაინაში, ასევე სომხეთ-აზერბაიჯანს შორის ზანგეზურის დერეფნის საკითხი – ანუ გაუჩნდება თუ არა კავკასიაში ალტერნატივა საქართველოს როგორც სატრანზიტო გადამზიდავს. ევროპული პოლიტიკა ყოველთვის იყო აგებული იმაზე, რომ მხოლოდ ერთი ხისტი გამოსავალი არ ჰქონოდა, ამიტომ გააკეთებენ იმას, რაც თვითონ აწყობთ. რაც მთავარია, მათი ინტერესები საქართველოს მოსახლეობის ინტერესებს ემთხვევა, რა პროპაგანდაც არ უნდა წარმართოს “ოცნებამ”… ჩვენ საზოგადოებას უნდა ჰქონდეს მხოლოდ საკუთარი თავის იმედი – პოლიტიკურ ბრძოლაში არის აღმავლობა, რასაც მოჰყვება დაღმავლობა. ჩემი აზრით, შემოდგომაზე მოვა აღმავლობის პერიოდი. უბრალოდ, რამდენად იქნება საზოგადოება მყარად მზად ამ აღმავალი ტალღისთვის, ეს არის მნიშვნელოვანი. ფაქტია, ის მოდელი, რაც საზოგადოებრივ მოძრაობას აქვს – არანაირი ლიდერი და არაფერზე პასუხისმგებლობა – ბრძოლის მთლად ეფექტური ფორმა ვერ გამოდგა. ამ ყველაფრის გათვალისწინებით საპროტესტო მოძრაობის აქტორები რამდენად შეძლებენ ამ ყველაფრის გააზრებას და ისე მომზადებას ახალი ტალღისთვის, ამაზე იქნება ბევრი რამ დამოკიდებული. მე არ მინდა პესიმისტი ვიყო, ისედაც ვიცი, რომ რთული ვითარებაა. ნამდვილად ვისურვებდი, რომ ეს ახალგაზრდები დამსხდარიყვნენ და გაეანალიზებინათ შეცდომები და უფრო ეფექტურ ტაქტიკებზე ეფიქრათ”, – განაცხადა მელაშვილმა.