“სამართლიანი არჩევნები“ ხმის დათვლის პროცესში დაფიქსირებული დარღვევების შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს

„სამართლიანი არჩევნები“ ხმის დათვლის პროცესში დაფიქსირებული დარღვევების შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს.

ორგანიზაციის ინფორმაციით, N66 მაჟორიტარული ოლქის (ზუგდიდი) 79-ე საარჩევნო უბანზე დაახლოებით 23:45 საათზე, ხმის დათვლის პროცესის დროს,  10-მდე უცხო პირი შეიჭრა. აღნიშნულმა პირებმა დაარბიეს საარჩევნო უბანი, ძირს დაყარეს ბიულეტენები და  დაამტვრიეს ინვენტარი. ერთ-ერთი დამკვირვებლის მიმართ განხორციელდა ძალადობრივი ქმედება – მას წაართვეს და დაუმტვრიეს მობილური ტელეფონი.
N64 მაჟორიტარული ოლქის (ხობი) 37-ე საარჩევნო უბანზე, დაძაბული სიტუაციის გამო, მობილიზებული იყო პოლიცია, სპეცრაზმი და სასწრაფო დახმარება. „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებელს არ მიეცა საშუალება, შესულიყო უბანზე და გაცნობოდა იქ არსებულ მდგომარეობას. ამასთან, აღნიშნულ უბანზე შემაჯამებელ ოქმებში არ დგება ბალანსი – კერძოდ, ამომრჩეველთა ხმების რაოდენობა არ ემთხვევა გაცემული ბიულეტენების რაოდენობას.
N66 მაჟორიტარული ოლქის (ზუგდიდი) 38-ე საარჩევნო უბანზე, ყუთის გახსნის შემდეგ, ხმების დათვლის პროცესში, სავარაუდოდ, ხდებოდა დამატებითი ბიულეტენების შერევა და გარკვეული დროის განმავლობაში ბიულეტენები ძირს ეყარა.
N69 მაჟორიტარული ოლქის (ბათუმი) 1-ელ საარჩევნო უბანზე არჩევნების შედეგების დათვლის პროცესი მიმდინარეობდა ქაოტურად, ხმაურის ფონზე. თავმჯდომარე ვერ აკონტროლებდა კომისიის მუშაობას, ამასთან, საოლქო-საარჩევნო კომისიის წევრი უშუალოდ მონაწილეობდა ხმის დათვლის პროცესში.
რაც შეეხება დამკვირვებლის უფლების შეზღუდვას, მათი ცნობით,
N20 მაჟორიტარული ოლქის (გლდანი) 11-ე საარჩევნო უბანზე კომისიის თავმჯდომარემ და მდივანმა დამკვირვებელს ჩანაწერთა წიგნში შენიშვნის დაფიქსირების უფლება არ მისცეს. დარღვევა ოლქში საჩივრის წარდგენის შემდეგ აღმოიფხვრა.
N49 მაჟორიტარული ოლქის (ქუთაისი) 77-ე საარჩევნო უბანზე კომისიის თავმჯდომარემ დამკვირვებლებს უფლება არ მისცა, ურთიერთშეთანხმებით შეერჩიათ ბიულეტენების დათვლაზე მეთვალყურეები.
N66 მაჟორიტარული ოლქის (ზუგდიდი) 93-ე საარჩევნო უბანზე კომისიის ერთ-ერთმა წევრმა დამკვირვებელს არ მისცა ამომრჩევლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ნახვის და გადამოწმების უფლება. ამასთან, დამკვირვებელს შეეზღუდა წიგნში შენიშვნის გაკეთების შესაძლებლობაც.
შემაჯამებელი ოქმის არასათანადოდ შედგენას რაც შეეხება, “სამართლიანი არჩევნების“ ცნობით, N24 მაჟორიტარული ოლქის (გურჯაანი) 13-ე საარჩევნო უბანზე პროპორციულ და მაჟორიტარულ შემაჯამებელ ოქმებში ამომრჩეველთა რაოდენობა ერთმანეთს არ ემთხვევა;
„N24 მაჟორიტარული ოლქის (გურჯაანი) 51-ე საარჩევნო უბანზე შემაჯამებელ ოქმში  კომისიის ერთ-ერთმა წევრმა ხელი შეცდომით მოაწერა;
N40 მაჟორიტარული ოლქის (ქარელი) 4-ე საარჩევნო უბანზე შემაჯამებელ ოქმში მონაცემები შესწორების ოქმის თანდართვის გარეშე ჩაასწორეს;
N39 მაჟორიტარული ოლქის (კასპი) 11-ე საარჩევნო უბანზე შემაჯამებელ ოქმში გადასწორებული იყო მონაცემი შესწორების ოქმის გარეშე. ამასთან, შემაჯამებელ ოქმში არასწორად იყო დათვლილი ერთ-ერთი პოლიტიკური პარტიის ხმების რაოდენობა;
N44 მაჟორიტარული ოლქის (ახალციხე) 19-ე საარჩევნო უბანზე პროპორციული შედეგების შემაჯამებელ ოქმში არ არის მითითებული ბათილი ბიულეტენების რაოდენობა;
N51 მაჟორიტარული ოლქის (ბაღდათი) 10-ე საარჩევნო უბანზე შემაჯამებელ ოქმში არ არის მითითებული შევსების დრო და კომისიის ბეჭედი;
N60 მაჟორიტარული ოლქის (ლანჩხუთი) 33-ე საარჩევნო უბანზე მაჟორიტარულ შემაჯამებელ ოქმში ამომრჩეველთა ხელმოწერების რაოდენობა შეცდომით არის მითითებული;
N66 მაჟორიტარული ოლქის (ზუგდიდი) 95-ე საარჩევნო უბანზე შემაჯამებელ ოქმზე არ იყო შედგენის თარიღი და ბეჭედი;
N21 მაჟორიტარული ოლქის (გლდანი) 61-ე საარჩევნო უბანზე, N31 მაჟორიტარული ოლქის (გარდაბანი) 31-ე და 43-ე საარჩევნო უბნებზე, N40 მაჟორიტარული ოლქის (ქარელი) 40-ე საარჩევნო უბანზე შემაჯამებელი ოქმები არ იყო დამოწმებული ბეჭდით“, -აცხადებენ “სამართლიან არჩევნებში“.
ორგანიზაცია მასალის დალუქვის წესის დარღვევის ფაქტებზეც საუბრობს.
„ N40 მაჟორიტარული ოლქის (ქარელი) 19-ე საარჩევნო უბანზე გამოუყენებელი ბიულეტენები არ დაილუქა;
N48 მაჟორიტარული ოლქის (ქუთაისი) 116-ე საარჩევნო უბანზე საარჩევნო ყუთები გაიხსნა სამაგიდო სიების, გადასატანი ყუთის სიისა და სპეციალური სიის დალუქვამდე.
N60 მაჟორიტარული ოლქის 1-ელ საარჩევნო უბანზე გამოუყენებელ საარჩევნო ბიულეტენებს არ ჩამოეჭრა ყუა და შენიშვნის სახით არ მიეთითა – „გამოუყენებელი“.
განსხვავება ბიულეტენებისა და ხელმოწერები რაოდენობაში
N54 მაჟორიტარული ოლქის 12-ე საარჩევნო უბანზე გაცემული ბიულეტენების რაოდენობა 1-ით მეტი აღმოჩნდა სიაში ამომრჩეველთა ხელმოწერების რაოდენობაზე. აღნიშნული ფაქტზე შედგა ახსნა -განმარტების აქტი.
ამ დროისთვის „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლების მიერ საუბნო კომისიებში წარდგენილია 94 საჩივარი, 120 საჩივარია წარდგენილი საოლქო კომისიებში. ჩანაწერთა წიგნში დაფიქსირებულია 151 შენიშვნა“ , – აცხადებენ სამართლიან არჩევნებში.
მათივე ცნობით, „საარჩევნო უბნების 97.9%-ზე ხმის დათვლის პროცესმა დარღვევების გარეშე ჩაიარა, რაც ახლოს არის 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებისა (98%) და 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მონაცემებთან (96.6%).

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები