The New York Times:აზრთა სხვადასხვაობით გახლეჩილ საქართველოში 200 პოლიტიკური პარტია რუსეთის წინააღმდეგ ერთიანდება

საქართველოში მიმდინარე პროცესებს, ქვეყნის საგარეო კურსს  და წინასაარჩევნო გარემოს აფასებს The New York Times.

გამოცემასთან ინტერვიუში საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი აცხადებს, რომ „პროგრესის ერთადერთი გზა ამ ქვეყნისათვის დასავლური ოჯახის სრულფასოვან წევრად ჩამოყალიბებაზე გადის“.

ნინო ბურჯანაძის თქმით, კი იგი რუსეთს მუდმივად უმეორებს, რომ „პრორუსული ძალა ვერ მოიპოვებს და ვერ შეინარჩუნებს ხელისუფლებას საქართველოში.“

მას მარგარეტ ტეტჩერთან, კოლინ პაუელსა და ჯორჯ ბუშ უმცროსთან ხელის ჩამორთმევის ამსახველი ფოტოსურათები აქვს გამოფენილი. თუმცა ნინო ბურჯანაძის ოფისში არსად ჩანს ფოტო, რომელზეც ერთ-ერთ მაღალ თანამდებობის პირთან ხელის ჩამორთმევა იქნებოდა ასახული. არსად ჩანს პოლიტიკური ლიდერი, რომელმაც ყველა სხვაზე უფრო მეტად, შექმნა და გაანადგურა ნინო ბურჯანაძის პოლიტიკური მიღწევები. ეს ლიდერი რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინია, რომელთან კავშირმაც ქართული პოლიტიკის ამომავალ ვარსკვლავს, ნინო ბურჯანაძეს მოღალატის სახელი მოუტანა. აღნიშნული ზედსართავი მისი პოლიტიკური ოპონენტების მიერ გამოიყენებოდა, განსაკუთრებით აქტიურობდნენ მისი ყოფილი პოლიტიკური მეგობრები მიხეილ სააკაშვილის ჩათვლით.

52 წლის იურისტი ნინო ბურჯანაძე იმ ოპოზიციური ტრიუმვირატის წევრია, რომელმაც საქართველო 2003 წლის ვარდების რევოლუციამდე მიიყვანა და ევროკავშირსა და ნატოსთან დაახლოების ხარჯზე, რუსულ ორბიტას დააშორა. ყოფილი კოლეგები მას გმობენ, როგორც მარიონეტს, რომელიც მზადაა, საკუთარი სამშობლო რუსეთის ჩექმის ქვეშ მოაქციოს.

როგორც ის ინტერვიუში აცხადებდა, ეს ბრალდება წინასწარ განზრახული ფალსიფიკაციაა. ამგვარი ინსინუაციები ეყრდნობა 4 მილიონზე ნაკლები მოსახლეობისა და დამოუკიდებლობის 25 წლის გამოცდილების მქონე კავკასიური ქვეყნის რაციონალურ და ირაციონალურ შიშებს და მოსკოვთან ჩახლართული, ხშირ შემთხვევაში, მტკივნეული ურთიერთობის მრავალ საუკუნეს.

„მე რუსებს ერთს ვუმეორებ: „პრორუსული ძალა ვერ მოიპოვებს და ვერ შეინარჩუნებს ხელისუფლებას საქართველოში. შეცდომაა იმ ხალხის მხარდაჭერა, რომლებსაც რუსეთის დროშები უჭირავთ ხელში“ – განაცხადა ქალბატონმა ბურჯანაძემ, რომელიც ბატონ პუტინს რამდენჯერმე შეხვდა. ამის გამო მას ღალატი დაბრალდა. რუსეთთან ხანმოკლე, თუმცა გამანადგურებელი ომიდან რვა წლის შემდეგ, საქართველოს ჩრდილოელ მეზობელთან დიპლომატიური ურთიერთობები ჯერ კიდევ არ აღუდგენია.

200-ზე მეტი რეგისტრირებული პოლიტიკური პარტიის გათვალისწინებით საქართველო სწრაფად განვითარებადი, თუმცა ჯერ კიდევ გახლეჩილი დემოკრატიული ქვეყანაა. თუმცა ამ შაბათს დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნების დღის წესრიგიდან ლამის საერთოდ გაქრა ერთ დროს ყველაზე აქტიურად განხილვადი საკითხი, რომელიც დასავლეთსა და რუსეთს შორის არჩევანის გაკეთებას გულისხმობდა.

დასავლეთთან ინტეგრაციის პროცესში წელს ევროკავშირთან ე.წ. ასოცირების შესახებ შეთანხმებას მოეწერა ხელი. მიუხედავად სხვადასხვა გამოკითხვის შედეგისა,  რომლის თანახმადაც, უკანასკნელი წლების განმავლობაში  დასავლეთთან ინტეგრაციის მხარდამჭერთა რიცხვი  ოდნავ შემცირდა, პრორუსულ სენტიმენტებს ღიად არც ერთი პოლიტიკოსი არ იზიარებს. საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებით, საპარლამენტო არჩევნებიდან მოიხსნა პარტია, რომელიც მოსახლეობას რუსული სამხედრო ბაზების  განლაგებასა და რუსულ პენსიას ჰპირდებოდა.

პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, რომლის პარტია „ქართულ ოცნებას“ მოწინააღმდეგეები პრორუსულ განწყობებში სდებდნენ ბრალს, ინტერვიუში აცხადებს, რომ საქართველოს გეოპოლიტიკური ორიენტაცია მყარად პროდასავლურია – მიუხედავად იმისა, რომ ერთ დროს ეს საკითხი ქართულ პოლიტიკაში მწვავედ იდგა. „პროგრესის ერთადერთი გზა ამ ქვეყნისათვის დასავლური ოჯახის სრულფასოვან წევრად ჩამოყალიბებაზე გადის,“ – განაცხადა მან.

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის მიერ ივლისში გამოქვეყნებული კვლევა აჩვენებს, რომ  უდიდესი უმრავლესობა მხარს საქართველოს დასავლურ (და არა რუსულ) მომავალს უჭერს. თუმცა,  ორი წლის წინანდელ მონაცემებთან შედარებით, პრო-დასავლური გზის მხარდამჭერთა პროცენტული მაჩვენებელი შემცირდა. გამოკითხულთა 29%-ზე მეტი აცხადებს, რომ საქართველომ, რუსეთთან დაახლოების ხარჯზე, პრო-დასავლური კურსი უნდა დათმოს.

ძლიერია ეჭვი იმასთან დაკავშირებით, რომ ახლადშექმნილი პოპულისტური პარტია „პატრიოტთა ალიანსი“, რომელიც პრორუსული განწყობილებებით გამოირჩეოდა, სწორედ მოსკოვისგან იღებს დაფინანსებას. ამ პოლიტიკურმა ძალამ შეასუსტა ნატოსა და ევროკავშირის კრიტიკა და ანტირუსულ განწყობილებების მქონე პარტიათა რიცხვს შეუერთა.

„რუსებს არასდროს სდომებიათ კარგი ამ ქვეყნისათვის,“ – განაცხადა პარტიის ლიდერმა, ირმა ინაშვილმა. „ჩვენი ქვეყნისათვის უსაფრთხოების უზრუნველყოფა და ჭეშმარიტი დემოკრატიის შექმნა მხოლოდ ნატოს შეუძლია,“ – დაამატა მან.

თუმცა უმრავლესობის მხარდაჭერას აღარ იზიარებს მოსაზრება, რომ დემოკრატია მართვის ყველა სხვა ფორმას ჯობია – კავკასიის ბარომეტრი, რომელიც აზრის გამოკითხვის დამოუკიდებელ ინსტრუმენტს წარმოადგენს, მიუთითებს, რომ დემოკრატიის მხარდამჭერთა რიცხვი 68%-დან (2012 წლის მაჩვენებელი) 47%-მდე (გასული წლის მონაცემი) დაეცა.

წელს, საყოველთაოდ ცნობილმა ქართველმა საოპერო მომღერალმა, პაატა ბურჭულაძემ დათმო სიმღერა და პოლიტიკაში წავიდა. მან განაცხადა, რომ საზოგადოებას იმედი გაუცრუვდა, რადგან „ამ ქვეყანაში ყველაფერი ფულით იმართება“, კერძოდ კი ქვეყნის უმდიდრესი ადამიანის – „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის ფულით.

ბატონი ივანიშვილი, რომელიც 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ პრემიერ-მინისტრის ფუნქციებს ასრულებდა, აქტიური პოლიტიკიდან გაუჩინარდა, თუმცა ბევრს მიაჩნია, რომ იგი ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს თბილისში მთაზე განთავსებული სასახლიდან მართავს.

„ის ქვეყანას საკუთარი სახლიდან მართავს,“ -აცხადებს ბურჭულაძე. „იგი ყველას საკუთარი მარიონეტებივით ეპყრობა. ნორმალურ სახელმწიფოში, ჩემნაირი ადამიანი პოლიტიკაში არ უნდა მოდიოდეს“.

უკანასკნელი ოთხი წლის მანძილზე ქართულ პოლიტიკაში დომინირებდა ივანიშვილი და მისი, ბევრის მოლოდინის საპირისპიროდ, პრო-დასავლური ორიენტაციის მქონე პოლიტიკური პარტია. ამ ფაქტმა პრორუსული რიტორიკის მქონე ძალებისთვისაც გააჩინა ადგილი.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორის, გიორგი გოგსაძის განცხადებით, რუსეთის ეკონომიკურმა და სხვა პრობლემებმა შეასუსტა მოსკოვის ინტერესი, ქართული პოლიტიკის ლაბირინთებზე ზეგავლენა მოეხდინა.  მან დაამატა, რომ რუსეთმა „იცის, რომ ჩვენ ნატოში არასდროს მიგვიღებენ, ამიტომ მათ აწყობთ არსებული მდგომარეობა.“

სააკაშვილმა ქვეყანა უკრაინაში, ოდესის რეგიონის გუბერნატორის პოსტის დასაკავებლად დატოვა. მის მხარდამჭერებს მიაჩნიათ, რომ პოლიტიკური ელიტის ცალსახა უარი რუსეთთან ნებისმიერი ტიპის კავშირის ქონაზე მხოლოდ ნიღაბია, რომლის მიღმაც პოლიტიკური პარტიები არაპოპულარულ სენტიმენტებს მალავენ.

„რა თქმა უნდა, ყველა მათგანი აცხადებს, რომ რუსეთს არ უჭერს მხარს, საქართველოში არავინ შეიძლება იყოს რუსეთის მხარდამჭერი,“ – აცხადებს მიხეილ სააკაშვილის ყოფილი პარტიის – ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერი გიორგი ბოკერია. მან ასევე აღნიშნა, რომ მიუხედავად ამისა, პოლიტიკოსთან ნაწილი, ნატოსთან შეერთების ამაო მცდელობების საჭიროების  კითხვის ნიშნის ქვეშ განუწყვეტლივ დაყენებით, რუსეთის წისქვილზე ასხამენ წყალს. ისინი დასავლეთს ქართული ღირებულებების მტრად წარმოაჩენენ – ეს კი სრულად შეესაბამება მოსკოვის დღის წესრიგს.

ქალბატონი ბურჯანაძე, რომელიც უსაფრთხოების დასავლური და რუსული ინსტიტუტების გარეთ ყოფნისა და „უბლოკო“ სტრატეგიის სიკეთეებზე ქადაგებს, აღნიშნავს, რომ „ქვეყანა არც რუსების და არც ამერიკელების მარიონეტად არ უნდა იქცეს.“

ის აქვე ამატებს, რომ მხოლოდ ბატონ პუტინთან და მის ლეიტენანტებთან საუბარი იძლევა იმედს, რომ საქართველოს ოდესმე დაუბრუნდება რუსეთის მხარდაჭერის მქონე სეპარატისტთა მიერ კონტროლირებადი ტერიტორია აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სახით. ეს პოზიცია მას არაპოპულარულად აქცევს და ამცირებს იმის შანსს, რომ მისი პარტია – „დემოკრატიული მოძრაობა-დამოუკიდებელი საქართველო“ საპარლამენტო მანდატებს მოიპოვებს.

ნინო ბურჯანაძის თანახმად, „სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ“, მისი პარტია რუსეთისგან დაფინანსებას არ იღებს, თუმცა ოპონენტები მას  რუსეთთან კავშირში ადანაშაულებენ. მიუხედავად ამისა, ბურჯანაძეს სჯერა, რომ საქართველომ მოსკოვთან გარკვეულ შეთანხმებას უნდა მიაღწიოს.

http://www.nytimes.com/2016/10/08/world/europe/georgia-nino-burdzhanadze.html

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები