პროკურატურამ ცხოველისადმი ძალადობის ფაქტზე, რამაც მისი სიკვდილი გამოიწვია და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ ცხოველისადმი ძალადობის ფაქტზე, რამაც მისი სიკვდილი გამოიწვია, აგრეთვე, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.
უწყების ცნობით, პროკურატურა ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 15 აგვისტოს, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კისისხევში, ბრალდებულმა პნევმატური იარაღიდან ესროლა ძაღლს, რის შედეგადაც ცხოველი დაიღუპა. ასევე, ბრალდებულის სახლის ჩხრეკის შედეგად ამოღებულია ცეცხლსასროლი იარაღი, რომელსაც იგი მართლსაწინააღმდეგოდ ინახავდა.
სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლის მე-3 ნაწილით (ცხოველისადმი სხვაგვარი ძალადობა, რამაც მისი დაღუპვა გამოიწვია) და 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ექვს წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურა ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს“, – ნათქვამია ინფორმაციაში.