„ფორბსი“: ისეთი ევრაზიული სახელმწიფოსთვის, როგორიც საქართველოა, ეკონომიკური მომავალი რუსეთის გარეშე ნამდვილად არსებობს

გავლენიანი ამერიკული გამოცემა Forbes-ი უკრაინის საყურადღებოდ წერს, რომ საქართველოს მსგავსად, ეს შეიძლება უკრაინისთვისაც  იყოს გამოსავალი.

სტატიის ავტორი საქართველოს მთავრობას ნიუ-იორკის ყოფილ მერს რუდოლფ ჯულიანის ადარებს და აღნიშნავს, რომ  მსოფლიო ბანკის მონაცემებით, ბოლო ოთხ წელიწადში თითქმის 500 ათასმა  ადამიანმა დააღწია თავი სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრებას.

Forbes სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების ანგარიშებზეც ამახვილებს ყურადღებას და წერს, რომ ბიზნესის წარმოების 2016 წლის მონაცემებით საქართველო 24-ე ადგილზეა და პოლონეთს, შვეიცარიას, საფრანგეთს  და ჰოლანდიას უსწრებს. საერთაშორისო გამჭვირვალობის კორუფციის ინდექსის მიხედვით, კი,  საქართველო დღეს 48-ე ადგილზეა, რაც  იმას ნიშნავს, რომ ქვეყანაში კორუფციის დონე უფრო დაბალია, ვიდრე ევროპის რამდენიმე და აღმოსავლეთ ევროპის ყველა ქვეყანაში (რომ არაფერი ვთქვათ მზარდი ეკონომიკის მქონე ოთხეულის – ბრაზილიის, რუსეთის, ინდოეთისა და ჩინეთის შესახებ).

პუბლიკაციის ავტორი სექტემბერში, ნიუ-იორკში საქართველოს პრემიერ-მინისტრის  ვიზიტსაც იხსენებს და  წერს, რომ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, აშშ საქართველოს  ყველაზე მსხვილი ჯამური ინვესტორია.

Forbes ასევე აღნიშნავს, რომ 2016 წელს, 2,5 მილიარდი დოლარის ღირებულების ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობისა და ოპერირების სატენდერო კონკურსში ამერიკული და ქართული კომპანიების კონსორციუმმა გაიმარჯვა, 2014 წელს კი საქართველოს ბუნებრივი აირის ბაზარზე კომპანია Frontera Resources შემოვიდა.

იმ სამი პოსტსაბჭოთა ქვეყნიდან, რომლებსაც აქვთ ტერიტორიული დავა რუსეთთან, მოლდოვასა და უკრაინასთან შედარებით, საქართველო ამ მხრივ არც თუ ისე ცუდ მდგომარეობაშია. მავანთა თქმით, ის, რაც მთავრობამ გააკეთა საქართველოსთვის საბჭოთა კავშირის შემდეგ, ტოლფასია იმისა, რაც რუდოლფ ჯულიანის წყალობით მოხდა 42-ე ქუჩაზე. მართალია, ეს შეიძლება იყოს ზედმეტად გულუბრყვილო შედარება ამერიკაში ქართველთა დიასპორის მხრიდან, მაგრამ, მსოფლიო ბანკის მონაცემებით, ბოლო ოთხ წელიწადში თითქმის 500 000 ადამიანმა დააღწია თავი სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრებას.

ინვესტორთა საყურადღებოდ: ევროპაში ეკონომიკური ზრდა იმ ნემსს მოგვაგონებს, თივის ზვინში რომ ჩაიკარგა. წლების განმავლობაში ყველაზე მაღალი ზრდის მაგალითები კი ბალტიისპირეთში, ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში დაფიქსირდა, რომლებიც დღეს ევროზონის ბუნებრივ ნაწილს წარმოადგენენ ზრდის დაახლოებით სამპროცენტიანი მაჩვენებლით. უკეთესი შესაძლებლობების მაძიებელთათვის თუ დარჩა კიდევ რაიმე ვარიანტები? საქართველო?

რატომაც არა!

საქართველო მდებარეობს ევროპის განაპირა რეგიონში, რაც, დღევანდელობის გათვალისწინებით, საკმაოდ დადებითი ფაქტორია. საბჭოთა კავშირისგან გამოყოფის შემდეგ ზრდის საშუალო მაჩვენებელი შეადგენს ხუთ პროცენტს და თუკი მთავრობის მონაცემებს ვენდობით, თურქეთის მეზობლად შავიზღვისპირეთში მდებარე ეს ქვეყანა მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაშიც გააგრძელებს ამ ტემპით წინსვლას, მიუხედავად იმისა, თუ როგორ დამთავრდება შაბათს დაგეგმილი არჩევნები.

საქართველოს აქვს ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება. ევროკავშირში გატანილი პროდუქცია, რომლის მოცულობა ბოლო ოთხ წელიწადში 19 პროცენტით გაიზარდა, შეადგენს საქართველოს საერთაშორისო ვაჭრობის მესამედს.

ბიზნესის წარმოების 2016 წლის ანგარიშის თანახმად, საქართველო 24-ე ადგილზეა და უსწრებს ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა პოლონეთი, შვეიცარია, საფრანგეთი და ჰოლანდია.

რაც შეხება პოლიტიკას, საერთაშორისო გამჭვირვალობის კორუფციის ინდექსის მიხედვით, საქართველო, რომლის პოზიცია 2005 წლის შემდეგ 82 ადგილით გაუმჯობესდა 168 ქვეყანას შორის, დღეს 48-ე ადგილზეა, რაც  იმას ნიშნავს, რომ ქვეყანაში კორუფციის დონე უფრო დაბალია, ვიდრე იტალიაში და აღმოსავლეთ ევროპის ყველა ქვეყანაში (რომ არაფერი ვთქვათ მზარდი ეკონომიკის მქონე ოთხეულის – ბრაზილიის, რუსეთის, ინდოეთისა და ჩინეთის შესახებ).

„ჩვენ ვართ პატარა, მაგრამ კარგი ქვეყანა და უცხოური კომპანიები, რომლებთანაც მე მქონია ურთიერთობა, საკმაოდ ოპტიმისტურად უყურებენ მას“, – ამბობს გიორგი მიროტაძე [ვაშინგტონში (კოლუმბიის ოლქი) დაფუძნებული მიკროსაფინანსო კომპანია FINCA International-ის შვილობილი FINCA Bank-ის უფროსი ფინანსური მენეჯერი]. როგორც FINCA Bank-ის უფროსმა ფინანსურმა მენეჯერმა განაცხადა ჩემთან Skype-ის მეშვეობით ჩატარებულ ინტერვიუში, „უცხოური კომპანიები დიდი მხარდაჭერით სარგებლობენ და ზოგჯერ უკეთ დაცულებიც არიან, ვიდრე ადგილობრივი ბიზნესმენები. ბიზნესის წარმოების კუთხით, საქართველო ესტონეთის მსგავსია“. ბიზნესის წარმოების ინდექსში ესტონეთს მე-14 ადგილი უკავია გერმანიის შემდეგ „საქმიანობის დაწყებისას საერთაშორისო კომპანიებს არ უწევთ ბიუროკრატიული დაბრკოლებების გადალახვა“, – აცხადებს მიროტაძე.

საქართველო არის კორპორაციული ინვესტიციების და არა საინვესტიციო პორტფელის მაგალითი. მიუხედავად ამისა, ქვეყნის BB კატეგორიის საკრედიტო რეიტინგს 2021 წლისთვის დასაფარ ობლიგაციებზე მოაქვს დაახლოებით 6,87 პროცენტი სარგებელი. საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიხედვით, საგარეო ვალის შეფარდება მთლიან შიდა პროდუქტთან დაახლოებით 100 პროცენტს შეადგენს, ხოლო ამჟამინდელი დეფიციტი არის მთლიანი შიდა პროდუქტის 9 პროცენტი.

გასულ თვეში გიორგი კვირიკაშვილი, საქართველოს ახალი პრემიერ-მინისტრი, იყოფებოდა ნიუ-იორკში გაეროს გენერალურ ასამბლეაში მონაწილეობის მისაღებად. ის შეხვდა ესტონეთის ლიდერებს და მათთან ერთად განიხილა ამ ქვეყნის ელექტრონული მმართველობისა და ბიზნესისთვის ციფრული რეზიდენტის პროგრამა [რომლის მეშვეობითაც უცხოელებისთვის ხელმისაწვდომია ესტონეთში არსებული სხვადასხვა მომსახურება], რომლის ადაპტირებას საქართველო ცდილობს.

„დამოუკიდებლობის აღდგენიდან მოყოლებული აშშ არის ჩვენი ყველაზე მსხვილი ჯამური ინვესტორი“, – განაცხადა კვირიკაშვილმა, 1992 წელს რუსეთისგან დამოუკიდებლობის მოპოვების შემდგომ ქვეყნის ცხოვრებაზე საუბრისას.

„აპრილშიც ვიყავი ვიზიტით ნიუ-იორკში, სადაც შევხვდით ინსტიტუციურ ინვესტორებს, რომლებმაც უკვე დააბანდეს სახსრები საქართველოში, ასევე სხვადასხვა კომპანიის წარმომადგენლებს, რომლებიც უკვე ახორციელებენ ინვესტიციებს ან გეგმავენ ინვესტიციებს საქართველოს საფინანსო, ჯანდაცვის, უძრავი ქონების და წარმოების სექტორებში“, – დაამატა მან.

2013 წელს, მოსკოვის მიერ საკვები პროდუქტების დასავლელი ექსპორტიორების წინააღმდეგ საპასუხო სანქციების დაწესების შემდეგ, რუსეთმაც ხელახლა გაუღო კარი ქართულ ექსპორტს, ძირითადად სასოფლო-სამეურნეო პროდუქციას. საქართველო არ იყო ამ სანქციების სამიზნე. მას, როგორც მიმწოდებელს, რუსეთმა მიმართა მას შემდეგ, რაც მოსკოვმა მსგავსი სანქციები შემოიღო თურქეთის წინააღმდეგ, სირიაში რუსული საბრძოლო თვითმფრინავის ჩამოგდების გამო.

რუსეთი დღესაც პოლიტიკური თავის ტკივილია, თუმცა საქართველოს ლიდერები  მაინც თანახმა არიან რუსეთთან პირისპირ მოლაპარაკებებისთვის, მაშინ როცა უკრაინას, მაგალითად, სჭირდება ევროპელი შუამდგომლები. საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის შემდგომი გაღრმავება ადვილი არ იქნება, რადგან რუსეთი დღესაც აკონტროლებს ქვეყნის ორ სეპარატისტულ რეგიონს. „რუსეთი აგრძელებს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის უკანონო ოკუპაციას, – ამბობს კვირიკაშვილი, – და ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული სიტუაცია იქ დღითიდღე უარესდება“.

საქართველოს იმ ტერიტორიაზე, რომელიც არ არის ჩართული რუსეთთან პოლიტიკურ ბრძოლაში, შედარებით კარგი მდგომარეობაა.

უცხოური კომპანიებისთვის ქვეყანაში არ არსებობს სახელფასო თუ სოციალური გადასახადი, ხოლო კორპორაციული გადასახადის ტარიფია 15 პროცენტი, ანუ ამერიკაში არსებული ტარიფის ნახევარი. ბიზნესის ყველაზე დიდი პრობლემა აქ არის არა რუსეთის გამოხდომები სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის რეგიონებში, არამედ ადგილობრივი ბაზრის სიმცირით გამოწვეულ სირთულეებთან ბრძოლა. მაგალითად, კონექტიკუტთან შედარებით, საქართველოში  ნაკლები ადამიანი ცხოვრობს და კიდევ უფრო ნაკლები ფულია.

პოლიტიკას გვერდზე თუ გადავდებთ, აქ ფულის გაკეთება შესაძლებელია.

2016 წლის 8 თებერვალს ამერიკული და ქართული კომპანიების კონსორციუმმა გაიმარჯვა 2,5 მილიარდი დოლარის ღირებულების ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობისა და ოპერირების სატენდერო კონკურსში. შესაბამისი სამუშაოები მომდევნო თვეში დაიწყება. პორტის ექსპლუატაციის დაწყება დაგეგმილია 2020 წლისთვის. Conti International-მა (ნიუ-ჯერსის შტატი) და მისმა ადგილობრივმა პარტნიორმა TBC Holding-მა მოიპოვეს პორტის ოპერირების უფლება.

2014 წელს კომპანია Frontera Resources (ტეხასის შტატი) შემოვიდა საქართველოს ბუნებრივი აირის ბაზარზე.

ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ჩინური დეველოპერი Hualing Group აშენებს საცხოვრებელ და კომერციულ შენობებს თბილისის შემოგარენში. სახელმწიფო სააგენტო Invest in Georgia-ს თანახმად, Hualing Group-ი ერთ-ერთი უმსხვილესი ინვესტორია საქართველოში.

საქართველო: პატარა ქვეყანა, რომელმაც ეს შეძლო?

აი, მაგალითიც, რომლის პოვნა არც თუ ისე რთული აღმოჩნდა. ჯორჯ არისონი ხელმძღვანელობს Shift Technologies, სან-ფრანცისკოში დაფუძნებულ კომპანიას, ასე ვთქვათ, კომპანია Airbnb-ისა და ადგილობრივი ავტომობილების ბაზრობის ჰიბრიდს. მისი მომსახურება ხელმისაწვდომია სულ რამდენიმე ქალაქში. ადგილობრივი განცხადებების რუბრიკის ნაცვლად, მოქალაქეები სწორედ ამ კომპანიის მეშვეობით ყიდიან მეორად მანქანებს. 2013 წელს არისონმა საქართველოში გახსნა კვლევითი ოფისი. 2014 წლის აგვისტოში მისი შტატი, რომელიც აქამდე 15 ადამიანისგან შედგებოდა (ისინი ახორციელებდნენ პროდუქტის კვლევას და ვებგვერდის ტესტირებას), მნიშვნელოვნად გაიზარდა და ას თანამშრომელს გადააჭარბა, რომლებიც ბექოფისში მუშაობენ. ჯორჯი წარმოშობით ქართველია, მას აქვს გარკვეული კავშირები და მას განსაკუთრებული გრძნობები აკავშირებს საქართველოსთან. ის უკვე 20 წელზე მეტია ცხოვრებს ამერიკაში, თუმცა საქართველო ყოველთვის იყო ბექოფისის გახსნის ერთ-ერთი მთავარი კანდიდატი, რომელმაც აშკარად გაამართლა.

„მახსოვს, როგორ ჩავედი საქართველოში Shift-ის რეგისტრაციის გასაფორმებლად. შევავსე ერთი ფორმა, გადავიხადე 100 დოლარი და ერთ საათში უკვე კომპანიის მფლობელი ვიყავი“, – მითხრა მან სან-ფრანში განლაგებული ოფისიდან. „ფილიპინების იდეა მომწონდა. კოსტა-რიკაც მოვსინჯე, მაგრამ ქართველები უფრო მოქნილები არიან და ცვლილებებთან სწრაფი ადაპტაციის უნარიც აქვთ. ფილიპინელებიც კარგი ვარიანტი იყო, მაგრამ ისინი ითხოვდნენ პროცესზე უფრო დიდ ყურადღებას და სტაბილურობას, რისი საშუალებაც ჩვენ იმ დროს არ გვქონდა, რადგან ჯერ კიდევ ზრდის პროცესში ვიყავით. კოსტა-რიკის შემთხვევაში კი აქტივების ღირებულება ძალიან მაღალი იყო. ასე რომ, გაორმაგებული ძალებით ვიმუშავეთ საქართველოს ვარიანტზე“.

თუ ფართოდ შევხედავთ, საქართველო წარმოადგენს დაუკავებელ ნიშას ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკებით სავსე რეგიონში, რომლებსაც ბევრის შეთავაზება არ შეუძლიათ, გარდა ერთფეროვანი პროდუქციისა თუ მომსახურებისა, ან იმდენად კორუმპირებული არიან, რომ პოლიტიკური რისკების გამო ინვესტორები უბრალოდ გაურბიან მათ.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, შემოსავალი სულ მოსახლეზე, რომელიც 2010 წელს მხოლოდ 6 000 დოლარს შეადგენდა, 2018 წლისთვის გაიზრდება 12 000 დოლარამდე. მსოფლიო ბანკის თანახმად, ეს მონაცემები ბევრად უფრო დაბალია.

მართალია შემოსვლების მხრივ საქმე სწორი მიმართულებით მიდის, მაგრამ ქვეყანაში დაბალია მსყიდველობითი უნარის მქონე ადამიანების რიცხვი. ისეთი კომპანიები, როგორიცაა მაგალითა Shift-ი, არ წამოიწყებენ ბიზნესს საქართველოში. ბევრი კორპორაციისგან მსმენია, რომ ქართველები ბალტიისპირელებზე არანაკლებ კარგად ერკვევიან ტექნოლოგიებში და, ამავე დროს, მათი მომსახურება დაახლოებით 25 პროცენტით უფრო იაფია. ამერიკელებთან შედარებით კი, ის, სულ მცირე, 75 პროცენტით უფრო იაფია.

საქართველოს ექსპორტის სტრუქტურა შერეულია და საექსპორტოდ ყველაზე დიდი ოდენობით გადის სპილენძი, რკინისა და ფოლადის შენადნობები და მანქანები. დღესდღეობით რუსეთში გადის საქართველოს ექსპორტის 7 პროცენტი, ხოლო აშშ-ში 5 პროცენტი. საქართველოში არსებული გადასახადები დაახლოებით იგივეა, რაც სინგაპურში, ოდნავ უკეთესიც კი, რის წყალობითაც ქვეყანა შედის ყველაზე დაბალი გადასახადების მქონე ქვეყნების პირველ ათეულში, სადაც, როგორც წესი, მხოლოდ ნავთობის მწარმოებელ ქვეყნებს თუ წააწყდებით, მაგალითად, არაბთა გაერთიანებულ საემიროებს.

ივლისში სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, საქართველოში არსებული პრობლემები ისევე დიდია, როგორც შესაძლებლობები. ამ ანგარიშის ავტორები ენდრიუ კუჩინსის ხელმძღვანელობით იძლევიან გაფრთხილებას, რომ მთავრობამ უნდა განავითაროს მიღწეული წარმატება და მოძებნოს პრობლემების გადაჭრის ახალი გზები ისეთი გეოპოლიტიკური სირთულეების ფონზე, რომლებზეც საქართველოს თითქმის არავითარი გავლენა არ აქვს.

კვირიკაშვილმა ჩამოთვალა შესაძლებლობები: თავისუფალი ტურიზმის ზონები, სადაც ინვესტორებს უსასყიდლოდ გადაეცემათ მიწები და ისინი 15 წლით გათავისუფლდებიან ქონებისა და მოგების გადასახადებისგან. ასევე იქნება ტრადიციული სახელისუფლებლო სიახლეები: საჯარო-კერძო პარტნიორობა, დამწყები ბიზნესებისა და ფასიანი ქაღალდების მზარდი ბაზრის ინვესტორთა მხარდაჭერა, ახალი საპენსიო სისტემა და ადგილობრივი კაპიტალის ბაზრის განვითარება.

მაისში ცნობილი მზარეული და კულინარული ტურისტი ენტონი ბურდენი საქართველოში ჩამოვიდა იმ ქვეყნის პოპულარიზაციის მიზნით, რომლის დასახელების გაგონებაზეც ამერიკელთა უმრავლესობა, პირველ რიგში, ატლანტაზე ფიქრობს.

ჭაჭის ჭიქით ხელში, სადღეგრძელოებს შორის, ბურდენი არ უშვებდა შესაძლებლობას, რომ არ ეკბინა რუსებისთვის. მისმა ვერდიქტმა, რომელიც ზოგს ქება-დიდებადაც შეიძლება მოეჩვენოს, სულ მცირე, მოლოდინი გაამართლა: ქართული სამზარეულო დიდებულია. ქვეყანა მშვენიერია. ტურისტებს ვურჩევ ჩამოსვლას.

ნიუ-იორკში მცხოვრები ჩემი კოლეგის, ლევ ჯანაშვილის თქმით, ბურდენს ერთი რამ შეეშალა: „სულელი ყოფილა, ნაბახუსევის წვნიანი ხაში თუ ვერ დააფასა! ეს არ არის უბრალოდ კერძი… ეს ხომ მოვლენაა, რომელიც მთელი შენი არსებით უნდა განიცადო, ისევე, როგორც საქართველო“.

http://www.forbes.com

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები